Cloister Tennis Center
ჯორჯიის შტატში მდებარე Cloister Tennis Center ძმები იანსენების ჩოგბურთის აკადემიის ბაზაა. კორტები კურორტზე მდებარეობს და მისი რვა მოედანი ულამაზეს ხედს გადაჰყურებს.
Astor Courts
ნიუ-იორკში მდებარე ასტორების კორტები 1902 წელს ეივა და ჯონ ჯეიკობ ასტორების ინიციატივით აიგო. ასტორებმა ამერიკულ კომპანია McKim, Mead & White-თან ერთად განიზრახეს აეშენებინათ სპორტული კომპლექსი მდიდარი ნიუიორკელი ოჯახებისათვის. გარდა ღია და დახურული კორტებისა, კომპლექსში შედის "სკვოშის" მოედანი, ბოულინგის დარბაზი და ამერიკის შეერთებული შტატების პირველი საჯარო დახურული აუზი.
Il San Pietro di Positano resort
პორტოფინოში მდებარე კურორტ Il San Pietro di Positano-ს საჩოგბურთო მოედანს ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მდებარეობა აქვს - მოედანს ერთი მხრიდან კლდეები ერტყმის, მეორე მხარიდან კი ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს.
Burj Al Arab
2005 წელს დუბაიში მდებარე სასტუმრო Burj Al Arab-ის ვერტმფრენის დასაჯდომ მოედანზე დროებით საჩოგბურთო კორტი მოეწყო და როჯერ ფედერერსა და ანდრე აგასის შორის გამართულ ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა - ზღვის დონიდან 200 მეტრის სიმაღლეზე გამოკიდებული კორტიდან ულამაზესი ხედი იშლებოდა.
International Tennis Hall of Fame
როდ აილენდზე მდებარე ჩოგბურთის კორტები ალბათ ყველაზე ზუსტად გადმოსცემს, თუ როგორი უნდა იყოს ტრადიციული საჩოგბურთო მოედანი, ბალახის კორტს გარშემო მწვანე ფერის ნაგებობა ერტყმის. მოედანმა 1881 წელს უმასპინძლა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ საჩოგბურთო ტურნირს.
წყალში მოტივტივე კორტი მექსიკაში
მექსიკაში, აკაპულკოში 2014 წლის მექსიკის ღია პირველობისთვის აეწყო ჩოგბურთის კორტი, რომელიც ღია ზღვაში ტივტივებს, კორტს, რა თქმა უნდა, ჩემპიონატის მსვლელობისას არ იყენებდნენ, თუმცა მან იუჟენ ბუშარისა და გრიგორ დიმიტროვის ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა.
San Paolo Converso
2014 წელს მილანში მდებარე მე-16 საუკუნის ტაძარში ამერიკელმა არქიტექტორმა და ხელოვანმა ასად რეზამ ტენისის კორტი განათავსა. ფერადი მოედანი სრულ კონტრასტს ქმნის გვიანი რენესანსის სტილის სამლოცველოსთან, არქიტექტორის მიზანი იყო გამოეკვლია, თუ როგორ იყენებენ ადამიანები საჯარო სივრცეებს სხვადასხვა მიზნისთვის.
Enchantment Resort
ცენტრალურ არიზონაში, სედონაში, საჩოგბურთო კომპლექსი ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ სანახაობას გვთავაზობს - შუაგულ უდაბნოში მდებარე კორტებს გარს წითელი კლდეები და კაქტუსები აკრავს, რის ფონზეც მწვანე მოედანი სრულ კონტრასტს ქმნის.
The Couch
ამსტერდამში მდებარე საჩოგბურთო მოედანი The Couch არქიტექტურული კომპანია MVRDV-ის დიზაინით შეიქმნა, წითელ კორტზე განსხვავებით ტრადიციული კორტებისგან, მაყურებლების სკამები მოედნის გარშემო არ არის განლაგებული, თამაშის ყურება შენობის ფანჯრებიდან და მისი სახურავიდანაა შესაძლებელი, რაც, ერთი მხრივ, ზრდის სათამაშო სივრცეს, მეორე მხრივ კი - მოედანს ერთგვარ თანამედროვე ამფითეატრს ამსგავსებს.
La Cavalerie Club
1924 წელს აგებული არტ-დეკოს სტილის შვიდსართულიანი შენობის ბოლო სართულზე მდებარე საჩოგბურთო კორტი მსოფლიოში ერთ-ერთ ულამაზესად მოედნად მიიჩნევა, მისი დიზაინი ფრანგ არქიტექტორ რობერ ფარადეშს ეკუთვნის. კორტი პარიზის მე-7 და მე-15 უბნების საზღვარზე მდებარეობს. მისი ტერასიდან ხედი ეიფელის კოშკზე იშლება.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Architectural Digest, Il San Pietro Resort
დაწერე კომენტარი