ლისაბონში მადრიდიდან 9 ივლისს, გამთენიისას ჩავფრინდით. მახსოვს, ძალიან ცხელოდა. ტაქსის ფანჯრიდან ვაკვირდებოდი მზიან ქალაქს და ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი, რას გვიმზადებდა პორტუგალია. 


დასვენებაზე არც გვიფიქრია, ჩემოდნები სასტუმროში დავტოვეთ და გამოვედით. გვშიოდა. ბაირო ალტოსთან ერთი აღმართია, მთელ გაყოლებაზე პატარ-პატარა კაფეებით, სადაც მხოლოდ საუზმე და ლანჩი შეგიძლიათ მიირთვათ. ეს კაფეები 3-4 საათზე იკეტება. აქ აღმოვაჩინეთ Dear Breakfast! - ადგილი, სადაც ყველაზე გემრიელად ვისაუზმე. ამის შემდეგ ყოველ დილას ამ ქუჩაზე ვსაუზმობდით და საღამოობით ბაირო ალტოს ხმაურიანი ბარებისკენ ვინაცვლებდით.


მეორე დღეს ქაშქაის სანაპიროზე წავედით. Praya de Raina - ასე ჰქვია პატარა პლაჟს, რომლიდანაც სულ 2 წუთში აქაური კაფეების ქუჩაზე ადიხარ.

ბევრი ვიბოდიალეთ ფერადი ფილებით მოკირწყლულ ქუჩებში. გვცხელოდა, მაგრამ არც მზე გვაწუხებდა. ცა ძალიან ლურჯი იყო. ვხვდებოდი, რომ პორტუგალია მიყვარდება და აქ აუცილებლად ისევ დავბრუნდები.


მეჩვენებოდა, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, აქ ადგილობრივებიც უფრო მეგობრულები არიან, ყველა მიღიმოდა და მეც ყველას ვუღიმოდი.

ახლაც ვფიქრობ და ვერ ვიხსენებ, სხვა დროს როდის მქონია ასეთი სიმსუბუქის შეგრძნება, როცა ვერ ხსნი მაინც რა გიხარია, მაგრამ ბედნიერი ხარ და გრძნობ, რომ ცოტა ხნით ყველაფერი სულერთია.