24-29 სექტემბერს, უკვე მეორედ, ქუთაისში მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება, რომელიც საკონკურსო ფილმებთან ერთად მრავალფეროვან პროგრამას შემოგვთავაზებს. ფესტივალი 24 სექტემბერს, 18:00 საათზე გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი “ქორწილი”.

წელს კონკურსში როგორც ქართული, ასევე უცხოური  30-მდე მხატვრული და დოკუმენტური მოკლემეტრაჟიანი ფილმი მიიღებს მონაწილეობას. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, მხატვრული ფილმების სექციაში ჟიურის წევრები არიან: თავმჯდომარე - რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, რეჟისორი ალექსანდრე კობერიძე, კინო და ტელეპროდიუსერი კატია კრაუსოვა, მსახიობი და პროდიუსერი გალინა სულიმა და კინოინდუსტრიის ექსპერტი ედვინას პუკშტა. დოკუმენტური ფილმების ჟიურის წევრები არიან: თავმჯდომარე - რეჟისორი ინეკე სმიტსი, რეჟისორი, პროდიუსერი და მუსიკოსი კოტე კალანდაძე და მსახიობი გიორგი ბოჭორიშვილი. ჟიური გამარჯვებულებს ორ კატეგორიაში გამოავლენს - საუკეთესო ფილმი და საუკეთესო რეჟისორი, გამარჯვებულებს ოქროს დინოზავრი გადაეცემათ. გარდა ამისა, ფესტივალს ეყოლება კინოკრიტიკოსთა ჟიური, რომლის წევრებიც  ჟიურის თავმჯდომარე ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი არიან, კინოკრიტიკოსები თავიანთ რჩეულ ფილმს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ. 

 


 

წლევანდელ ფესტივალზე საკონკურსო ფილმების გარდა ვიხილავთ რამდენიმე პროგრამასა და რეტროსპექტივას. გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით ფესტივალის ფარგლებში შესაძლებელი იქნება ობერჰაუზენის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამის ხილვა. გარდა ამისა, ლიეტუვის საელჩოსა და კინოგამოცემა Cinexpress-ის თანამშრომლობით, ქუთაისის კინოფესტივალზე იონას მეკასის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად ნაჩვენები იქნება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმები. ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს ოთარ იოსელიანისა და ალექსანდრე კობერიძის მოკლემეტრაჟიან ნამუშევრებს, გიორგი შენგელაიას 85 წლის იუბილეს აღსანიშნავად კი ნაჩვენები იქნება “ალავერდობის” აღდგენილი ვერსია. ფესტივალზე უკრაინა იქნება ფოკუს-ქვეყანა - მაყურებელი ნახავს თანამედროვე უკრაინულ მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ქართული კინომემკვიდრეობის პროგრამის ფარგლებში კი რეზო ჩხეიძისა და თენგიზ აბულაძის “მაგდანას ლურჯას”. ფესტივალის საპატიო სტუმარი იქნება ბერძენული წარმოშობის კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი,  ნაჩვენები იქნება მისი ფილმი “ლამაზი დღე”.

კინოჩვენებებისა და რეტროსპექტივების გარდა, ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი საკმაოდ მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს, მასტერკლასებსა და პრეზენტაციებს მოიცავს, ჩატარდება სცენარის განვითარების ვორქშოფი, სადაც ახალგაზრდა სცენარისტებს ტრენინგებს ალექსანდრე კობერიძე და უტა ბერია ჩაუტარებენ, კატია კრაუსოვა მასტერკლასს ჩაატარებს კრეატიული პროდიუსინგისა და საერთაშორისო კოპროდუქციის საკითხებზე, გუგა კოტეტიშვილი კი კინოში ფერის მნიშვნელობაზე ისაუბრებს. 

 

ფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 29 სექტემბერს კინო "საქართველოში" გაიმართება, ფესტივალი დაიხურება მიხეილ კობახიძის ფილმით “მუსიკოსები". 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Kutaisi International Short Film Festival