რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ფოტოები დემიენ შაზელის ახალი ფილმიდან  - Babylon, რომელშიც მთავარ როლებს ბრედ პიტი და მარგო რობი ასრულებენ. ფილმში მოქმედება 1920-იანი წლების ჰოლივუდში ხდება, იმ დროს, როდესაც კინო ხმოვანი გახდა და აშშ-ში მშრალი კანონი მიიღეს, რაც იატაკქვეშა ბარებისა და ჯაზკლუბების დასაბამად იქცა. 

კინომოყვარულები განსაკუთრებით ელიან Babylon-ს, რადგან შაზელის ყველაზე პოპულარული ფილმი - La La Land სწორედ ჰოლივუდის ოქროს ხანისა და ჯაზისადმი სიყვარულის ახსნა იყო, ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა, თუ როგორ გაართმევს რეჟისორი ამ პერიოდზე კინოს გადაღების სირთულეებს თავს. 

ფილმის ზუსტი სიუჟეტი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გავრცელებული ფოტოებით შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ, რომ სანახაობა თვალისმომჭრელი და შთამბეჭდავი უნდა იყოს და მოქმედება კაბარესა და ჯაზკლუბში უნდა ხდებოდეს.  ამასთანავე, ცნობილია, რომ გარდა ბრედ პიტისა და მარგო რობისა, როლებს შეასრულებენ: ტობი მაგუაირი, ოლივია უაილდი, Red Hot Chili Peppers-ის ბასისტი - Flea და რეჟისორი სპაიკ ჯონზი. ფილმის პრემიერა 2022 წლის 25 დეკემბერს შედგება, ფართოდ კი 2023 წლის 6 იანვრიდან გავრცელდება.  

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Paramount