ყვითელ ფონზე გამოსახული შავი ცხენის ისტორია, რომელიც დღეს ხარისხთან, სიმდიდრესა და ძლიერებასთან ასოცირდება, 1948 წელს იწყება, როცა ფერდინანდ პორშე მანქანის საკუთარ ბრენდს აარსებს. მის მიერ პორშეს პირველივე მოდელის - Porsche 356-ის შექმნიდან დღემდე კომპანიის ფილოსოფია და მომხმარებლისთვის შეთავაზებული ინდივიდუალურ გამოცდილებაზე დაყრდნობილი მიდგომები არ შეცვლილა, უფრო მეტიც, ის სხვადასხვა ფორმით კვლავ აგრძელებს თანამედროვე რეალობაში არსებობას.

ამ ინდივიდუალურ გამოცდილებაზე მორგებული სერვისის ნათელი მაგალითი 7 ოქტომბერს Destination Porsche-ს კონცეფციით გახსნილი პირველი შოურუმიცაა, რომელიც მსოფლიოში რამდენიმეა და მომავალში სწორედ თბილისში არსებული  პორშეს ცენტრების რეკონსტრუქციის შედეგად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშიც გაიხსნება. Destination Porsche-ს კონცეფცია კი გერმანული ბრენდის უახლესი და თანამედროვე სტანდარტებითა და დიზაინით გათვალისწინებულ შოურუმს გულისხმობს, რომელიც მომხმარებლის მიმართ განსაკუთრებულ ინდივიდუალურ მიდგომას და მომსახურებას ითვალისწინებს.

პეტრე წაქაძე, Tegeta Premium Vehicles-ის დირექტორი: „მიხარია, რომ ჩვენს სტუმრებს „პორშე ცენტრი თბილისის“ განახლებულ შოურუმში ვმასპინძლობთ. პორშეს სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენც მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და ვფიქრობ, ახალი ცენტრი სწორედ ამის დასტურია. მის ასაშენებლად 20 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ, რაც ამგვარი პროექტებისთვის საქართველოს ბაზარზე უპრეცედენტო თანხაა. გვინდა, რომ გერმანული პრემიუმ ბრენდის მომხმარებლისთვის ავტომობილის შეძენა კიდევ უფრო სასიამოვნო გახდეს. გვიხარია, რომ ჩვენი ახალი შოურუმი მოგვცემს საშუალებას, პორშეს ქართველ თაყვანისმცემლებს ბრენდი სრულყოფილად წარვუდგინოთ“. 

"თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილ კომპანია "პორშე ცენტრი თბილისში", რომელიც ერთ სივრცეში შოურუმსა და სერვისცენტრს აერთიანებს, მომხმარებელს საშუალება ექნება მთავარ დარბაზში წარმოდგენილი პორშეს ბრენდის უახლესი და ექსკლუზიური ავტომობილები და ცალკეული აქსესუარები დაათვალიეროს. შესაძლებელია ადგილზევე გამოსცადოთ თქვენთვის სასურველი მოდელი და სურვილის შემთხვევაში, კონფიგურატორის დახმარებით, ეგრეთ წოდებულ Fitting Lounge-ში ფერისა თუ მატერიის გათვალისწინებით, თავადვე შექმნათ საოცნებო მანქანის დიზაინი. მათ კი, ვინც უკვე ფლობს ყველაზე პრესტიჟულ ავტომობილს, ელექტრობიდან დაწყებული, სავალი ნაწილებისა და ძრავის მიმართულებით დამთავრებული, ყველა სახის ტექნიკური მომსახურების მიღება ახალ შოურუმში განთავსებული სწრაფი მომსახურების სალონში შეუძლია, სადაც დამატებით ცალკეა გამოყოფილი სივრცე მათთვის, ვინც პორშეს მარკის ელექტრომობილებს ფლობს.

თამარ ხოსროშვილი,  „პორშე ცენტრი თბილისის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ერთ-ერთი მთავარი სიახლე შოურუმში არის „fitting lounge”, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს, თავად შეარჩიოს და ნახოს სასურველი ფერი თუ მატერია, როგორ გამოიყურება რეალურად. შესაბამისად, მასალისა და ფერის გათვალისწინებით მომხმარებელს შეუძლია ინდივიდუალური დიზაინი შეარჩიოს. ჩვენი შოურუმშის თითოეულ სტუმარს ექნება შესაძლებლობა თავად შეაფასოს Destination Porsche-ს კონცეფცია“.

7 ოქტომბერს გამართულ შოურუმის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებმა საკუთარ თავზე გამოცადეს "პორშე ცენტრი თბილისის" ყველა ეს სიახლე, ისედაც გამორჩეული თეთრი ფერის მინიმალისტური დიზაინის თბილ და კომფორტულ ატმოსფეროს კიდევ უფრო მეტ განსაკუთრებულობას და დახვეწილობას სძენდა ბექა გოჩიაშვილის, გიორგი ცაგარელისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ შესრულებული მუსიკა, რომლის ფონზეც სტუმრებმა კარგად ნაცნობი ბრენდი ხელახლა, ამჯერად კიდევ უფრო ინდივიდუალური კონცეფციით აღმოაჩინეს.

 

ავტორი: გვანცა ჩანადირი