ბავშვობიდან ზრდასრულობაში შებიჯება და თინეიჯერებისა და მშობლების ურთიერთობის თემა სოფია კოპოლას შემოქმედებაში მუდმივად მეორდება. The Virgin Suicides-ის, The Bling Ring-ისა და Somewhere-ის შემდეგ რეჟისორი კიდევ ერთხელ უბრუნდება ამ საკითხებს და მუშაობს ფილმზე, რომელიც 80-იანი წლების სან-ფრანცისკოს, შიდსის ეპიდემიისა და გეი მამისა და თინეიჯერი შვილის ურთიერთობაზე გვიყვება.

ფილმი ალისია ებოტის 2013 წელს  გამოცემული მოგონებების ადაპტაციაა. მემუარებში ავტორი იხსენებს, თუ როგორი იყო სან-ფრანცისკოში ცხოვრება 70-80-იან წლებში გეი მამასთან ერთად. ისტორია, რა თქმა უნდა, ეხება შიდსის კრიზისს და მის გავლენას ებოტების ოჯახზე. თუმცა Fairyland-ში კოპოლა არა რეჟისორის, არამედ სცენარისტის როლს მოირგებს, გარდა ამისა, ის და მისი ძმა, რომან კოპოლა ფილმის პროდიუსერები იქნებიან, რეჟისორის ამპლუაში კი ენდრიუ დარჰემი მოგვევლინება, რომელიც აქამდე ცნობილი იყო, როგორც კინემატოგრაფისტი და ფოტოგრაფი. როგორც კოპოლამ აღნიშნა, დარჰემის რეჟისორად არჩევა სწორი არჩევანია, რადგან როგორც გეი კაცს უკეთ შეეძლება გადმოსცეს, თუ როგორ იმოქმედა შიდსის კრიზისმა LGBTQ+ თემზე, წიგნის ავტორის, ალისია ებოტის აზრით კი  დარჰემი მოახერხებს, რომ ფილმს მგძნობიარედ მიუდგეს და საბოლოოდ Dallas Buyers Club-ის მსგავსად პრობლემისგან დისტანცირებული ფილმი არ მივიღოთ. 

 


მთავარ როლებს - ალისიასა და მამამისს - ემილია ჯონსი და სკუტ მაკნეირი შეასრულებენ, გარდა ამისა, ფილმში შევხვდებით: ჯინა დევისს, კოდი ფერნსა და ადამ ლამბერტს. Fairyland-ის პრემიერა  სავარაუდოდ, 2023 წელს კანის კინოფესტივალზე შედგება. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე