31 აგვისტოს 79-ედ გაიხსნა მსოფლიოში უძველესი ვენეციის კინოფესტივალი, რომელიც 1932 წლიდან სექტემბრის პირველ რიცხვებში ვენეციის ბიენალეს ფარგლებში ტარდება. ფესტივალს წელსაც კუნძულ ლიდოზე მდებარე ისტორიული შენობა - Palazzo del Cinema უმასპინძლებს.
ვენეციის კინოფესტივალი “დიდი ხუთეულის” ნაწილია, კანის, ბერლინის, სანდენსისა და ტორონტოს კინოფესტივალებთან ერთად და კინოსამყაროში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს. ფესტივალი გამარჯვებულებს ყოველწლიურად ოქროს ლომით აჯილდოებს.
79-ე ფესტივალი გაიხსნა ნოა ბაუმბახის საკონკურსო ფილმით - White Noise, სადაც მთავარ როლებს გრეტა გერვიგი და ადამ დრაივერი ასრულებენ, საერთაშორისო ჟიურის პრეზიდენტი კი მსახიობი ჯულიანა მური იქნება.
ვარსკვლავურია საკონკურსო ფილმების სექციაც, რომლის სიაშიც არიან რეჟისორები: დარენ არონოვსკი ფილმით - The Whale, ჯიანი ამელიო - Il Signore Delle Formiche, ნოა ბაუმბახი - White Noise, ლუკა გუადანინო - Bones and All და ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ ფილმით - Bardo, Falsa Cronica De Unas Cuantas Verdades. კონკურსის ფარგლებში შედგება მერლინ მონროს შესახებ გადაღებული სკანდალური ბიოგრაფიული ფილმის, Blonde-ის პრემიერაც, არასაკონკურსო სექციაში კი ვიხილავთ: ოლივია უაილდის Don’t Worry Darling-ს, კიმ კი-დუკის Call Of God-ს, პოლ შრედერის Master Gardener-ს. გარდა ამისა, ფესტივალზე უჩვენებენ სერგეი ლოზნიცას ახალ დოკუმენტურ ფილმს, ლუკრეცია მარტელის მოკლემეტრაჟიან ფილმებსა და ლარს ფონ ტრიერის სერიალს.
კინოფესტივალი 10 სექტემბერს Palazzo Del Cinema-ში დაიხურება, აქვე გამოავლენენ გამარჯვებულებს.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Venice International Film Festival, Deadline, Pitchfork
დაწერე კომენტარი