თბილისში მეცამეტედ ჩატარდება ფოტოგრაფიის ფესტივალი, რომლის ფოკუსშიც წელს უკრაინა იქნება - ქვეყანა, რომელიც რუსეთის სასტიკი აგრესიისა და უკრაინაში შეჭრის პირველი დღიდან წინააღმდეგობის, სიმტკიცისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითადაა ქცეული და რომლის გამარჯვებაც დღეს თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამარჯვების ეკვივალენტია.
წლევანდელი ფესტივალის პროგრამის ცენტრალური ნაწილი ორ გამოფენას გააერთიანებს: პოლონელი ფოტოგრაფის, იუსტინა მელნიკევიჩის “ნაპირებს შორის მიედინება უკრაინასა” და უკრაინელი ხელოვანების, ანდრიი დოსტლიევისა და ლია დოსტლიევას კონცეპტუალურ ფოტოპროექტს, “ნაომარი იარების დაამებას”.
“ნაპირებს შორის მიედინება უკრაინა” აერთიანებს 8 წლის განმავლობაში იუსტინა მელნიკევიჩის მიერ გადაღებულ ფოტოებს. ყველაფერი 2014 წელს იწყება, როდესაც რუსმა ჯარისკაცებმა ყირიმის ანექსირება მოახდინეს, დონეცკამდე მიაღწიეს და უკრაინელებისათვის რეალურად თავისუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. ფოტოგრაფმა 2014-დან 2019 წლამდე გადაღებული ფოტოებითა და ისტორიებით წიგნი “ნაპირებს შორის უკრაინა” გამოსცა, სადაც “ღირსების რევოლუციის” ამბავს ჰყვება. 2022 წელს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი უკრაინაში დაბრუნდა და უკვე უშუალოდ ფრონტის ხაზის გადაღება დაიწყო. საბოლოო ჯამში ფოტოპროექტი გვიყვება, თუ როგორ იბრძვის უკრაინელი ერი ომის დამანგრეველი მანქანის წინააღმდეგ, რომელიც ადამიანების სიცოცხლესა და ქალაქებს ანადგურებს.
“ნაომარი იარების დაამება” ანდრიი დოსტლიევისა და ლია დოსტლიევას გრძელვადიანი პერფორმანსი და ფოტოდოკუმენტაციაა, რომელიც ომის მიერ მიყენებული, ჯერ კიდევ შეუხორცებელი ჭრილობების დაამებაზე გვიყვება, პროექტი 2016 წლიდან 2021 წლამდე პერიოდს მოიცავს, პერფორმანსის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს მარილის მაღაროებით ცნობილ ქალაქ ბახმუტში წარმოებული მარილის ტანკი, რომლის ცვალებად მდგომარეობასაც არტისტები 5 წლის განმავლობაში კვირაში ერთხელ იღებდნენ, 2021 წლის ივლისში ფოტოპროექტი დასრულდა იმ იმედით, რომ ომიც დასრულებული იყო, თუმცა 2022 წლის 24 თებერვალს, რუსეთმა ერთდროულად უკრაინის რამდენიმე ქალაქი დაბომბა, მსხვერპლისა და ნანგრევებად ქცეული ქალაქების ფონზე კი ხელოვნება ამაო და უმნიშვნელო გახდა.
ფესტივალი 23 სექტემბერს გაიხსნება და 23 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება, გახსნას ორივე გამოფენის ავტორები დაესწრებიან. მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული.
დაწერე კომენტარი