იტალიელმა არქიტექტორმა და დიზაინერმა გაეტანო პეშემ Bottega Veneta-სთვის 400 სკამის დიზაინი შექმნა. სკამები მილანის მოდის კვირეულზე ბრენდის ჩვენებას აფორმებდა. 

არქიტექტორმა აღნიშნა, რომ ეს სკამები მომავალს განასახიერებს, სადაც მრავალფეროვნება ცხოვრების ფორმა გახდება, სამყაროს, სადაც ყველა ადამიანი ერთი საზოგადოების წევრია,  ერთად ჰარმონიულად ცხოვრობს და მუშაობს. ის მიიჩნევს, რომ ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან, ცდება და გვარწმუნებს, რომ მშვენიერება სწორედ განსხვავებულთა თანაარსებობაშია.

იმის დასამტკიცებლად, რომ ასეთი ცხოვრება შესაძლებელია, გაეტანო პეშემ ოთხასივე სკამი, თავის გუნდთან ერთად, საკუთარი ხელით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე შექმნა. თითოეული სკამის დიზაინი უნიკალურია, ისინი ტრადიციული იტალიური მეთოდით შეღებილი ქსოვილითაა გაფორმებული, თუმცა ვიზუალურად მარმარილოს შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ზოგიერთ სკამს Bottega Veneta-ს აქსესუარების პრინტები აფორმებს, რამდენიმე კი გაეტანო პეშეს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, ასპენის ხელოვნების მუზეუმს მიაგებს პატივს. 

როგორც არქიტექტორი აღნიშნავს, მისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ფუნქციური და ვიზუალური მხარეების სინთეზი, სწორედ ამიტომ იყო მისთვის მნიშვნელოვანი ამ პროექტზე მუშაობა და იმის დამტკიცება, რომ ნივთი ერთდროულად შეიძლება ლამაზიც იყოს და კომფორტულიც. 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Matteo Canestraro