„მინდოდა შემექმნა ფილმი ჩემი მეგობრების ქალიშვილებისთვის“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში დიდი იაპონელი ანიმატორი, ჰაიაო მიაძაკი, თავის საკულტო ანიმაციის - „მოჩვენებების მიერ გატაცებულის“ შესახებ, თუმცა ეს სიტყვები შეგვიძლია მის თითქმის ყველა ნამუშევარს მივაწეროთ: მიაძაკის პერსონაჟთა უმეტესობა ხომ ძლიერი, მამაცი და მიზანდასახული გოგონები არიან, რომლებიც სწავლობენ, იბრძვიან და არასდროს ნებდებიან.


ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ჰაიაო მიაძაკიმ საზოგადოებას თავი გამორჩეული ანიმაციური გოგონებით დაამახსოვრა, რითაც ანიმაციურ სამყაროსა და კინოინდუსტრიაში ქალთა შესახებ არსებული სტერეოტიპების დამსხვრევასა და ფემინისტური იდეების განმტკიცებაში განუზომელი წვლილი შეიტანა.

ამ ბრძოლაში პირველი დიდი ნაბიჯი 1984 წელს გადადგა, როდესაც მაყურებელმა ანიმაციური ფილმი „ნაუსიკა ქარების ხეობიდან“ პირველად იხილა. იმ ეპოქაში, რომელშიც დისნეის პრინცესებს მუდამ უფლისწულების შველა სჭირდებოდათ და მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულზე ოცნებობდნენ, ნაუსიკა რევოლუციური პერსონაჟი აღმოჩნდა - პაციფისტური იდეების მქონე მამაცი გოგონა, რომელიც საკუთარი ხალხის გადასარჩენად იბრძვის. მაშინ როცა ღრმა, კომპლექსური პროტაგონისტი ქალები კინოინდუსტრიაშიც კი დიდი ფუფუნება იყო, მიაძაკიმ გოგონას სულიერი სამყაროს გადმოცემა შესანიშნავად მოახერხა: ნაუსიკა არაა ერთი რიგითი, ზედაპირული პერსონაჟი გაურკვეველი მიზნებითა და მოტივებით. ნაუსიკას დიდი ძალისხმევა სჭირდება იმისთვის, რომ მამის მკვლელობის შემდეგ მის გულში აღმოცენებული სიძულვილი დაამარცხოს და ხალხის გადასარჩენ იარაღად მშვიდობა და რწმენა აირჩიოს.


დისნეის ანიმაციების მსგავსად, პრინცესები მიაძაკის შემოქმედებაშიც გვხვდებიან, თუმცა მათ არც გრძელი შრიალა კაბები აცვიათ და არც კოშკში გამოკეტილნი ელიან უფლისწულებს, რომლებსაც არც კი იცნობენ. მიაძაკის არასტანდარტულ პრინცესათა საუკეთესო წარმომადგენელი „პრინცესა მონონოკეს“ პერსონაჟი მგლის შვილი სანია. მას სძულს ადამიანები, რომლებიც სანის სახლს - სულებით დასახლებულ ტყეს გაჩეხვას უპირებენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ მგლის შვილი, ე.წ. პრინცესა მონონოკე, მიაძაკის ყველაზე დასამახსოვრებელი და სახასიათო პერსონაჟია. სანი უშიშარი, დაუმორჩილებელი და მეამბოხე სულის პატრონია. შესანიშნავ მეომარს ღრმად სწამს საკუთარი იდეალების და მზად არის ტყის დაცვას საკუთარი სიცოცხლე შესწიროს.

შეგვიძლია „პრინცესა მონონოკე“ მიაძაკის შემოქმედებაში ერთ-ერთ ყველაზე ფემინისტურ ნამუშევრად მივიჩნიოთ. ანიმაციაში სანის გარდა სხვა ძალიან საინტერესო ქალებსაც ვეცნობით, რომელთაგან ქალბატონი ებოში ნამდვილად უკონკურენტოა. ქალბატონი ებოში ქალაქის მმართველია, რომლის მეთვალყურეობითაც ქალები რკინას ამუშავებენ და იარაღს ამზადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლებისთვის ტყის გაჩეხვას გეგმავს, ის უბრალო ანტაგონისტზე გაცილებით მეტია - კომპლექსური პერსონაჟი, რომლის ერთი სიტყვით დახასიათება შეუძლებელია. იგი მიზნის მისაღწევად იბრძვის, შეცდომის აღიარებაც შეუძლია და, რაც მთავარია, მამაკაცურ საქმედ მიჩნეულ სამუშაოზე ქალებს ასაქმებს. ქალბატონ ებოშის ქალების ძალის სწამს: ხშირად ამხნევებს მათ და არც საჭირო რჩევების გაცემა ენანება.


ქალებისა და მამაკაცების პროფესიების ცალ-ცალკე გამოყოფა რომ არასწორია, „პრინცესა მონონოკეს“ ქალების გარდა, „პორკო როსოს“ თვითმფრინავების ინჟინერი გოგონა - ფიოც გვახსენებს. ფიოს საკუთარი სქესი და ასაკი დამაბრკოლებელ გარემოებებად სულაც არ მიაჩნია და საზოგადოებას თავის თვითმფრინავებს მუდამ სიამაყით წარუდგენს. ფიო მშვენიერი მაგალითია იმ გოგონებისთვის, რომლებსაც საზოგადოების მიერ „ქალისთვის შეუფერებლად“ მიჩნეული პროფესიები აინტერესებთ და სხვების დამოკიდებულება აშინებთ.

ჰაიაო მიაძაკის ანიმაციათა მთავარი ხიბლი პერსონაჟთა ბუნებრიობაა. ხშირად კინოინდუსტრია „ფემინისტური ფილმის“ შექმნას ზებუნებრივი ძალების მქონე და ზედაპირული პერსონაჟი ქალების ხარჯზე ცდილობს, რომელთაც შესაშური გარეგნობა აქვთ, რაც გოგონებისთვის არარეალურ სტანდარტებს აწესებს. მიაძაკის გოგონებს უბრალოება გამოარჩევთ; მათი მთავარი იარაღი არა სილამაზე და ზებუნებრივი ძალა, არამედ - სიმამაცეა. ბევრს არ შეუძლია იყოს მომხიბვლელი ფიზიკურად ძლიერი ამორძალი, მაგრამ ყველას შეუძლია ისევე აღმოაჩინოს საკუთარ თავში სიმამაცე, როგორც ეს ჩიჰირომ შეძლო.


ჩიჰირო ჰაიაო მიაძაკის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ანიმაციის, „მოჩვენებების მიერ გატაცებულნის“ მთავარი პერსონაჟია, რომელიც უცნაურსა და მომნუსხველ სამყაროში მას შემდეგ ხვდება, რაც ჯადოქარი მის მშობლებს ღორებად გადააქცევს. ჩიჰირო ჩვეულებრივი 10 წლის გოგოა, თავდაპირველად არც ისე გაბედული და მოხერხებული, თუმცა სწორედ რთული მდგომარეობა ეხმარება საკუთარ თავში ისეთი თვისებები აღმოაჩინოს, რომელთა არსებობის შესახებ მანამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. ანიმაციის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილი ჩიჰიროსა და ჰაკუს ურთიერთობაა, რომელიც სიყვარულის მიაძაკისეული გაგების საუკეთესო მაგალითია.

„მე სკეპტიკურად ვარ განწყობილი იმ დაუწერელი კანონის მიმართ, რომლის მიხედვითაც, გოგოსა და ბიჭს ერთმანეთთან ყოველთვის რომანტიკული გრძნობები უნდა აკავშირებდეთ. ამის ნაცვლად, მე მინდა ისეთი ურთიერთობა აღვწერო, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ცხოვრებას შთააგონებს. როცა ამას შევძლებ, ალბათ სწორედ მაშინ ვიქნები სიყვარულის არსის გადმოცემასთან ახლოს.“


ფილმებსა და ანიმაციებში რომანტიკული ურთიერთობების შესახებ სტერეოტიპებს მიაძაკის „ჰოულის მოსიარულე კოშკიც“ ამსხვრევს, როდესაც ძლიერ ჯადოქარ ჰოულს ერთი შეხედვით სუსტი და უბრალო გოგონა - სოფი გადაარჩენს. მაშინ როცა სხვა ანიმაციებში პროტაგონისტი ქალები მუდამ სხვის, ძირითადად, მამაკაცების დახმარების იმედად კოშკებში სხედან და საკუთარი ცხოვრების სადავეებს თავად იშვიათად იღებენ ხელში, სოფი ამტკიცებს, რომ სხვის გადასარჩენად ძალა ქალსაც ისევე აქვს, როგორც მამაკაცს.

„ჩემი უამრავი ფილმის მთავარი გმირი ქალია - მამაცი, დამოუკიდებელი გოგონები, რომლებიც ზედმეტი ფიქრის გარეშე არიან მზად იბრძოლონ იმისთვის, რისაც მთელი გულით სწამთ. მათ სჭირდებათ მეგობარი ან დამხმარე, მაგრამ არასდროს - მხსნელი.“


და მაინც, სანამ მიაძაკის გოგონები სხვებს გადაარჩენენ, ყველაზე დიდი ბრძოლის გადატანა საკუთარი თავის საპოვნელად და ხელახლა აღმოსაჩენად უწევთ. ცხოვრებისეული გზის პოვნა, ასაკობრივი ზრდის თანმხლები სირთულეები, საკუთარი თავის ძიება და გამუდმებული შიში, რომ სხვები არ მიგიღებენ - დაბრკოლებებს, რომლებსაც რეალური გოგონები ხშირად აწყდებიან, ვერც მიაძაკის კიდევ ერთი გამორჩეული პერსონაჟი, კიკი, გაურბის. „კიკის მიტანის სერვისით“ მიაძაკი ცდილობს გოგონებს დაანახვოს, რომ პრობლემებს ყოველთვის შეხვდებიან და ასეთ დროს, გაქცევის ნაცვლად, მათთვის თვალის გასწორებას თუ ისწავლიან, კიკის მსგავსად, ფრენის უნარს აუცილებლად დაიბრუნებენ.

მიუხედავად იმისა, რომ მიაძაკის ყველა გოგო თავისებურად უნიკალურია, მათ უბრალოება, სინამდვილე და რწმენა აერთიანებთ. ისინი ნამდვილი გოგონები არიან და რეალურ დაბრკოლებებს ეჭიდებიან. ჰაიაო მიაძაკის თავისი საყვარელი გოგონებისთვის სხვა ანიმაციებისგან განსხვავებული, არასტანდარტული „ბედნიერი დასასრული“ აქვს: დიდი ბრძოლის, თავდაუზოგავი შრომისა და საოცარი სიმამაცის გამოჩენის შემდეგ ისინი საკუთარ თავს პოულობენ, საზოგადოების მიერ მათთვის დადგენილ სტანდარტებს აქარწყლებენ, სტერეოტიპებს ამსხვრევენ და, რაც მთავარია, ისინი არიან, ვინც თავად სურთ, რომ იყვნენ.