ორწლიანი პაუზის შემდეგ Tbilisi Art Fair ბრუნდება. ოთხი დღის განმავლობაში ExpoGeorgia კიდევ ერთხელ გადაიქცევა გალერისტების, ხელოვანების, ხელოვნების მოყვარულებისა და კოლექციონერების თავშეყრის ადგილად. Tbilisi Art Fair განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც თანამედროვე ხელოვნების შეძენა სურს, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ ბაზრობა ერთ სივრცეში ძალიან მრავალფეროვან და ერთმანეთისგან განსხვავებულ ხელოვნების ნიმუშებს გვთავაზობს, საკმაოდ რთული ხდება გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დამწყები კოლექციონერი ხართ და არ იცით, ნამუშევრის შეძენისას რა დეტალებზე გაამახვილოთ ყურადღება. გთავაზობთ ელენე აბაშიძისა და ირინა პოპიაშვილის რჩევებს, თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა შევარჩიოთ თანამედროვე ხელოვნების ნიმუში. 

 

 

ელენე აბაშიძე

 


ნამუშევრის ყიდვისას მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ტიპის კოლექციონერი ხართ. არჩევანი ყოველთვის ძალიან ინდივიდუალურია. თუ საკუთარი კოლექციისთვის ყიდულობთ, ნამუშევარი უნდა ესადაგებოდეს თქვენს მსოფლმხედველობას ან პირიქით, ეჭვქვეშ აყენებდეს მას. მე მიყვარს ხელოვნება, რომელიც კომფორტის ზონიდან მაგდებს. სასურველი ნამუშევრის მოსაძებნად ბაზრობა კარგია, რადგან ყველა წარმოდგენილი გალერეა ცდილობს საუკეთესო სელექცია შესთავაზოს მნახველს. აქ თქვენ ნახავთ ე.წ. Best of ნამუშევრებს. შეეცადეთ წარმოდგენილი ნამუშევრების მიხედვით გაეცნოთ ხელოვანს, მისი შემოქმედების  დიაპაზონს, რაშიც კარგი გალერისტი ყოველთვის დაგეხმარებათ. ნამუშევრის შეძენისას გირჩევთ ყოველთვის გალერეას მიმართოთ.  არ აქვს მნიშვნელობა, ხელოვანის ახალი ნამუშევრის შეძენას აპირებთ თუ ძველის, თუმცა ახალი ძველის გარეშე არ არსებობს, ამიტომ გირჩევთ ძველსაც გაეცნოთ ხოლმე. ასე წარმოდგენა შეგექმნებათ ხელოვანზე, რაც შემდეგ არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ. ხელოვანი ცნობილია თუ დამწყები, ამას მნიშვნელობა არ აქვს - გააჩნია რისთვის, ვისთვის და რა კონტექსტისთვის არჩევთ ნამუშევარს.

 

 

ირინა პოპიაშვილი 


პირველ რიგში, ნამუშევარი თქვენ უნდა მოგწონდეთ. თუ გინდათ, რომ ის უბრალოდ თქვენი ოთახის დეკორაცია არ იყოს და ამ ხელოვანის შესახებ ცოტა მეტი იცოდეთ, კარგი იქნება კონსულტაცია გაიაროთ ამ სფეროში გარკვეულ ადამიანთან, ან თავად   მოიძიოთ გუგლში - ნახოთ,  მისი ნამუშევრები თუ  გამოფენილა სადმე, თუ დაწერილა რაიმე მის შესახებ. იმპულსური ყიდვის ნაცვლად, შეეცადეთ, ცოტა მეტი გაიგოთ მის შესახებ. თუ წინასწარ იცით რომელი ხელოვანის ნამუშევრის ყიდვა გსურთ, მოიძიეთ რომელი გალერეა წარმოადგენს მას. დაუკავშირდით გალერეას და სთხოვეთ გამოგიგზავნონ ამ ხელოვანის ნამუშევრები და ფასები. თუ მოწოდებული ინფორმაცია თქვენთვის არახელსაყრელია, სცადეთ მოძებნოთ ამ ხელოვანის წრის სხვა მხატვრები, ან მისი ვიზუალური ენის მსგავსი ნამუშევრები. თუ ხელოვანს გალერეა წარმოადგენს, აუცილებლად გალერეას უნდა მიმართოთ. გალერეა მუშაობს ხელოვანის წარმოსაჩენად და მისი კარიერის განვითარებაზე ბევრ დროს და ფინანსებს ხარჯავს, ამიტომ გალერეის უგულებელყოფა არ არის მიზანშეწონილი. იმ შემთხვევაში, როდესაც  ხელოვანი გალერეასთან არ მუშაობს, მაშინ პირდაპირ ხელოვანს დაუკავშირდით. თუ იცით ვისი ნახატის ყიდვა გინდათ, ისიც გეცოდინებათ, ამ ხელოვანის რომელი პერიოდის ან სერიის ნამუშევარი გაინტერესებთ. იყიდეთ ის, რაც თქვენ მოგწონთ და იფიქრეთ იმაზე, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ეს ნამუშევარი ისევ უნდა მოგწონდეთ. თუ ვერ წყვეტთ ცნობილი ხელოვანის ნამუშევარი გსურთ თუ დამწყების, ასე დავსვათ საკითხი -  ცნობილი ხელოვანის 1 ნახატი გინდათ თუ სხვადასხვა დამწყები არტისტის 5 ნამუშევარი? პრიორიტეტები თქვენი ინტერესების მიხედვით უნდა განსაზღვროთ - ბიუჯეტი რამდენი გაქვთ? ხელოვნებას ინვესტიციისთვის ყიდულობთ თუ  გარკვეული პროფილის კოლექციის შექმნა გაინტერესებთ? დაათვალიერეთ და მოძებნეთ სხვა ცნობილ კოლექციონერებზე ინფორმაცია და გაიგეთ, როგორ იწყებდნენ ისინი შეგროვებას. https://www.artnews.com/art-collectors/top-200-collectors/top-200-collectors/ წელს TAF-ზე მე-4 პავილიონში VAADS-ის ცალკე ჯგუფური გამოფენა იქნება, სადაც ახალგაზრდა ხელოვანების (კურსდამთავრებულების და სტუდენტების)  ნამუშევრები გამოიფინება.  მოდით, ნახეთ და ეგებ მომავალში ძვირადღირებული ხელოვანის ადრეული ნამუშევარიც შეიძინოთ.

 

 

ელენე კაპანაძე


როდესაც ნამუშევარს არჩევთ, პირველ რიგში უნდა მოგეწონოთ ის, რის ყიდვასაც აპირებთ. ნამუშევარმა თქვენ რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გაგრძნობინოთ; ეს გრძნობა სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვა რაღაც შეიძლება იყოს - შეიძლება ესთეტიკურ სიამოვნებას განიჭებდეთ, შეიძლება რაღაც მნიშვნელოვანს და ძვირფასს გახსენებდეთ. ვფიქრობ, ემოციური კავშირი აუცილებლად უნდა გქონდეთ ნამუშევართან, რის ყიდვასაც გადაწყვეტთ; მხოლოდ შემდეგ შეიძლება შეფასდეს თქვენი შენაძენი, მაგალითად, კარგ ინვესტიციად ან კარგ აღმოჩენად. მაგრამ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იცნობდეთ ხელოვანის შემოქმედებასა და ბიოგრაფიას, იცოდეთ მისი ადგილი ხელოვნების ისტორიის დისკურსსა და ლოკალურ კონტექსტში - ასეთი ინფორმაციის მიღებისა და გაანალიზების შედეგად უფრო ინფორმირებულ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ასევე უფრო გასაგები იქნება თქვენთვის ნამუშევრის ღირებულება და მისი სამომავლო პერსპექტივა. ძირითადად გასაყიდ ნამუშევრებს იპოვით გალერეებსა და სალონებში, ამიტომ უნდა ეწვიოთ მათ. მაგრამ დღეს უამრავი ონლაინ პლატფორმა გაჩნდა, სადაც შეიძლება ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება და შეძენა. ასევე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა სოციალური ქსელების პოპულარობამ - დღეს უამრავ ხელოვანს აღმოაჩენთ, მაგალითად. instagram-ის მეშვეობით და უმარტივესად იყიდით მათგან ნამუშევრებს პირადი შეტყობინების მეშვეობით. ამიტომ არ მოგერიდოთ მიწერა! ასევე არსებობს art consulting-ის პრაქტიკა, როდესაც კონსულტანტთან ერთად შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ კონცეფცია, თუ როგორი კოლექციის შექმნა გსურთ და რა ტიპის ნამუშევრებს ეძებთ, ხოლო ეს ადამიანი უკვე თავად მოიძიებს ნამუშევრებს,  რომელიც თქვენს ხედვასა და გემოვნებას შეესაბამება. ასეთი სერვისების გამოყენებისას უფრო მშვიდად შეგიძლიათ იყოთ, რომ თქვენი შენაძენი გამყარებულია ექსპერტული ცოდნით და აუცილებლად მოიძიებთ სასურველ ნამუშევრებს. თუ ხელოვანს წარმოადგენს რომელიმე გალერეა, გალერეას უნდა მიმართოთ, მაგრამ იმ შემთხვევაშიც, თუ პირდაპირ ხელოვანს მისწერთ, ისიც აუცილებლად იმ გალერეაზე მიგითითებთ, რომელიც მას წარმოადგენს. მაგრამ უმეტესობა ხელოვანები არ თანამშრომლობენ გალერეებთან, ამიტომ მათთან პირადად დაკავშირებაც არ უნდა მოგერიდოთ. უნდა შეიძინოთ არტისტის ის ნამუშევარი, რომელიც უფრო მოგწონთ. საერთოდ, როდესაც შემდგარ ხელოვანზე ვსაუბრობთ, მათი კარიერის განმავლობაში არის უფრო მნიშვნელოვანი პერიოდები, როდესაც ისინი საეტაპო ნამუშევრებს ქმნიდნენ და ნაკლებად მნიშვნელოვანი წლები; მაგრამ, თავისთავად ფასებიც საკმაოდ განსხვავდება. რასაკვირველია, ასევე მნიშვნელოვანია რატომ ყიდულობთ ნამუშევარს; თუ უბრალოდ პირადი სიამოვნებისთვის, მაშინ ის უნდა იყიდოთ, რომელიც უფრო გიზიდავთ, მაგრამ თუ კონკრეტულ კოლექციას ქმნით, რომელიც უფრო მიესადაგება ის უნდა შეიძინოთ. კოლექცია შეიძლება აეწყოს სხვადასხვანაირად, მაგალითად, კონკრეტული პერიოდის, გეოგრაფიის ან თემატიკის გარშემო. ბიუჯეტის მიხედვით გადაწყვიტეთ ცნობილ არტისტს აირჩევთ, თუ დამწყებს, ორივეს თავისი ხიბლი აქვს - ცნობილი ხელოვანი, რომელსაც ადგილი დამკვიდრებული აქვს სახელოვნებო ბაზარზე, ნაკლები რისკია, თუმცა ბევრად დიდი თანხაა. დამწყები ხელოვანის შემთხვევაში დიდი შანსია თქვენი შეძენილი ნამუშევარი მცირე დროში რამდენჯერმე გაძვირდეს, თუმცა არის იმის შანსიც, რომ საერთოდ გაქრეს სახელოვნებო სცენიდან. ძალიან მახარებს, რომ ბევრი სახელი მახსენდება, ვინც შეიძლება გირჩიოთ. მომწონს, რომ ამდენი ახალგაზრდა, საინტერესო, ამბიციური და ნიჭიერი ხელოვანი მოღვაწეობს დღეს ქართულ სახელოვნებო სცენაზე. ჩამოვთვლიდი ხელოვანებს, ვისთანაც ვთანამშრომლობ, მაგალითად: გვანცა ჯიშკარიანი, მარიამ აქუბარდია, თეკლა კიღურაძე, ანა ჩადუნელი. თუმცა ნამდვილად ბევრი ფანტასტიკური ხელოვანი მუშაობს დღეს საქართველოში და ჯერჯერობით შედარებით ხელმისაწვდომია მათი ნამუშევრები, ამიტომ უფრო თამამად შეიძინეთ ახალგაზრდა ხელოვანები, მათ ნამდვილად დიდი მომავალი აქვთ!

 

ფოტო: სერა ძნელაძე, ნატა სოფრომაძე