მიუხედავად იმისა, რომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალები და კონცერტები გადაიდო, მუსიკოსები მაინც ახერხებენ თავიანთი თაყვანისმცემლების გაოცებას. Glastonbury-ის ძველი ლაივების თავიდან ნახვის შესაძლებლობიდან დაწყებული, საკუთარი Grimes-ის ვიდეოს გადაღებით გაგრძელებული, მუსიკის ერთგული მსმენელი ნამდვილად არ მოიწყენს.


მუსიკოსების გამოწვევაში, გაამხნევონ და გაართონ თავიანთი თაყვანისმცემლები, ცნობილი ინგლისური როკ-ჯგუფი Radiohead-იც ჩაერთო. ბენდის წევრები მათ საუკეთესო კონცერტებს Youtube-ის არხზე ატვირთავენ. Radiohead-ის ვრცელი ბიბლიოთეკის არქივში ბევრი კონცერტია წარმოდგენილი, მაგალითად, როგორიცაა დუბლინში 2000 წელს კარვიდან ჩატარებული ლაივი, რომლის დროსაც ჯგუფმა სიმღერები კონცერტამდე ერთი კვირით ადრე  გამოსული ალბომიდან, Kid A-დან შეასრულა. 


იანვარში Radiohead-ის საჯარო ბიბლიოთეკის არქივი შეიქმნა, რის შემდეგაც ჯგუფის წევრები ყოველდღე ბიბლიოთეკარის როლს ირგებენ და თავიანთ საყვარელ მასალას აქვეყნებენ. ჯგუფის გულშემატკივრებს „ბიბლიოთეკის ბარათის“ ასაღებად მხოლოდ საიტზე დარეგისტრირება სჭირდებათ, რის შემდეგაც მათ საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ და გაიხსენონ ყველა ის ნამუშევარი, რაც ჯგუფს აქამდე შეუქმნია. მათ შორისაა Radiohead-ის შესახებ 1998 წელს გადაღებული დოკუმენტური ფილმი „ხალხთან შეხვედრა მარტივია“ და მათ მიერ შესრულებული, ასევე ინგლისური როკ-ჯგუფის - New Order-ის ერთ-ერთი ცნობილი სიმღერა “Ceremony”.


„ახლა, როდესაც თითოეულ თქვენგანს სახლში ყოფნის გარდა სხვა არჩევანი არ აქვს, გადავწყვიტეთ Radiohead-ის საჯაროს ბიბლიოთეკის არქივიდან რამდენიმე ლაივ კონცერტი შემოგთავაზოთ, რომლებსაც ჩვენს Youtube-ის არხზე ავტვირთავთ“, -  აღნიშნულია ჯგუფის საკუთარ Instagram-ის გვერდზე. პირველი ლაივის ნახვა 10 აპრილს, ბრიტანეთის დროით 22 საათზე იქნება შესაძლებელი.

 

Radiohead-ის Youtube-ის არხის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.