1-ელ ოქტომბერს იტალიაში, პისტოიაში მდებარე გალერეა SpazioA-ში ანდრო ერაძის პერსონალური გამოფენა გაიმართება. ამ გამოფენაში ანდრო ერაძე აერთიანებს ფოტოგრაფიას, მოძრავ სურათებსა და ინსტალაციას. ადამიანისა და ბუნების კონფლიქტი ექსპოზიციის ერთგვარი ლაიტმოტივია, რომელიც მეტალის კონსტრუქციებითა და ღობით გადმოიცემა, ღობით, როგორც თავდაცვის მექანიზმით, რომელიც ადამიანებმა ბუნებისგან განსაცალკევებლად შექმნეს.
ფოტოგრაფია ანდრო ერაძის შემოქმედების წარდგენის ძირითადი მედიუმია, სწორედ ამიტომ ფოტოები და ვიდეოგამოსახულებები მთელ საგამოფენო დარბაზში გვხვდება და გადმოსცემს ადამიანის კოლონიალისტურ მისწრაფებას და გარემოს კერძო საკუთრებად ქცევის სურვილს.
ანდრო ერაძე ქართველი მულტიმედია არტისტია, მის შემოქმედებაში ძირითადი მედიუმები ფოტოგრაფია და კინემატოგრაფიაა. სწორედ ამიტომ, ინსტალაციებში ყველაზე ხშირად მათ იყენებს. მისი ნამუშევრები გამოფენილა როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის საზღვრებს გარეთ.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: ანდრო ერაძე - Mouth of Darkness, 2020
დაწერე კომენტარი