გასულ კვირას ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი Carolina Herrera-სა და Fendi-ის ჩვენებებზე გამოვიდა. Carolina Herrera-მ წარმოადგინა 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია. ჩვენება ნიუ-იორკში, სასტუმრო Plaza-ში გაიმართა, სადაც 1984 წელს ბრენდის დამფუძნებელმა კაროლინა ჰერერამ ერთ-ერთი პირველი ჩვენება მოაწყო. კოლექცია აერთიანებს წარსულის, აწმყოსა და მომავლის სტილს და გამოირჩევა ზოლებიანი და ყვავილებიანი პრინტებით. მატილდა გვარლიანმა შოუზე ბრენდის კლასიკური, თეთრი ყვავილებიანი კაბა წარმოადგინა.
Fendi-ის ჩვენება კი საიუბილეო იყო და ბრენდის პოპულარული Baguette ჩანთის შექმნიდან 25 წლისთავს აღნიშნავდა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო უკვე კლასიკად ქცეული Baguette ჩანთა სხვადასხვანაირი თანამედროვე ფორმით - როგორც ზურგჩანთის, ასევე წელჩანთისა და მინივერსიების სახით. გარდა ამისა, ჩვენებაზე შედგა Fendi-სა და Tiffany&Co.-ს კოლაბორაცია - Baguette ჩანთა Tiffany-ს ლურჯ ფერში. ჩვენება დასრულდა სიურპრიზით - 15-წლიანი პაუზის შემდეგ პოდიუმს ლინდა ევანგელისტა დაუბრუნდა. მატილდა გვარლიანი კი საზოგადოების წინაშე ნაქსოვი ფერადი სამოსითა და Baguette-ს ჩანთით წარდგა.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Vogue, Carolina Herrera, Fendi
დაწერე კომენტარი