პირველ ოქტომბერს, სასტუმრო "რუმსის" "გარდენ ჰოლში" უაილი სთეითმენი - ტარანტინოს ფილმების მთავარი ხმის დიზაინერი - კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება და მოხსენებით გამოვა.
უაილი სთეითმენი თბილისში ხმის პოსტპროდუქციისა და მუსიკის კომპანია POSTRED-ის მოწვევით იმყოფება. ვიზიტი უკავშირდება კომპანიის მიერ The USAID Industry-Led Skills Development Program-ის ფარგლებში დაარსებული POSTRED Academy-ს გახსნას, სადაც სტუდენტები შეისწავლიან ხმის დიზაინსა და მუსიკას ვიზუალური მედიისთვის. გარდა კვენტინ ტარანტინოს ფილმებისა, უაილი სთეითმენს უმუშავია ფილმებზე: "მარტო სახლში", "გეიშას დღიურები", "შრეკი", "ალექსანდრე" და მრავალი სხვა.
უაილი სთეითმენთან თანამშრომლობის გამოცდილება აქვს უშუალოდ POSTRED-ისაც, HBO-ს სერიალ Euphoria-ზე მუშაობისას. იგი კომპანია SOUNDELUX-ის დამფუძნებელია. უაილი სთეითმენი ცხრაჯერ იყო ნომინირებული ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, "ოსკარზე", მიღებული აქვს „ემის“ ჯილდო სერიალისთვის „დედოფლის გამბიტი.“უაილი სთეითმენი ვიზიტის დროს შეხვდება საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორ კახა სიხარულიძეს, USAID-ისა და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს, ასევე “აწარმოე საქართველოში“ დირექტორს.
სთეითმენის სტუმრობის მიზანია, მხარი დაუჭიროს საქართველოში POSTRED-სა
და POSTRED Academy-ის პოსტპროდუქციის აუდიოსერვისების განვითარებაში.POSTRED-ი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ჰოლივუდშიც ცნობილი ხმის პოსტპროდუქციისა და მუსიკის კომპანიაა, რომელსაც უმუშავია Paramount Pictures-ის ფილმზე "ყვირილი", ემიზე 16-ჯერ ნომინირებულ HBO-ს სერიალ "ეიფორიაზე", ასევე ქართულ ფილმებზე, მაგალითად: ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონსა" და დიტო ცინცაძის „შინდისზე“.
სტუმრობის ფინანსური მხარდამჭერები არიან: USAID, აშშ-ს საელჩო საქართველოში და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პარტნიორები: აჭარა ჯგუფი, D ბლოკი და საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი.
დაწერე კომენტარი