თანამედროვე ხელოვნების, ლენდ-არტისა სკულპტურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი მაიკლ ჰეიზერი 1970 წლიდან მუშაობს თავის ყველაზე მასშტაბურ და ამბიციურ პროექტზე, გიგანტურ ინსტალაციაზე, რომელიც ნევადის შტატში, უდაბნოში მდებარეობს. მისი პრეზენტაცია 2 სექტემბერს შედგა. 

50-წლიანი მუშაობის შემდეგ არტისტმა შექმნა “ქალაქი” უდაბნოში, რომელიც ბეტონით, მიწითა და ქვითაა აგებული, ის ბორცვებისა და ჩაღრმავებებისაგან შედგება. კოლოსალური ზომა და ბრუტალური ფორმები ინსტალაციას უძველესი ხელოვნების ნიმუშს ამსგავსებს. მან შეიძლება მოგაგონოთ სტოუნჰენჯი, მაჩუ-პიქჩუ, ან გიზისა თუ ნასკას პირამიდები. უდაბნოს, სადაც City მდებარეობს, 2015 წლიდან ეროვნული ნაკრძალისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს, რაც ინსტალაციას დამატებით მნიშვნელობასა და კონტექსტს სძენს. 

 

თავდაპირველად ინსტალაციის მშენებლობა თვითონ არტისტმა დამოუკიდებლად დაიწყო, თუმცა წლების განმავლობაში პროექტის სპონსორები გახდნენ სხვადასხვა ორგანიზაციები თუ ხელოვნების მოყვარულები. City-ს მშენებლობისას გამოყენებულია მხოლოდ ბუნებრივი მეთოდით, მინიმალური ჩარევით მოპოვებული მასალები, რომლებიც ნევადის ბუნებასა მიაგებენ პატივს. ინსტალაცია თავდაპირველად არტისტის მიერ სიერაში აშენებული ნამუშევრის გაგრძელებად იყო ჩაფიქრებული, თუმცა მასშტაბისა და მშენებლობის ხანგრძლივობის გამო City დამოუკიდებელ პროექტად იქცა.  


2 სექტემბრიდან ინსტალაცია ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა, თუმცა მისი დათვალიერება მხოლოდ წინასწარი ჩაწერით, შესაბამის მეტეოროლოგიურ პირობებში იქნება შესაძლებელი. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Designboom, Ben Blackwell, Mary Converse, The New Yorker