თვითიზოლაციის დროს ბევმა ხელოვანმა გადაწყვიტა თაყვანისმცემლებისთვის ინტერნეტით მასტერკლასები ან ლექციები ჩაეტარებინა. ზოგმა ეს ინსტაგრამ-ჩართვით გააკეთა, მათ შორისაა ჟან-ლუკ გოდარიც.
ამჟამად შვეიცარიაში, საკუთარ სახლში მყოფმა 89 წლის რეჟისორმა, ECAL-ის კინო კათედრის განყოფილების ხელმძღვანელ ლიონელ ბაიერთან საუბრისას განიხილა „კადრები კორონავირუსის დროს“. ინსტაგრამ-ჩართვა 90 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.
როგორც C News წერს, À bout de soufflé-ის რეჟისორმა თქვა: „ვირუსი არის ურთიერთობა, ისევე, როგორც ის, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ (გულისხმობს პირდაპირ ჩართვას). მან შეიძლება ჩვენ არ მოგვკლას, თუმცა ცხოვრებას ნამდვილად უფრო გაგვირთულებს“.
დისკუსიის უმეტესი ნაწილი არა კორონავირუსს, არამედ გოდარის ფილოსოფიის განხილვას დაეთმო. რეჟისორმა ენის შეუსაბამობაზეც ისაუბრა, რასაც ის თავის ნაშრომებში ხშირად ახსენებს და იკვლევს. მან ასევე პატივი მიაგო ჟაკ რივეტსა და ერიკ რომერს, რომლებიც ახალი ტალღის დროს მისი კოლეგები იყვნენ.
გოდარმა ისაუბრა თავისი მუშაობის მეთოდებზეც და თქვა: „სანამ ბეჭდვას დავიწყებდი, ძალიან მიყვარდა ხელით წერა, ახლაც, როდესაც ეს შესაძლებელია, ხელით ვწერ. ხშირად ვერ ვარჩევ საკუთარ კალიგრაფიას და გადაწერა მიხდება, ხოლო იგივე არასდროს გამომდის, თუმცა, როგორც ამბობენ, მხოლოდ მას შეუძლია წერა, ვინც წაშლაც იცის“.
მან ახალგაზრდა კინორეჟისორებს რჩევა მისცა: „ახალი ტალღის დროს ვფიქრობდი, რომ კინო უნივერსიტეტში უნდა ესწავლებინათ. თუმცა ახლა, როდესაც ბაკალავრიატის დამთავრებას X წელი სჭირდება, გირჩევთ, რომ სახლში წახვიდეთ და რამე სხვა გააკეთოთ“.
დაწერე კომენტარი