ზაფხულს ძირითადად ბათუმში ვატარებ და ყველაფერს ვიღებ, რაც მომწონს ან საინტერესო მეჩვენება. ფოტოგრაფიაში სილამაზეს არ ვეძებ, მნიშვნელოვანია აღვბეჭდო ის, რასაც კონკრეტულ მომენტში ვხედავ, ვცდილობ დოკუმენტური სიზუტით აღვწერო, რაც გარშემო ხდება. 

ზოგადად,  საინტერესოა ბათუმის გადაღება, ფოტოგრაფიაში სივრცე და კონტურებსა და სილუეტებზე დაკვირვება მიყვარს, ბათუმი იძლევა საშუალებას, რომ დიდი სივრცე გადავიღო, კადრი ობიექტებით არ გავავსო. შეიძლება ითქვას, რომ მარტივი გადასაღებია ბათუმი -  ზღვის და მზის ჩასვლის გამო პეიზაჟი ყოველთვის ლამაზია. 

 

ფოტოს ნებისმიერ ამინდსა და განათებაში ვიღებ, არ მიყვარს განათებასა და გარემოზე დამოკიდებულება, მეტიც, ცუდი განათება დაბრკოლება არაა ჩემთვის, გამოწვევაა, გამოწვევები კი მიყვარს. 

ბათუმში ხშირია ნისლი, ამ დროს განსაკუთრებით მომწონს აქაურობა, ნისლი აქრობს მაღალ შენობებს, უცხო ობიექტებს და ქალაქს სივრცეს სძენს, ამ დროს ბათუმი თითქოს ისეთი ხდება, როგორსაც ვისურვებდი რომ იყოს. 

ხიდიდან ზღვაში გადახტომა ალბათ ყველა ბათუმელი ბავშვის საყვარელი ექსტრემალური გართობაა, შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი ტრადიციაა, რომელსაც ყველა ბავშვი ასრულებს. 

 

 

ეს ფოტო ციხისძირშია გადაღებული, სადაც მეგობრებთან ერთად საბანაოდ წავედი, მაგრამ შტორმი იყო და ზღვაში ვეღარ შევცურეთ, თუმცა ტალღები ძალიან ლამაზად ეხეთქებოდა ქვებს, ჩემი მეგობრები ერთობოდნენ და მე სურათებს ვიღებდი.

დილით სათევზაოდ გასვლა ზღვისპირა, საპორტო ქალაქისთვის ძალიან დამახასიათებელი რამაა, მიყვარს ხანში შესულ მეთევზეებზე დაკვირვება, მათ ქცევაში არის რაღაც რომანტიკული. ზოგიერთი მათგანი ყოფილი მეზღვაურია. როგორც წესი, ისინი ყოველდღე თევზაობენ, თუმცა მათთვის თევზის დაჭერა ურთიერთობისა და გართობის საშუალება უფროა.

 

ავტორი: სერა ძნელაძე