21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით Factory Tbilisi გიორგი ჩაუშბას პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. გამოფენა გააერთიანებს არტისტის მიერ პანდემიის პერიოდში აბსტრაქტულ მოტივებზე შესრულებულ ნამუშევრებსა და შემთხვევით პორტრეტებს.
ჩაუშბას შემოქმედებაში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ვიბრირებადი ფერი, რომელსაც ინტენსიურად იყენებს როგორც არაფიგურატიული, ისე ფიგურატიული ნამუშევრების გამომსახველად. ფერი, როგორც ლირიკულ აბსტრაქციონიზმს ახასიათებს, წამყვან განწყობას, ესთეტიკურ ქარგას და კომპოზიციურ დინამიკას ქმნის. ინდივიდუალური და ფსიქოემოციური მიდგომა იკვეთება ჩაუშბას პორტრეტებში, სახეები თითქოს თანამედროვეა, თუმცა ამავდროულად, დროის მიღმა მდგომარეობის გამომხატველი.
გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში მხატვარი ფერის საშუალებით ერთგვარ თამაშს გვეთამაშება და სამყაროს შეცნობის გზას წარმოგვიდგენს - ეს შეიძლება იყოს უკიდურესად ზოგადი მოტივი, გეომეტრიულობამდე დაყვანილი ფერადოვნება, გარკვეული რომანტიზებული ლანდშაფტი ან სულაც ნატურმოტის ფრაგმენტი. ნატიფი მოძრაობა ფიგურატიულ და აბსტრაქტულ სამყაროებს შორის ჩაუშბას შემოქმედებას ერთგვარ მოგზაურობად აქცევს, რომელში მონაწილეობა დამთვალიერებლებისთვისაც შესაძლებელი ხდება.
გამოფენის კურატორია მაცაცო ჭინჭარაული. ნამუშევრების დათვალიერება შესაძლებელი იქნება 21 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით.
დაწერე კომენტარი