მეხიკოს გარეუბანში მდებარე ლურჯი შენობა - La Casa Azul -  1904 წელს ფრიდა კალოს მამამ, გილიერმო კალომ ააშენა. ფრიდამ ამ სახლში პრაქტიკულად მთელი ცხოვრება გაატარა -  ეს შენობა იყო მისთვის სახლიც, სახელოსნოც და ხშირად საპყრობილეც, რადგან ხერხემალზე მიღებული ტრავმის გამო, მხატვარს ტკივილები ტანჯავდა და ხშირად ოთახის დატოვებაც კი არ შეეძლო. 


მიუხედავად იმისა, რომ სახლის მშენებლობისას ფრანგული სტილით ხელმძღვანელობდნენ, შენობის მკვეთრი ფერი, ბუნებრივი ქვის კედლები, ვიწრო ფანჯრები და ბევრი ოთახი, რაც დიდი ოჯახისა და რამდენიმე თაობის თანაცხოვრებას გულისხმობს, La Casa Azul-ს კლასიკური მექსიკური არქიტექტურის ნიმუშად აქცევს. ძალიან საინტერესოა ეზოც, სადაც ტროპიკული მცენარეებია გაშენებული, შენობის ინტერიერი, ექსტერიერის მსგავსად, ფერადია, რაც, ერთი მხრივ, გვიჩვენებს, ფრიდა კალოს სტილის  გავლენას სახლზე, მეორე მხრივ კი - სახლის გავლენას მხატვრის ხელწერაზე. 

La Casa Azul-ში შეხვდებით სრულიად ეკლექტურ, მრავალფეროვან ნივთებს, უძველეს, აცტეკური პერიოდის არტეფაქტებს, ეგზოტიკურ მცენარეებს, ძველმანების ბაზრობაზე მხატვრის მიერ შეძენილ მე-19 საუკუნის დეკორატიულ ნივთებსა და ფოტოებს, რომლებიც წარმოდგენას არა მხოლოდ ფრიდასა და დიეგო რივერას ურთიერთობაზე, არამედ მე-20 საუკუნის დასაწყისის შესახებაც ქმნის. მაგალითად, სახლ-მუზეუმში იპოვით ლევ ტროცკის პორტრეტს, რომელიც რუსეთიდან გაქცევის შემდეგ მექსიკაში იმალებოდა და გარკვეული პერიოდი კალოსა და რივერასთან ცხოვრობდა, ნობელის პრემიის ლაურეატი მწერლის, ოქტავიო პაზის ფოტოებსა და ჩანაწერებს. სახლ-მუზეუმში, რა თქმა უნდა, დაცულია როგორც ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ნამუშევრების დიდი კოლექცია, ამასთანავე ფრიდას დღიურები, ნახატების ესკიზები და პირადი ნივთები.

ავარიისა და ბავშვობაში გადატანილი პოლიომიელიტის გამო, ფრიდას სახლში ძალიან დიდი დროის გატარება უწევდა, ამიტომ შენობა მაქსიმალურად იყო მორგებული იმაზე, რომ მას ხატვა ნებისმიერ მდგომარეობაში შესძლებოდა, მაგალითად, საძინებლის ჭერზე სარკეა, რაც საწოლზე მიჯაჭვულ 18 წლის მხატვარს საშუალებას აძლევდა, რომ ავტოპორტრეტები დაეხატა. სახლმა განსაკუთრებული როლი ითამაშა ფრიდა კალოსა და დიეგო რივერას ურთიერთობაშიც - როდესაც ჯერ კიდევ დამწყებმა მხატვარმა, ფრიდამ, შემთხვევით შენიშნა უკვე ძალიან ცნობილი და წარმატებული დიეგო რივერა.  მხატვარს პრაქტიკულად აიძულა La Casa Azul-ში სტუმრებოდა და მისი ნამუშევრები შეეფასებინა. დიეგო მოიხიბლა როგორც გოგოს სიჯიუტითა და მოურიდებლობით, ასევე მისი შემოქმედებით და გაცნობის შემდეგ ხშირად სტუმრობდა კალოს ოჯახს.  

 


1929 წელს, როდესაც წყვილმა იქორწინა, ფრიდა დიეგოს სალხში გადავიდა, თუმცა 1939 წელს, განქორწინების შემდეგ, უკან - La Casa Azul-ში დაბრუნდა. ამ წლებში დეპრესიაში მყოფმა მხატვარმა სწორედ სახლში მოწყობილ სახელოსნოში ძალიან ბევრი ნახატი შექმნა, მათ შორის - “ორი ფრიდა” და “ავტოპორტრეტი ეკლის ხელსაბამითა და კოლიბრით”. დაშორების პერიოდში დახატული ნამუშევრების დიდი ნაწილი სახლშივე ინახება. 1940 წელს ფრიდა და დიეგო შერიგდნენ და ამჯერად უკვე ფრიდას სახლში დარჩნენ საცხოვრებლად, სადაც მხატვარმა სიცოცხლის ბოლომდე იცხოვრა და აქვე გარდაიცვალა 47 წლის ასაკში. 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Vogue, Admagazine