4 ოქტომბერს პარიზის მოდის კვირეულზე ქართულმა ბრენდმა SITUATIONIST-მა 2023 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია ციფრული პრეზენტაციით წარადგინა. ჩვენებაზე წარმოდგენილი იყო ბრენდის ნიშად ქცეული ძველებური სილუეტები. გასული სეზონების მსგავსად, კოლექციის მთავარი შთაგონება კვლავ საქართველო და ქართული კულტურა იყო.
SITUATIONIST-ის როგორც ბრენდის ხედვა ემყარება გარშემო არსებული შთაბეჭდილებების ტანსაცმელში გამოსახვას, რაც ისტორიული წარსულისა და ინდივიდუალური ხედვის ერთგვარ სინთეზს ქმნის. სწორედ ამიტომ SITUATIONIST-ის სამოსი პირველ რიგში ხასიათს გამოხატავს და შემდეგ აქცევს ყურადღებას სხეულსა თუ ფორმებს.
ბრენდი უკვე მეხუთედ წარდგა პარიზის მოდის კვირეულზე. SITUATIONST-ში შექმნილი თითოეული სამოსი ექსკლუზიურია და ძირითადად ბუნებრივი მასალებისგან იქმნება.
გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში გამოყენებულია ძველი ქსოვილები, მათ შორის 1980-იანი წლების აბრეშუმი. კოლექციაში შემავალი კლასიკური კოსტიუმები ტრადიციული მეთოდითაა შეკერილი, ნაქსოვი სამოსი კი ხელითაა მოქსოვილი, თუმცა მათ შექმნაში ინოვაციური მეთოდები გამოიყენება.
როგორც ბრენდი აღნიშნავს, ყოველი სეზონი შესაძლებლობაა ქართული კულტურის მსოფლიოსთვის გასაცნობად.
ფოტო: SITUATIONIST
დაწერე კომენტარი