Nel Tuo Tempo ითარგმნება, როგორც “შენი ტემპით”. სწორედ დროს აკვირდება ოლაფურ ელიასონის გამოფენა, დროს, რომელიც კონკრეტული ცვლილებისას გადის, ასევე პერიოდს, რომელიც საჭიროა ადამიანის მეხსიერებაში მოგონებების ჩასაბეჭდად. ისლანდიური წარმოშობის დანიელი ხელოვანისთვის სწორედ დროის ასეთი რთული და კომპლექსური აღქმაა საინტერესო და გამოფენით ქმნის სივრცეს, სადაც აერთიანებს ხელოვნებას, არქიტექტურასა და კულტურის სიყვარულს.
Nel Tuo Tempo არტისტის ყველაზე დიდი გამოფენაა იტალიაში - სინათლე, ჩრდილები, ანარეკლები, სხვადასხვა განმეორებადი გამოსახულებები, ფერები და VR ტექნოლოგია, ადგილზე შექმნილ ინსტალაციებთან და არტისტის სკულპტურებთან იკვეთება და ქმნის სივრცეს, სადაც ძველი და ახალი ერთმანეთს ხვდება, მაქსიმალურად თანამედროვე ხელოვნება რენესანსის შენობას იპყრობს.
ელიასონის ეს გამოფენა ერთგვარი პორტალია წარსულში და ამასთანავე აწმყოს წარმოგვიდგენს. არტისტი გამოფენაზე დამთვალიერებელს თვითონვე ხვდება. როგორც ის აღნიშნავს: “თითოეული გონება და სხეული განსხვავდება, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი ინდივიდუალურ გზას გადის სხვადასხვაგვარი გამოცდილებით, გამოფენა კი სივრცეა, სადაც ერთმანეთს ვხვდებით ჩვენი წარსულით, გამოცდილებებითა და გასავლელი გზით”.
Nel Tuo Tempo-ს კურატორი არტურო გალანსინოა. გამოფენა 2023 წლის 22 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Ela Bialkowska, Courtesy Of The Artist, Palazzo Strozzi, Okno Studio
დაწერე კომენტარი