არქიტექტურულ ნაგებობებში ვიტრაჟების გამოყენება ჯერ კიდევ მე-7 საუკუნეში იღებს სათავეს. ამ პერიოდიდან იწყება ეკლესიებისა და სასახლეების ფერადი, მოხატული მინით გაფორმება. დროთა განმავლობაში ვიტრაჟები დაიხვეწა, მინაზე შესრულებული ნახატები კი უფრო მრავალფეროვანი და რთული გახდა. დღეს, პირველი ვიტრაჟის შექმნიდან მრავალი საუკუნის შემდეგ, ხელოვნების ეს მიმდინარეობა კვლავ არ კარგავს აქტულურობას, თუმცა, განსხვავებით ადრეული ნამუშევრებისგან, თანამედროვე ვიტრაჟი ხშირად მინიმალისტურია და მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფერის შეხამებით იქმნება. გთავაზობთ თანამედროვე არქიტექტურის ნიმუშებს, რომლებიც ფერადი მინითაა გაფორმებული.
საბავშვო ბაღი Kaleidoscope
ჩინეთის ქალაქ ტიანშუიში მდებარე სამსართულიანი საბავშვო ბაღის შენობაზე ჩინურმა არქიტექტურულმა კომპანია SAKO Architects-მა იმუშავა. შენობა გაფორმებულია 483 ფერადი მინით, რომლებიც გამოყენებულია როგორც ფანჯრებში, ასევე შუშის კარებსა და კიბის სახელურებზე. შენობის კედლები, ჭერი და იატაკი თეთრია, რაც დღის სხვადასხვა მონაკვეთში, დერეფნებისა და ოთახების სხვადასხვაფრად განათებას განაპირობებს.
შანხაის მინის მუზეუმის დიზაინის განყოფილება
შანხაიში, ინდუსტრიული სტილის ნაგებობაში მდებარე მინის მუზეუმს 2016 წელს ახალი ფლიგელი დაემატა, სადაც დიზაინის განყოფილება განთავსდა, პროექტზე მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა არქიტექტურულმა კომპანია Coordination Asia-მ იმუშავა. ორსართულიანი ფლიგელი მთავარ შენობას ფერადი შუშისგან შექმნილი ხიდით უკავშირდება. მინიმალისტური ნაგებობა და ფერადი ხიდი ინდუსტრიულ შენობას ახლებურ ვიზუალსა და სიმსუბუქეს სძენს.
Queen’s University-ის კომპიუტერული მეცნიერებების კორპუსი
ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტის კორპუსის დიზაინზე Kennedy FitzGerald Architects-მა იმუშავა. ამ შემთხვევაში ფერადი მინა შენობის მთელ ფასადს ქმნის, საინტერესოა, რომ კომპიუტერული მეცნიერებების კორპუსი 1970-იან წლებშია აგებული და რენოვაციის შემდეგ შენარჩუნდა შენობის კარკასი, ფასადი კი ფერადი შუშით ჩანაცვლდა.
2H House
ვიეტნამში მდებარე კერძო სახლის დიზაინზე სტუდია Truog An-მა იმუშავა. სახლის პროექტი შეიქმნა ოჯახისთვის, სადაც ორი მცირეწლოვანი ბავშვი ჰყავთ. არქიტექტორებმა, ერთი მხრივ, გაითვალისწინეს გარემო და ნაგებობა სრულად შეუხამეს მას, მეორე მხრივ კი - არც ოჯახის მოთხოვნები და საჭიროებები გამორჩენიათ. შენობას გამორჩეულს ხდის ფასადსა და სახურავზე ჩართული შუშის ფერადი ფილები.
Mist hot spring hotel
შიუჩანგში, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ბალნეოლოგიურ კურორტზე მდებარე სასტუმრო Mist-ის ფასადს ფერადი მინა ქმნის. პროექტი არქიტექტურულ კომპანია Department of Architecture-ს ეკუთვნის, სასტუმროს დიზაინის უმნიშვნელოვანეს ნაწილს არსებული გარემო წარმოადგენს, შენობა ბუნებრივი თერმული წყლის პირას მდებარეობს, ცივ ამინდში კი მუდმივი ცხელი წყლის გამო ნისლში ეხვევა და შორიდან ჰაერში მოლივლივე მანათობელ მინის კუბებს ემსგავსება.
Solar S. Roque Gallery
პორტუგალიაში მდებარე კონცეპტუალური საგამოფენო სივრცე მეთექვსმეტე საუკუნის, დაზიანებული შენობის ახალ ნაწილს წარმოადგენს. Solar S. Roque Gallery ერთდროულად სტუდენტური საცხოვრებელი, სოციალური სივრცე და საგამოფენო დარბაზია, სწორედ ამიტომ, შენობის ინტერიერში გამოყენებულია ფერადი მინის პანელები, რისი საშუალებითაც ერთმანეთისგან იყოფა როგორც შენობის განსხვავებული, ასევე უშუალოდ მისი ახალი და ძველი ნაწილები.
Esquire-ის ოფისი
ამერიკული ჟურნალის ინდური გამომცემლობის ოფისი ნიუ დელიში მდებარეობს. ოფისის დიზაინზე Studio Bipolar-მა იმუშავა. სტუდიის მიზანი იყო შეექმნა მაქსიმალურად კომფორტული სამუშაო სივრცე, ამიტომ ოფისის კედლები ფერადი მინით ჩაანაცვლა, რაც, ერთი მხრივ, საერთო სივრცის განცდას ქმნის, მეორე მხრივ კი - ერთმანეთისგან გამოყოფს სხვადასხვა დეპარტამენტს.
ავტორი: ლიზა ალფაიზე
ფოტო: Archdaily
დაწერე კომენტარი