26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით პირველად საქართველოში გასტრონომიული ფესტივალი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც სტუმრებს ქართველი და უცხოელი აღიარებული შეფები უმასპინძლებენ.
Gastro Week-ის მიზანია სტუმრებისათვის დაუვიწყარი შთაბეჭდილების შექმნა, გასტრონომიული ინდუსტრიის წარმომადგენელთათვის კი - როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე - ახალი პერსპექტივებისა და კონტაქტების დამყარება და გამოცდილების გაცვლა.
საინტერესოა, რომ კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეწვევიან მიშლენის მიერ აღიარებული შეფები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ქართველ შეფებთან ერთად მოამზადებენ კერძებს. სტუმართა შორის არიან: ჟოაო ოლივეირა - პორტუგალია, მიშლენის 1 ვარსკვლავი, მაურიციო ზილო - ბრაზილია, მიშლენის 1 ვარსკვლავი, ჯანინა რუედა - ბრაზილია, სამხრეთ ამერიკის ყველაზე პოპულარული შეფი, მაკსუტ ასკარი - თურქეთი, Neolokal-ის დამფუძნებელი, ვოლოდიმირ იაროსლავსკი - უკრაინა, კიევური Chef’s Table-ის ბრენდშეფი, კრისტიან ბრასკ ტომსენი - დანია, გასტრონომიის ექსპერტი და ინდუსტრიის კომუნიკაციების გურუ. საქართველოდან კი Gastro Week-ზე ვიხილავთ: თეკუნა გაჩეჩილაძეს, ირაკლი ასათიანს, ლუკა ნაჭყებიას, ლევან კობიაშვილს, გურამ ბაღდოშვილს, მიშა ავსაჯანიშვილს, ქეთი ბაქრაძეს, გიორგი იოსავას, რამაზ გემიაშვილსა და თამთა კიკალეიშვილს.
მრავალფეროვანი იქნება გასტრო კვირეულის პროგრამაც, ქართველი და უცხოელი შეფები მოამზადებენ 4-6 კერძისგან შემდგარ ვახშმებს, თითოეული კერძისთვის სომელიე შეარჩევს ქართულ ღვინოს, 26 სექტემბერს, კვირეულის გახსნაზე, გაიმართება ექსკლუზიური კინოჩვენება, რომელიც მოგვითხრობს ისტორიებს როგორც ლეგენდარული კულინარიული მენიუებიდან, ასევე მიშლენის გიდის მნიშვნელობაზე გასტრონომიის ოქროს ხანაში. 30 სექტემბერს Tbilisi Gastro Week უკრაინის მხარდასაჭერი საქველმოქმედო ვახშმით გიმასპინძლებთ. საქველმოქმედო ვახშმის წამყვანი კიევის საკრებულოს დეპუტატი, გარემოსდაცვითი პოლიტიკის მუდმივი კომიტეტის მდივანი, ევგენია კულებაა. შემოსული თანხა გადაირიცხება უკრაინულ ფონდ “მისტო-სადში”. უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო ვახშამს უკრაინელი შეფი, ვოლოდიმირ იაროსლავსკი წარმოგვიდგენს. ასევე, კვირეულის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოფები ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანებისთვის.
დაწერე კომენტარი