მსოფლიოში ალბათ ცოტა წიგნი თუ ფილმია ისეთი პოპულარული, როგორიც "ჰარი პოტერის" სერია, მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ჯადოსნურ სამყაროში ხდება და ფილმები ძირითადად სტუდიაშია გადაღებული, დიდ ბრიტანეთში იპოვით ადგილებს, "ჰარი პოტერის" ფილმებიდან, სადაც სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

 

დერსლების სახლი 

"ჰარი პოტერის" საგაში ხშირად ვხვდებით პრივიტ დრაივის 4 ნომერს, სადაც დერსლების ოჯახი და ჰარი ცხოვრობენ. სახლი, რომელსაც ფილმში ვხედავთ, ქალაქ ბრაკნელში მდებარეობს, ფასადი ზუსტად ისეთია, როგორიც ფილმში, თუმცა ინტერიერი შეცვლილია, დერსლების მისაღები ოთახის, სამზარეულოს და ჰარის ოთახის ხილვა მსურველებს Warner Brothers-ის სტუდიაში შეუძლიათ. 

 

პლატფორმა 9 ¾  

კინგს ქროსის სადგურის პლატფორმა 9 ¾-ის ადგილია, საიდანაც ჰოგვორტსის ექსპრესს მოსწავლეები სკოლაში მიჰყავს, პლატფორმაზე მოსახვედრად მოჯადოებულ კედელში გავლაა საჭირო. დღეს კინგს ქროსის სადგურზე ის კედელი, რომელშიც ჰარი და მისი მეგობრები ფილმში გადიან, ტურისტულ ატრაქციონადაა ქცეული. 

 

რკინიგზა, რომელსაც ჰოგვორტსის ექსპრესი გაივლის

 


 

"ჰარი პოტერის" ფილმების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულო სცენაა ზემო ხედით გადაღებული ძალიან ლამაზი რკინიგზა, რომელიც ჰოგვორტსისკენ მიემართება. ეს სცენა 1901 წელს გლენფინანის ვიადუქტზეა გადაღებული, რომელიც შოტლანდიაში, ინვერნესში მდებარეობს.

 

"გახვრეტილი კარდალა"

 


"გახვრეტილი კარდალა" ბარია "ჰარი პოტერის" საგიდან, რომლის ეზოშიც მაგლების სამყაროდან მაგიურ მრუდე ქუჩაზე გასასვლელი მდებარეობს, ბარის შესასვლელი კარი რეალურად ლონდონში, Bull's Head-ის პასაჟში მდებარეობს და ერთ-ერთ ოფისს ეკუთვნის.

 

ჰოგვორტსის შიდა ეზო

ჰოგვორტსის შიდა ეზოს ფილმებში რამდენჯერმე ვხვდებით, მაგალითად, მაშინ როდესაც ჰარი ჰედვიგს უშვებს, ან როდესაც პროფესორი მაკგონაგელი მოსწავლეებს ერთ-ერთ შელოცვას ასწავლის. რეალურად ეს სცენები მე-11 საუკუნის კათედრალშია გადაღებული, რომლის მონახულებაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

 

ჰოგვორტსის ბიბლიოთეკა

 


ჰოგვორტსის სკოლას ძალიან ლამაზი ბიბლიოთეკა აქვს, რომელიც რეალურად არსებობს. ის მე-17 საუკუნისაა და ოქსფორდის უნივერსიტეტს ეკუთვნის. 

 

გრიფინდორის საერთო ოთახი

საერთო ოთახი, სადაც "გრიფინდორელები" თავისუფალ დროს ატარებენ, გლაუსესტერის კათედრალის დერეფანშია გადაღებული, ვიტრაჟებით გაფორმებული, შემინული დერეფანი იმდენად ლამაზია, რომ მას არა მხოლოდ "ჰარი პოტერის" მოყვარულები, არამედ სხვა ტურისტებიც ხშირად სტუმრობენ. 

 

ფრენის გაკვეთილები

 


ალბათ ყველას ახსოვს სცენა, როდესაც ჰარის და მისი მეგობრებს მადამ ჰუჩი ცოცხზე ფრენას ასწავლის. ამ ეპიზოდის გადასაღებად ელნვიკის სასახლის ეზო და გვერდითი ფასადი გამოიყენეს. სასახლე ჩრდილოეთ ინგლისში მდებარეობს. 

 

შხამ-წამლების კაბინეტი

ლეკოკის სააბატოს ინტერიერი "ჰარი პოტერში" რამდენჯერმე გამოიყენეს. ამ შენობაში მდებარეობს კაბინეტი, სადაც პროფესორი სნეიპი მოსწავლეებს სხვადასხვა წამლის მომზადებას ასწავლის, ასევე ოთახი, სადაც "ფილოსოფიურ ქვაში" პროფესორი ქუირელი ბნელი ძალებისგან თავდაცვის გაკვეთილებს ატარებს.

 

ჰოგვორტსის ტბა

 


ჰოგვორტსის ეზოს ულამაზესი ტბა ამშვენებს, რომელსაც ფილმებში ხშირად ვხედავთ, მაგალითად, "ასკაბანის ტყვეში", როდესაც მას ჰიპოგრიფზე ამხედრებული ჰარი გადაუფრენს, სინამდვილეში ტბის სცენები ორ სხვადასხვა ადგილასაა გადაღებული - ლონდონთან ახლოს მდებარე ვირჯინია ვოთერისა და შოტლანდიაში, ლოქ შიელის ტბებთან.

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე