“ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ნასტია სართანიასა და ჯაბა შავიშვილის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს დამოუკიდებელ საქართველოში შექმნილი და მსმენელის ყურადღების მიღმა დარჩენილი მუსიკალური ჩანაწერების ფირფიტების სახით გამოცემას. იმ ალბომების გაცოცხლებას, რომლებსაც განსაკუთრებული მუსიკალური თუ კულტურული მნიშვნელობა აქვთ და რეალურად მუსიკალურ ინდუსტრიას გამორჩეული კვალი დააჩნიეს. კოლექციის პირველი გამოცემა იქნება 90-იანი წლების ალტერნატიული სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენდის, Mother on Mondays-ის ალბომი Friends, რომელსაც მელომანები ფირფიტაზე პირველად მოისმენენ. “ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” დამფუძნებლები - ნასტია სართანია და ჯაბა შავიშვილი გვესაუბრნენ როგორც “ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” იდეის, ასევე  Mother on Mondays-ისა და ზოგადად, 90-იანი წლების ალტერნატიული სცენის მნიშვნელობაზე. 


მოგვიყევით, როგორ დაიბადა “ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის” შექმნის იდეა? 

 

ნასტია სართანია: იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გამიჩნდა, ძირითადად ახალ მუსიკასთან მიწევს შეხება, რადგან მაქვს მუსიკისა და დიზაინის სკოლა - Creative Education Studio და ლეიბლი - CES Records. სწორედ ამიტომ ამეკვიატა აზრი, რომ ის მუსიკა, რომელმაც ფაქტობრივად დღევანდელ დღემდე მოგვიყვანა, ფართო საზოგადოებისთვის აღარ იყო ცნობილი და ახალმა თაობამაც არ იცოდა მის შესახებ. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოში მუსიკალური ფირფიტები აღარ გამოდიოდა, დაახლოებით ამ პერიოდს მოიცავს “ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა”, რომელიც საკულტო ალბომებსა და ფიგურებს კიდევ ერთხელ გამოაჩენს საზოგადოებაში. პირველი, ვინც ამ იდეის განსახორციელებლად გამახსენდა, რა თქმა უნდა, ჯაბაა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ საქმის მემატიანეა.

 

ჯაბა შავიშვილი: ზოგადად, ამ მუსიკისადმი ინტერესი თინეიჯერობიდან გამიჩნდა, როდესაც აღმოვაჩინე, რომ გარდა იმისა, რასაც ტელევიზია მაწვდიდა ბავშვობაში, ამ ქვეყანაში სხვა მუსიკაც იქმნებოდა, რითაც მეინსტრიმული მედია არ ინტერესდებოდა. დარწმუნებული ვარ, რომ 90-იან წლებში რადიოში უფრო მეტად წამოწეული იქნებოდა ეს ბენდები, თუმცა 2000-იანებიდან რადიომაც გული აიცრუა ამ მუსიკაზე და შესაბამისად, ახალ თაობაში სრულ დავიწყებას მიეცა. მე ყველაფერი შემთხვევით, 2000-იანი წლების შუაში, ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა ფორუმზე აღმოვაჩინე და მაშინვე დავინტერესდი, რამდენიმე ბენდს და სოლო შემსრულებელს მოვუსმინე და დავრწმუნდი, რომ მაშინ ბევრად უფრო საინტერესო რაღაც ხდებოდა, ვიდრე თუნდაც 2000-იან წლებში. ამიტომ ჩავეძიე, ბევრი რამ ვიკვლიე, გავიცანი ადამიანები, რომლებმაც კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია მომაწოდეს და ასე გამიჩნდა ამ პერიოდის მუსიკის სიყვარული, რასაც ჩემი Youtube არხის შექმნა მოჰყვა. არხზე საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვმუშაობდი, ვეძებდი და ვინახავდი ჩანაწერებს, ნაცნობებს მუსიკოსების ბიოგრაფიებს ვეკითხებოდი და რაღაცნაირად ეს ბაზა შევქმენი. როდესაც ნასტიას ეს იდეა გაუჩნდა და თანამშრომლობა შემომთავაზა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი, რადგან რაღაც მსგავსზე მეც მიფიქრია. პრინციპში ბოლო 10-15 წელია ვცდილობ, მეტ ადამიანს მივაწოდო ინფორმაცია ამ პერიოდის მუსიკაზე, თუმცა აქამდე ყველაფერი ინტერნეტის საშუალებით, ციფრულ სამყაროში ხდებოდა და ალბათ მოვიდა დრო, როდესაც სხვა მედიუმშიც უნდა გადავიდეთ, რადგან მგონია, რომ ის წყვეტა, რაც ქართულ მუსიკალურ ფირფიტების გამოცემაში არსებობს, აუცილებლად უნდა ამოივსოს, მითუმეტეს, ეს პერიოდი ძალიან საინტერესოა ახლანდელი გადმოსახედიდან. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინ სხვანაირად უყურებდნენ ამ ყველაფერს და დღევანდელი პერსპექტივიდან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული ხდება მათი ჟღერადობაც და დამსახურებაც. 

 

 

პირველი გამოცემაა Mother on Mondays-ის Friends, მოგვიყევით ამ ბენდისა და ალბომის მნიშვნელობაზე?

 

ნასტია სართანია: მე პირადად თავიდანვე წარმომედგინა, რომ პირველი სწორედ Mother on Mondays-ის Friends უნდა ყოფილიყო, ამ ალბომში მომწონს ყველაფერი, მუსიკალურად ძალიან სრულყოფილი და ძლიერი ჟღერადობისაა. ეგოისტურად რომ მივუდგე, ძალიან მიყვარს Friends, ვესწრებოდი მისი ჩაწერის პროცესს და ყველა კონცერტს, ვიცი როგორ იქმნებოდა ის. Mother on Mondays-მა ორი ალბომი ჩაწერა და მას შემდეგ ამ შემადგენლობით აღარ უკრავდნენ, ახლა კი, 30 წლის შემდეგ, ეს სამი ადამიანი ისევ შეიკრიბა და ახალ მუსიკაზე მუშაობენ. ეს გამოცემა ერთგვარი მადლობის თქმაცაა ალბათ მათდამი. Friends ძალიან ბევრი ქართველი ახალგაზრდა მუსიკოსის საყვარელი ალბომია. ამ ყველაფრის გამო ვიფიქრე, რომ Mother on Mondays კარგი დასაწყისი იქნებოდა. 

 

ჯაბა შავიშვილი: დავამატებდი, რომ ზოგადად, აქცენტი გვაქვს მუსიკაზე, რომელიც დაახლოებით 20-წლიან შუალედში, 1990-2010 წლებში ჩაიწერა, ფირფიტაზე არ გამოცემულა, მაგრამ ალბომის სახით არსებობს. იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი მუსიკოსი აქტიურობდა, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგიერთ მათგანს ჩანაწერიც კი არ აქვს. Mother on Mondays-ის ალბომი ის იშვიათი შემთხვევაა, რომელიც ჩვენამდე სრულყოფილად მოვიდა, ჰქონდა გაფორმება, იდეა. გარდა ამისა, როგორც ნასტიასთვის, ასევე ჩემთვისაც ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი და ალბომია, ხშირად ვამბობ, რომ Mother on Mondays ერთ-ერთი ყველაზე ევროპული ჟღერადობის ქართული ბენდია, რომელიც იმ პერიოდში არსებობდა. ამასთანავე, მათ აქვთ რაღაც ქართულიც, რომელიც მარტივი აღსაქმელი არ არის, მაგრამ იგრძნობა. Mother on Mondays-მა აქტუალობა შეინარჩუნა დღემდე - ახალ თაობაშიც უსმენენ, ამიტომ გვინდა ისიამოვნოს განახლებული მედიუმით ძველმა მსმენელმა, და მჯერა, რომ ახალი მსმენელიც ჩაერთვება ჩვენს წამოწყებაში.

 

 

ფირფიტებზე ჩანაწერები პირველადი სახით იქნება? 

 

ნასტია სართანია: ყველაფერი პირველადი სახით იქნება, ჩვენი მისიაც ესაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ის, რაც იყო, თავისი ძველი ქავერითა და იდეით, მაგალითად, Mother on Mondays-ის Friends კასეტაზე იყო გამოცემული, ლიმიტირებული რაოდენობით. გვგონია, უფრო სენტიმენტალურიცაა, რომ ყველაფერს პირვანდელი სახით გამოვცემთ. 

 

ჯაბა შავიშვილი: მთავარი სწორედ ეს არის, რომ ყველაფერი პირველი სახითაა, არ გვინდა, რომ ძველ მსმენელს პირველადი შეგრძნებები და შთაბეჭდილებები დავუკარგოთ. გარდა ამისა, მას შემდეგ დაახლოებით 30 წელია გასული, ამ ჯგუფების ნაწილი პირვანდელი სახით აღარ არსებობს, ზოგიერთმა მუსიკოსმა სხვა ცხოვრება აირჩია, დროსთან ერთად ადამიანები შეიცვალნენ, თუმცა მათ მეხსიერებაში მუსიკა პირველადი სახით დარჩა. მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ყველაფერი პირველადი, ავთენტური სახით გამოიცეს. პროექტს “ქართული მუსიკალური მემკვიდრეობა” ჰქვია. მემკვიდრეობა ვერ იქნება განახლებული და შეცვლილი, ის როგორც დაგიტოვეს, იმ სახით უნდა შეინარჩუნო.

 

 

90-იანი წლების ალტერნატიული სცენის ფენომენზეც გვესაუბრეთ. როგორ გგონიათ, რამ განაპირობა საკმაოდ არასტაბილურ პერიოდში ასეთი მნიშვნელოვანი მუსიკის შექმნა?

 

ნასტია სართანია: ადამიანები, რომლებიც ამ პერიოდში მუსიკას ქმნიდნენ, უბრალოდ მუსიკოსები არ იყვნენ, ისინი იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც შავ-ბნელ პერიოდში ცხოვრობდნენ, ყველა გრძნობდა,  რომ სჭირდებოდათ ამ რეალობიდან გაქცევა და პარალელური რეალობის მოძებნა. რეალურად, ისინი მუსიკასთან ერთად ქმნიდნენ თავისუფლებას, მიისწრაფოდნენ ევროპისკენ. არ იყო შუქი, ციოდა და ახალგაზრდები ცდილობდნენ თავისუფლების მოპოვებას, ალბათ სწორედ შებოჭილობა იყო ერთგვარი ბიძგი. თუმცა მათთვის ეს ჩვეულებრივი ცხოვრება იყო, ვერ აცნობიერებდნენ, რომ რაღაც მნიშვნელოვანს ქმნიდნენ, უყვარდათ მუსიკა და წერდნენ მუსიკას ყველაფრის ფასად, უნდოდათ თავისუფლება და იყვნენ თავისუფლები და, რა თქმა უნდა, დანარჩენი ახალგაზრდებიც მათ გარშემო ტრიალებდნენ. 

 

ჯაბა შავიშვილი: მე ვიტყოდი რომ, გარდა პოლიტიკური და სოციალური არასტაბილურობისა, ეს იყო პირველი თაობა, რომელიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში გამოჩნდა მუსიკალურ სცენაზე. ყველაფერი, რა თქმა უნდა, 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, მაგრამ ყოველგვარი ცენზურის გარეშე, უკვე 90-იან წლებში გახდა მუსიკის შექმნა შესაძლებელი. თავისუფალი საქართველოს თავისუფალი ხმები გახდნენ ეს ადამიანები. მანამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ მუსიკოსებს. შემოქმედი ადამიანები ყოველთვის არსებობდნენ, თუმცა არ ჰქონდათ გამოხატვის საშუალება. თავისუფლებამ და  თუნდაც მცირე რაოდენობით ინფორმაციის შემოდინებამ განაპირობა მუსიკალური სცენის ერთიანად გაღვივება. თან ეს სცენაც არ იყო ერთგვაროვანი, სრულიად განსხვავებული ჟღერადობის ბენდები და განსხვავებული ადამიანები იყვნენ - არსებობდა Mother on Mondays, ამ დროს ქუთაისში რობი კუხიანიძე და შავი პრინცი გამოდიოდნენ მუსიკალურ სცენაზე, თუმცა ყველა მათგანს აერთიანებდა შემოქმედებითი მუხტი და მისი თავისუფლად რეალიზაციის საშუალება. თავისუფალი საქართველოს თავისუფალმა ხმებმა უზრუნველყვეს ის, რომ მუსიკალური სცენა ყოფილიყო ძალიან ავთენტური - ზოგისთვის მუსიკა მიმბაძველობა იყო, ზოგისთვის პროტესტის გამოხატვის ფორმა, ზოგისთვის გადმოცემის საშუალება, თუმცა თითოეული მათგანი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმუმს აკეთებდა.

როგორ გგონიათ, ახალი მსმენელი თუ გაუჩნდებათ ამ ბენდებს ფირფიტების გამოსვლის შემდეგ? 

 

ჯაბა შავიშვილი: ფირფიტა ლიმიტირებული რაოდენობით გამოვა, ამიტომ პირველ რიგში ეს წამოწყება მაინც მათთვისაა, ვისაც კოლექციის შეგროვება უნდა. ახალგაზრდა თაობის წარმომადგენლები, ვინც მეტ-ნაკლებად მუსიკით დაინტერესებულია, უკვე იცნობს ამ ბენდებს ალბათ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ინიციატივა ამ პერიოდის მუსიკის წამოწევას ემსახურება, რასაც ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით. ილუზია არ გვაქვს, რომ მთელი საქართველო მოუსმენს მათ, თუმცა მჯერა, რომ ახალი მსმენელი აუცილებლად მიაგნებს. 

 

ნასტია სართანია: დავამატებდი, რომ ფირფიტების გამოშვებით პოპულარობასაც ვზრდით. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ მეგობარს ვუთხარი, რომ პირველი ფირფიტა Mother on Mondays-ის Friends იქნება. ამ ალბომის მოსმენა ყველა ციფრულ პლატფორმაზეა შესაძლებელი, მოისმინა და რამდენიმე დღეა მის კაფეში სულ Friends არის ჩართული, ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი აღმოაჩენს და დააფასებს ამ ალბომსა და ბენდს. 

 

სად იქნება ფირფიტების შეძენა შესაძლებელი?

 

15 სექტემბერს Mutant Radio-ში გვაქვს ლეიბლისა და პირველი ფირფიტის პრეზენტაცია. აქ იქნება ბენდის სამივე წევრი და მცირე რაოდენობით ხელმოწერილი ფირფიტების შეძენა აქაც შეიძლება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება “ფაბრიკაში”, Vodcast-ში, ბათუმში, ფირფიტების მაღაზია Clime-ში, Badcamp-ის საშუალებით კი შესაძლებელია გამოწერა. 

შემდეგ გამოცემებში რომელ ბენდებს უნდა ველოდეთ?

ჯერჯერობით ამას ვერ გავამხელთ, თუმცა როგორც მუსიკალურად, ასევე პერიოდების მიხედვით მრავალფეროვანი იქნება, დანარჩენს კი მსმენელი საკმაოდ მალე გაიგებს. ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმეს მარტო არ ვაკეთებთ, ამ პროცესში ჩართულები არიან ადამიანები, რომლებიც გვეხმარებიან დიზაინში, მასტერინგში, ტექსტების გამართვაში... ის ხალხი,  ვინც დაინტერესებულია, რომ ეს პროდუქტი გამოვიდეს ხარისხიანი და გაგრძელდეს სამომავლოდაც.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: გურამ წიბახაშვილი