2 სექტემბერს  გალერეა Dissolution-ში მაკო ლომაძისა და ნინო ელიაშვილის ჯგუფური გამოფენა -   “ადამიანების ბუნება” გაიხსნა. ექსპოზიცია წარმოადგენს ორ ახალგაზრდა ხელოვანს და დამთვალიერებელს უზიარებს მათ ხედვას თანამედროვე სამყაროზე. 


მაკო ლომაძე თანამედროვე ქართველი მხატვარია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სახვითი ხელოვნების ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხით. რეგულარულად მონაწილეობს ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამოფენებსა და რეზიდენციებში. ამჟამად მუშაობს თავის სტუდიაში, თბილისში. მისი ნამუშევრები ინახება კოზენცას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში და კერძო კოლექციებში - ევროპაში, კანადასა და ამერიკაში. ის ტრადიციულ მედიუმში მუშაობს და ძირითადად ზეთის საღებავს იყენებს. მისი შემოქმედება შინაგანი დიალოგის ერთგვარი გამოხატულება - ქვეცნობიერში არსებული კრიტიკული საკითხების, ოცნებებისა და, ზოგადად, სამყაროსადმი დამოკიდებულების წარმოჩენაა. მისი ნამუშევრები გაჟღენთილია სიმბოლიზმით. არტისტი ერთი შეხედვით მარტივი, ესთეტიკური გამოსახულებებით გადმოსცემს სათქმელს, თუმცა ამ დროს მაკოს შემოქმედება გვიჩვენებს მის კომპლექსურ მიდგომას სხვადასხვა საკითხისადმი, ხშირად ნახატები სიზმარს მოგვაგონებს, სიღრმით, ემოციურობითა და რთულად აღსაწერი სიუჟეტებით.


ნინო ელიაშვილი ქართველი მხატვარი და გრაფიკული დიზაინერია. იგი ცნობილია მრავალფეროვანი ხატვის ტექნიკით და სტილით. ნინო სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, აქვს ბაკალავრის ხარისხი მოდის დიზაინში და მაგისტრის ხარისხი სახვითი ხელოვნებაში. ერთ-ერთ ინტერვიუში ნინო აღნიშნავს, რომ მისი ნამუშევრები შთაგონებულია სულიერი მდგომარეობის, ფერების, სექსუალური იდენტობების, დათრგუნული ემოციებისა და სილამაზის აღბეჭდვის სურვილით. ელიაშვილს არაერთ გამოფენაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ძირითადად საქართველოსა და გერმანიაში. მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში. 

გამოფენის კურატორი გვანცა ცხოვრებაშვილია. ექსპოზიცია 2 სექტემბერს გაიხსნა და 16 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.