წლების წინ, როდესაც Brokeback Mountain მხოლოდ იდეის სახით არსებობდა, მისი გადაღება პედრო ალმოდოვარს შესთავაზეს, თუმცა ჰოლივუდისთვის ესპანელი რეჟისორის ხედვა და ძალიან რეალისტური სექსის სცენები მიუღებელი აღმოჩნდა და თანამშრომლობა ჩაიშალა. თუმცა ალმოდოვარს არ დაუკარგავს ქვიარ ვესტერნის გადაღების სურვილი და ახლახან დაიწყო მუშაობა ფილმზე - Strange Way of Life, რომელიც გეი კოვბოების ისტორიას მოგვიყვება, მთავარ როლებს კი პედრო პასკალი, მანუ რიოსი და ითან ჰოუკი შეასრულებენ.

ფილმის პროდიუსერი და კოსტიუმების დიზაინერი Saint Laurent-ის კრეატიული დირექტორი - ენტონი ვაკარელო იქნება. Strange Way of Life ალმოდოვარის მეორე ინგლისურენოვანი ნამუშევარია. ფილმის გადაღება ესპანეთში, ალმერიაში მდებარე ქალაქში მიმდინარეობს, რომელიც სერჯო ლეონემ The Good, the Bad and the Ugly-ის გადასაღებად ააგო. როგორც რეჟისორი აღნიშნავს, ფილმი არ იქნება ძველი ვესტერნების მსგავსი, თუმცა როგორი იქნება საბოლოო შედეგი, ჯერჯერობით მისთვისაც უცნობია. 

როგორც ცნობილია, 30-წუთიან ფილმში გავეცნობით პედრო პასკალისა და ითან ჰოუკის გმირებს, რომლებიც წარსულს იხსენებენ. ფილმის სახელი შთაგონებულია ამალია როდრიგესის ფადუთი, რომელიც ძველი, დაკარგული სიყვარულის ისტორიას გვიყვება.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე