ჯეინ ოსტინის მოყვარულებს ავტორის შემოქმედებაში ბევრი დეტალი იზიდავთ - რომანტიკული პროტაგონისტები, რეგენტობის ხანის წეს-ჩვეულებები, მდიდრული წვეულებები თუ ის სახლები და სასახლეები, სადაც მოქმედება მიმდინარეობს. ოსტინის წიგნების ადაპტაციებში კი ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ, ეკრანებზე ცოცხლდება. გთავაზობთ ექვს სახლს, რომლებსაც მწერლის ნამუშევრების მიხედვით გადაღებულ ფილმებში ვხვდებით, და რომლებიც რეალურად არსებობს.
Basildon Park
"სიამაყე და ცრურწმენის" 2005 წლის ადაპტაციაში განსაკუთრებით დასამახსოვრებელია მისტერ ბინგლის სახლი, სადაც ელიზაბეტ ბენეტი და მისტერ დარსი ერთმანეთს გაიცნობენ და პირველად იცეკვებენ. ფილმის ეს სცენები რეალურ სახლშია გადაღებული, რომელიც 1771 წელს ნეოკლასიცისტურ სტილშია აგებული.
Lyme Park House
ოსტინის შემოქმედების მოყვარულები აუცილებლად იცნობენ Lyme Park House-ის ტბას, რომელსაც "სიამაყე და ცრურწმენის" 1995 წლის ადაპტაციაში ვხვდებით, სადაც მისტერ დარსის როლს კოლინ ფერტი ასრულებს. რეზიდენცია 1338 წლიდან ერთ ოჯახს ეკუთვნოდა, სანამ 1946 წელს შთამომავლებმა შენობა საქველმოქმედო საზოგადოებას არ გადასცეს.
Montacute House
ინგლისის პროვინციულ ნაწილში, სომერსეტში მდებარე Montacute House გვხვდება "გრძნობა და გონების" 1995 წლის ადაპტაციაში, ამ შემთხვევაში შენობის მხოლოდ ფასადს იყენებენ და არა ინტერიერს.
Chatsworth House
Chatsworth House ყველაზე საინტერესო შემთხვევაა "სიამაყე და ცრურწმენაში" - ელიზაბეტი ბიძასთან და ბიცოლასთან ერთად სწორედ ამ სასახლეს სტუმრობს. წიგნის დაწერიდან 200 წლის შემდეგ კი, ადაპტაციის გადაღებისას, ზუსტად ეს სასახლე გამოიყენეს. სასახლე საუკუნეებია დევონშირის გრაფებს ეკუთვნით, შენობაში დაცულია მარმარილოს სკულპტურების დიდი კოლექცია, რომელთა შორისაც მისტერ დარსის როლის შემსრულებლის, მეთიუ მაკფეიდენის ქანდაკებასაც შეხვდებით.
Belton House
1685-88 წლებში აგებული სასახლე "სიამაყე და ცრურწმენის" 1995 წლის ადაპტაციაში ლედი კეტრინ დე ბურის რეზიდენციაა.
Wilton House
ინგლისში, სოლსბერიში მდებარე სასახლე, რომელიც პემბროკის გრაფს ეკუთვნის, უკვე 450 წელია ერთი ოჯახის საკუთრებაა. სასახლის შთამბეჭდავი ინტერიერი გვხვდება როგორც ოსტინის რამდენიმე ადაპტაციაში, ასევე სერიალ The Crown-ში. სასახლის ბიბლიოთეკა გამოყენებულია "სიამაყე და ცრურწმენაში", ერთ-ერთი ოთახი კი "გრძნობა და გონებაში", გარდა ამისა, სასახლე რამდენიმე სცენაში გვხვდება "ემას" უახლეს ადაპტაციაში.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Architectural Digest, Getty Images
დაწერე კომენტარი