ნინო ნოზაძე ინტერიერის დიზაინერია, მუშაობს როგორც სახლებისა და ბინების, ასევე კომერციული სივრცეების - კაფეების, სასტუმროების დიზაინზე. მის შემოქმედებას გამოარჩევს გაშლილი სივრცე, ნათელი ფერები,  სხვადასხვა სტილის სინთეზი. გარდა ამისა, 2012 წელს მან მეგობრებთან ერთად დაარსა თბილისის ერთ-ერთი პირველი კონცეპტუალური კაფე და ვინტაჟური მაღაზია - "ო, მოდა, მოდა", რომლის დიზაინზეც თავად იმუშავა. ნინო შემოქმედებით გზასა და  სამომავლო გეგმებზე გვესაუბრა.

 

 

როდის დაინტერესდით ინტერიერის დიზაინით, როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში? 

 

ინტერიერის დიზაინით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული, ვიზრდებოდი შემოქმედებით გარემოში - დედა და ბებია მხატვრები, მამა და ბაბუა კი არქიტექტორები იყვნენ. საცხოვრებელს ხშირად ვიცვლიდით, ახალი სახლის მოწყობასა და რემონტში მეც ბავშვობიდან ჩართული ვიყავი. ინტერიერის დიზაინი - როგორც პროფესია - ცოტა მოგვიანებით ავირჩიე, რადგან ჩემი აბიტურიენტობა 90-იან წლებს დაემთხვა. ამ დროს სამხატვრო აკადემიაში არაფერი ხდებოდა და მეც საერთაშორისო ურთიერთობებზე ჩავაბარე. ჩემს ინტერესის სფეროს კი რამდენიმე წლის შემდეგ ნელ-ნელა დავუბრუნდი. თავდაპირველად მეგობრებთან ერთად სხვადასხვა პროექტში ვიყავი ჩართული. 2008 წელს დისტანციური კურსი შევარჩიე ლონდონის ერთ-ერთ სკოლაში და ინტერიერის დიზაინის შესწავლა დავიწყე, შემდეგ წელს კი უკვე ნიუ-იორკში წავედი და Parsons School of Design-ში გავიარე ორწლიანი კურსი - Interior Design and Architectural Studies, შემდეგ სტაჟირება გავიარე კომპანიაში - MR Architecture and Decor. თბილისში დაბრუნებისთანავე კი მუშაობა დავიწყე. 


გაიხსენეთ თქვენი პირველი პროექტი...

 

პირველი პროექტი ჩემი მეგობრის, ნათია ბუკიას სახლი იყო, რომელმაც დიზაინი მე მომანდო ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც  სწავლის პროცესში ვიყავი. 


“ო, მოდა, მოდას” შესახებაც მოგვიყევით, როგორ გაჩნდა ეს იდეა?

 

“ო, მოდა, მოდას” იდეა ჯერ კიდევ მაშინ დაიბადა, როდესაც ნიუ-იორკში ვიყავი, მე და ჩემს მეგობარს, ქეთა საკანდელიძეს სულ გვინდოდა კაფეს გაკეთება, მეორე მეგობართან, თიკო კვინიკაძესთან ერთად კი ვინტაჟური ტანსაცმლის მაღაზიის იდეას განვიხილავდით, საბოლოოდ სამივე გავერთიანდით და სივრცის ძებნა დავიწყეთ, რომელიც გვინდოდა, რომ კონცეპტუალური ყოფილიყო, რადგან თვითონ კაფე და მაღაზიაც არ იყო ორდინალური. ჯერ ისევ ნიუ-იორკში ვიყავი, როდესაც გოგონებმა არაჩვეულებრივი ფართი იპოვეს, ძველი ბინა, თავისი ეზოთი, მაშინვე დავიწყეთ დაგეგმვა და მოფიქრება. ყველაფერი, რაც იმ დროისთვის გამოარჩევდა ჩვენს კაფეს, მენიუ თუ კომუნალური მაგიდა, ასევე მაღაზია -  ჩვენი მოგზაურობებით, გემოვნებითა და შეხედულებებით იყო შთაგონებული, ასე შეიქმნა “ო, მოდა მოდა”.


მუშაობთ როგორც სახლებზე, ასევე სხვადასხვა ტიპის კომერციულ სივრცეებზე, ძირითადად რით განსხვავდება მათი დიზაინის შექმნის პროცესი? 

 

ჩემი აზრით, კომერციულ სივრცეზე მუშაობისას უფრო თავისუფალი ხარ შემოქმედებითი თვალსაზრისით, სახლზე მუშაობისას ძალიან ბევრი დეტალის გათვალისწინება გიწევს - მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ადამიანების გემოვნება, ბიუჯეტი, ცხოვრების სტილი, საყვარელი ფერები, ერთმანეთთან ურთიერთობაც კი. სახლის ინტერიერზე მუშაობისას უფრო ღრმად გვიწვევს იქ მცხოვრები ოჯახის შინაურ საკითხებში გარკვევა. რა თქმა უნდა, კაფესა თუ სასტუმროს დიზაინშიც ითვალისწინებ რაღაც დეტალებს, თუმცა კრეატიული თავისუფლება მეტია. 


დიზაინზე მუშაობისას რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, ნივთების ესთეტიკური  თუ ფუნქციური მხარე? 

 

ჩემი აზრით, თანაბრად მნიშვნელოვანია ორივე. 


გაქვთ რაიმე დამახასიათებელი შტრიხი, რომელიც ხშირად მეორდება თქვენს დიზაინში? 

 

ინტერიერში გარდა დეკორისა, ყველაზე საინტერესო და სასიამოვნო პროცესი ჩემთვის სივრცის დაგეგმარებაა. სიმეტრიას აქვს  დიდი მნიშვნელობა, განათებას, ფერებს. გარდა ამისა, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ დეტალებს. უმნიშვნელო დეტალს და მის ხარისხს სკრუპულოზურობით ვეპყრობი. ამას შტრიხს ვერ დავარქმევდი - ეს ყველაფერი განსაზღვრავს ჩემს სტილს.


მოგვიყევით იმ პროექტებზე, რომლებზე მუშაობაც განსაკუთრებით საინტერესო იყო თქვენთვის 

 

ბოლო დროის ნამუშევრებიდან გამოვყოფდი სასტუმრო “ბაზარს”, რომელზე მუშაობის დროსაც უამრავი გამოწვევის დაძლევა და აღმოჩენის გაკეთება მომიწია. ასევე საინტერესო და პროფესიული ზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტი იყო საცხოვრებელი სახლი წყნეთში. ახლა ვმუშაობ ზღვისპირა სახლზე კაპროვანში, სადაც სტილის გარდა მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატური პირობების გათვალისწინება. ესეც ახალი გამოწვევაა, თან ჩემი საოცნებო პროექტის, ზღვისპირა სასტუმროს პატარა რეპეტიციაც გამოდის.


ათ წელზე მეტია, რაც ამ სფეროში მუშაობთ, ამ დროის განმავლობაში შეიცვალა თქვენი ხედვა ან სტილი? 

 

არსებობს ხაზი, რომელიც მუდმივად გაჰყვება ჩემს ნამუშევრებს, ხშირად მეუბნებიან, რომ ხვდებიან, თუ სივრცე ჩემი გაკეთებულია. თუმცა ალბათ მაინც  შეიცვალა რაღაცები, გავიზარდე და ასაკის მატებასთან ერთად, ვფიქრობ, გემოვნებაც ალბათ უფრო დაიხვეწა. 


რა არის თქვენთვის შთაგონების წყარო?

 

ყველაფერი შეიძლება იქცეს შთაგონების წყაროდ - სხვა ადამიანების სახლები, ბუნება, მოგზაურობა, განათება, ფილმები, რომლებსაც ვუყურებ, ასევე განსხვავებული ეპოქისა თუ მიმდინარეობის ბევრი არტისტი. 


სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

 

გავაგრძელებ ინტერიერის დიზაინისა და სივრცეების შექმნას…

“ოცნება” არის, რომ ზღვისპირა სასტუმროზე ვიმუშაო. იმედია, მომავალში ამის საშუალებაც მომეცემა. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: ლუიზა ჩალათაშვილი, ალექსანდრე ქოჩაშვილი, ანა ციციშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ქეთო ჯანაშია