ცნობილია, რომ Gucci-ის კრეატიული დირექტორი ალესანდრო მიკელე კინომოყვარულია, მაგალითად, გასულ შემოდგომას მან Gucci-ის ჩვენება ლოს-ანჯელესში,  Hollywood Boulevard-ზე მოაწყო, წელს კი კიდევ ერთხელ დაუბრუნდა კინოსამყაროს და ახალი კამპანია სტენლი კუბრიკის შემოქმედებას მიუძღვნა, მოდელები კი მისი ფილმების პერსონაჟებად აქცია. 

ფოტოებში მაქსიმალური სიზუსტითაა კუბრიკის სამყარო გამეორებული და ვხვდებით სცენებს ფილმებიდან: “2001: კოსმოსური ოდისეა”, “მექანიკური ფორთოხალი”, “ნათება”, “ბარი ლინდონი” და “ფართოდ დახუჭული თვალები”. მიკელე მიიჩნევს, რომ ტანსაცმელი ამბავს ჰყვება, ამბების მოყოლა კი სტენლი კუბრიკივით არავინ იცოდა. 

საინტერესოა, რომ ამ კოლექციაზე მუშაობისას Gucci კუბრიკისადმი უბრალოდ პატივის მიგებით არ შემოფარგლულა, ბრენდმა Warner Brothers-თან თანამშრომლობით ზუსტად აღადგინა ფილმების სცენები, სწორედ ამიტომ თითოეულ ფოტოში გამოსახული მოდელი ჰარმონიულად ერწყმის ფილმის გარემოს. 

“იმისათვის, რომ სიყვარული გამომეხატა, გადავწყვიტე, რომ კუბრიკის ფილმებში გადავსახლებულიყავი, საკუთარ თავს უფლება მივეცი, რომ ისინი დამეშალა, ახლიდან ამეწყო და საკუთარი კრეატიული ხედვის გათვალისწინებით შემექმნა კოლექცია”. -  აცხადებს ალესანდრო მიკელე.

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Mert and Marcus