წლევანდელი ზაფხული კინემატოგრაფიულად საკმაოდ პასიური აღმოჩნდა -  სამი თვის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე ფილმი გამოვიდა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ, თუმცა დატვირთული შემოდგომა უნდა იყოს, რადგან მომავალ თვეებში 30-მდე ფილმი გამოდის, მათ შორის ისეთებიც, რომლებსაც მაყურებლები დაანონსების დღიდან ელიან.  

 

 

Blonde 

სექტემბერში გამოვა მერლინ მონროს შესახებ დაწერილი მოთხრობის კინოადაპტაცია, სადაც მთავარ როლს ბონდის გოგონა, ანა დე არმასი ასრულებს. ტრეილერის გამოსვლის შემდეგ ფილმის გარშემო სკანდალია ატეხილი, რადგან მას NC-17 რეიტინგი მიენიჭა, რაც 17 წლამდე ბავშვებისთვის აკრძალვას გულისხმობს. კინოკრიტიკოსები და კინოს მოყვარულები ეჭვობენ, რომ ფილმში მთავარი პერსონაჟი და მისი გაუპატიურების სცენა არაბუნებრივად სექსუალიზებული იქნება. 

 

 

Don’t Worry Darling

სექტემბერში უნდა ველოდეთ ოლივია უაილდის მეორე ფილმს, Don’t Worry Darling-საც, სადაც მთავარ როლებს ფლორენს პიუ და ჰარი სტაილსი ასრულებენ. ფილმი ფსიქოლოგიური დრამაა, სამეცნიერო ფანტასტიკის ელემენტებით, მოქმედება 60-იან წლებში ხდება. Don’t Worry Darling-ს ვარსკვლავური სამსახიობო ანსამბლი ჰყავს. ფილმში როლებს ასრულებენ: კრის პაინი, ჯემა ჩანი, კიკი ლეინი და თვითონ რეჟისორი - ოლივია უაილდი. 

 

 

TÁR

ტოდ ფილდის სარეჟისორო დებიუტი 2001 წელს შედგა. მან მეორე ფილმი 2006-ში გადაიღო, თუმცა ამის შემდეგ, 10 წელზე მეტხანს, ის, როგორც რეჟისორი ეკრანებს აღარ დაჰბრუნებია. ამიტომ განსაკუთრებული მოლოდინია მისი მესამე ფილმის, TÁR-ის მიმართ, ინტერესს ამძაფრებს ისიც, რომ მთავარ როლს ქეით ბლანშეტი ასრულებს, სიუჟეტი კი ცნობილი კომპოზიტორისა და დირიჟორის გარშემო ვითარდება. 

 

 

Decision to Leave

ფართო აუდიტორიამ პარკ ჩენ-ვუკი 2016 წელს The Handmaiden-ით გაიცნო - ახალი ფილმი ჰიჩკოკისეული რომანტიკული ტრილერია პოლიციელის შესახებ, რომელსაც მკვლელობის გამოძიებისას გარდაცვლილის ცოლი უყვარდება, საიდუმლოებით მოცული ქალი, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილია. 

 

 

My Policeman

My Policeman კიდევ ერთი ფილმია, სადაც მთავარ როლს ჰარი სტაილსი შეასრულებს. მოქმედება 50-იან და 90-იან წლებს შორის მიმდინარეობს. ჰარი სტაილსის პერსონაჟი გეი პოლიციელია, რომლის ორიენტაციაც, რა თქმა უნდა, არავინ იცის. 

 

 

The Banshees of Inisherin

ბოლოს, როდესაც მარტინ მაკდონაჰმა, კოლინ ფარელმა და ბრენდან გლისონმა ერთად იმუშავეს, საკულტო ფილმი - In Bruges გადაიღეს, რაც სამივე მათგანისთვის კარიერულ ტრამპლინად იქცა, მაშინ მაკდონაჰი დამწყები სცენარისტი იყო, კოლინ ფარელი წარუმატებელი ვარსკვლავი, რომელსაც მხოლოდ სათავგადასავლო ფილმებში იღებდნენ, თუმცა In Bruges-ის შემდეგ ფარელი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მსახიობად იქცა, მაკდონაჰმა კი გასული წლების ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი - Three Billboards Outside Ebbing, Missouri გადაიღო, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, თუ რას მოიტანს სამეულის კიდევ ერთი თანამშრომლობა. 

 

 

Amsterdam

დევიდ ო. რასელს უკვე შვიდი წელია, Silver Linings Playbook-ის შემდეგ, ფილმი აღარ გადაუღია, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა მისი ახალი ნამუშევარი, სადაც მოქმედება 1930-იან წლებში ექიმის, ექთნისა და ადვოკატის გარშემო ვითარდება, რომლებსაც მკვლელობაში ადანაშაულებენ. ფილმს გამოარჩევს თვალისმომჭრელი სამსახიობო ანსამბლი. მთავარ როლებს მარგო რობი, კრისტიან ბეილი და ჯონ დევიდ უოშინგტონი ასრულებენ; გარდა ამისა, ფილმში ვიხილავთ: რობერტ დე ნიროს, რამი მალეკს, მაიკ მაირესს, ტიმოთი ოლიფანტს, კრის როკს, ზოე სალდანას, ტეილორ სვიფტსა და ანია ტეილორ-ჯოის. 

 

 

Black Panther: Wakanda Forever 

Black Panther-ის მეორე ნაწილს განსაკუთრებით ელიან მარველის ფანები, რადგან ძალიან საინტერესოა, თუ როგორ მიუდგება ფილმი მთავარი როლის შემსრულებელის, ჩედვიკ ბოსმანის გარდაცვალებას. გარდა ამისა, მაყურებელს კიდევ ერთხელ ექნება საშუალება ვაკანდას სამყაროში დაბრუნდეს. 

 

 

The Fabelmans


The Fabelmans სტივენ სპილბერგის ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმია არიზონელ თინეიჯერ სემზე, რომელიც ერთდროულად აღმოაჩენს ოჯახის საიდუმლოსა და კინემატოგრაფის ძალას. 

 

 

White Noise

White Noise-ში რეჟისორი ნოა ბაუმბახი კიდევ ერთხელ თანამშრომლობს გრეტა გერვიგთან და ადამ დრაივერთან. აპოკალიპსური შავი კომედია კოლეჯის პროფესორის გარშემო ვითარდება, რომელსაც ოჯახთან ერთად ევაკუაცია უწევს. მაყურებელი ტრადიციულად ელის ბაუმბახისთვის დამახასიათებელ ხანგრძლივ, აბსურდულ დიალოგებსა და პერსონაჟებს, ნიჰილისტური მისწრაფებებით. 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Indiewire, Pitchfork, Variety