წელს, 24-29 სექტემბერს ქუთაისში მეორედ ჩატარდება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი და საქართველოს უძველესი ქალაქი კიდევ ერთხელ გადაიქცევა ქვეყნის კულტურულ ცენტრად. ფესტივალის ფარგლებში - როგორც საკონკურსო, ასევე არასაკონკურსო სექციაში - ძალიან საინტერესო ქართული თუ უცხოური მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვა იქნება შესაძლებელი. გთავაზობთ 10 საკონკურსო ფილმს, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე აუცილებლად უნდა ნახოთ. 

 

გუშაგები - სანდრო სულაძე, საქართველო

 

“გუშაგები” ერთგვარი ზღაპარია ორი მცირეწლოვანი ძმის, მათი მამისა და საყვარელი თხის შესახებ. ფილმი გვახსენებს, თუ როგორია ბავშვობა, როდესაც ჭინკა და მისგან დამცავი ამულეტი რეალური გვგონია, სახლიდან მოშორებით წასვლა ნამდვილი თავგადასავალია, ღამე კი აუცილებლად საფრთხეს მოასწავებს. რეჟისორი სიმბოლოებისა და მინიშნებების გამოყენებით გვიამბობს მომენტზე, როდესაც ბავშვი იზრდება და წარმოსახვითი სამყარო ქრება. 

 

 

პაპანაქება - თორნიკე გოგრიჭიანი, საქართველო

 

ტრაგიკომიკური ფილმი ორი დისა და ორი ძმის გარშემო ვითარდება, რომელთა დედასაც რამდენიმე საათის სიცოცხლე დარჩენია. ოჯახის წევრები ცდილობენ, რომ საქმეები ქალის გარდაცვალებამდე მოაგვარონ, დაძაბულობისა და მტანჯველი მოლოდინის გამო კი კომიკური და კონფლიქტური სიტუაციები იქმნება. 

 

 

სამზადისი - ილია ასიტაშვილი, საქართველო 

 

შვილის მე-15 დაბადების დღეზე მამა აცნობიერებს, რომ ბავშვის აღარ ესმის, მისი ყოველი მცდელობა, რომ შვილს დაუახლოვდეს, კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას. ყველაფერი კი რამდენიმე წუთის განმავლობაში ხდება, სანამ ოჯახი ტრადიციულ ფოტოს იღებს. 

 

 

მიცვალებულები გაგვიგებენ - მარიტა თევზაძე, ანა ჯეგნარაძე, საქართველო 

 

მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გვიყვება პატარა სოფლის ცხოვრებას პანდემიით გამოწვეული კარანტინის დროს. ვაკვირდებით ადამიანებს, რომლებიც წარსულის გახსენებას იწყებენ, მათ თანაცხოვრებას ბუნებასთან და დილემას, რომლის წინაშეც სოფელს მოახლოებული აღდგომის დღესასწაული აყენებს. 

 

 

ჭიათურა - ტობი ანდრისი, საფრანგეთი 

 

ჭიათურელი ქალის ისტორია, რომელიც მაღაროში ქმრის გარდაცვალების შემდეგ მთელ ქალაქს ბრძოლას უცხადებს.

 

 

ვუნდერკინდი - ქსავიე დისკევი, ბელგია

 

ისტორია ახალგაზრდა პიანისტის, ფელიქსის გარშემო ვითარდება, რომელიც ვუნდერკინდადაა მიჩნეული, ბიჭი შეჯიბრის საღამოს თავისი ბიძაშვილების, საფეხბურთო აგენტების ორგანიზებულ სქემაში ეხვევა. 

 

A Firecracker Story - ჟიჟი ჰაო, ჩინეთი

ჩინური ახალი წელი ახლოვდება, თუმცა ჩინეთში ფეიერვერკი აკრძალეს, 8 წლის ბიჭისთვის სადმე გადამალული მაშხალის პოვნა პირად მისიად იქცევა. ფილმი რეალურ მოტივებზეა - 2016 წელს შანხაისა და რამდენიმე დიდ ქალაქში ფეიერვერკის გამოყენება აიკრძალა, რაც, ერთი მხრივ, ეკოლოგიურად სწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მეორე მხრივ, ხალხს უჭირს ახალ წესებთან ადაპტაცია. რეალურად სწორედ ამიტომ ეძებს პატარა ბიჭი ფეირვერკს, მას სურს, რომ დღესასწაული ჩვეულებისამებრ გაატაროს. 

 

Eyes Open - ვიაჩესლავ ბიჰუნ, უკრაინა

დოკუმენტური ფილმი კურდღლების ფერმაზე გვიყვება, ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაღებული კადრები გვიჩვენებს, თუ რამდენადაა მათი ცხოვრება ადამიანებზე დამოკიდებული და რამდენად სევდიანია მათი ცხოვრება ტყვეობაში. 

 

Nobody owns me - ანუკ მეისნე, საფრანგეთი

კიდევ ერთი დოკუმენტური ფილმი ინტერვიუების საშუალებით გვაცნობს ირენს, უსახლკარო ქალს, რომელიც გვიყვება იმ მიზეზებზე, თუ რატომ აღმოჩნდა ქუჩაში, როგორ იპოვა ადამიანების ჯგუფი, რომლებთან ერთადაც ცხოვრობს, წიგნზე, რომელსაც წერს და მარტიზე, მის ცხოვრების სიყვარულზე, კაცზე, რომლის გაცნობამაც ირენს ცხოვრების მიზანი დაუბრუნა. 

 

 

The Polacks - კარლოს ბარბა სალვა, კუბა 

 

“The Polacks” თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ Road Movie-ს. თანამედროვე ჰავანაში დედა-შვილი პოლონური მანქანით მოგზაურობს. მგზავრობისას ჩვენ თვალწინ იშლება როგორც მათი ოჯახის, ასევე კუბის პრობლემები. 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე