The Body Shop ერთ-ერთი პიონერი ბრენდია, რომელმაც შექმნა ფილოსოფია, რომ ბიზნესის საშუალებით შეიძლება სიკეთის კეთება და კონცეფციაც ამას მოარგო: იბრძოლოს უკეთესი და უფრო ლამაზი სამყაროსთვის. ბრენდი დაარსების დღიდან ქალთა უფლებების დამცველია, იყენებდა და იყენებს მაღაზიებსა თუ პროდუქციას გარემოსა და ადამიანების უფლებებზე სასაუბროდ. The Body Shop ახორციელებს კამპანიებს, რომელთა საშუალებითაც ცდილობს, მხარი დაუჭიროს და გააძლიეროს გოგოები უფრო მეტად თანასწორი სამყაროს შექმნისათვის.
მსგავსი ფილოსოფიისა და შეხედულებების გამო, The Body Shop-ისა და Hammock Magazine-ს ურთიერთობა ბრენდის საქართველოში შემოსვლისთანავე დაიწყო, ერთად განხორციელებული პროექტების შემდეგ კი წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ რუბრიკას, რომელშიც თაკო კობახიძე, პირველი დამოუკიდებლად მოგზაური ქართველი გოგო მიკროავტობუსით, ერთი მხრივ, გაგვიზიარებს მოგზაურობისას მიღებულ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს, გვესაუბრება დაბრკოლებებზე, რომელთა გადალახვაც უწევს, მეორე მხრივ კი - გენდერულ ჭრილში განიხილავს იმ ქვეყნების მდგომარეობას, რომელთაც ესტუმრა.
თაკო, მოგვიყევი შენ შესახებ, როგორ დაიწყე მოგზაურობა?
პროფესიით ესპანური ენის ფილოლოგი ვარ, მაგრამ ტელევიზიაში მუშაობა თინეიჯერობიდან დავიწყე და იმის მერე სულ საგარეო ურთიერთობების სფეროში ვტრიალებდი. წერა, კამერასთან მუშაობა, ვიდეო-გადაღება, მონტაჟი, კინოინდუსტრია ყოველთვის განსაკუთრებულად მიზიდავდა. ფოტოგრაფიით ბოლო რამდენიმე წელია დავინტერესდი და აქტიურად ვცდილობ ჩემი სტილი ვიპოვო. როცა ერთ სფეროში სასურველ სიმაღლეს ვაღწევ, ეგრევე ახალი თავგადასავლების ძებნას ვიწყებ. ალბათ, ამ თვისებით და მოუსვენრობით არის გამოწვეული ისიც, რომ წელს ცხოვრების სტილი რადიკალურად შევიცვალე. სამსახურიდან წამოვედი და ვცდილობ, საკუთარი თავი კომფორტის ზონიდან მაქსიმალურად გავიყვანო, რომ ახალი რაკურსიდან დავინახო ვინ ვარ, რა მინდა. ბოლო პერიოდში მსოფლიო ბანკში ვმუშაობდი. ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში ვებ-სოცმედია კონტენტის წარმოებასა და მარკეტინგზე ვიყავი პასუხისმგებელი. საოცნებო სამსახური და კარიერა მქონდა, უმაგრესი წლები გავატარე პროფესიონალებთან ერთად. მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რიტმის და განვითარების შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვფიქრობ, ერთ ორგანიზაციაში 10 წელიწადზე მეტხანს დარჩენა შემოქმედებით პაუზას ნიშნავს. სამწუხაროა, რომ საქართველოში სტაბილური და მაღალანაზღაურებადი სამსახურის პოვნა ასე ჭირს. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო ადრე და მარტივადაც მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას. თვრამეტი წლის ვიყავი, პირველად საზღვარგარეთ უნივერსიტეტიდან კონფერენციაზე რომ მოვხვდი და იმის მერე ხან გაცვლითი პროგრამებით, ხან მივლინებების გამო, ხშირად მიწევდა საქართველოდან გასვლა. თუმცა, ვთვლი, რომ მოგზაურობის ნამდვილი გემო შარშანდლამდე არ მცოდნია. 2021 წელს მიკროავტობუსით ბალკანეთის ქვეყნებში გადაკარგვა იყო უდიდესი გამოცდა, რომელიც ჩემს თავს მოვუწყვე. არ არის მარტივი საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მაგრამ დაგეგმილი 3 თვე ისე დაუგეგმავად გადაიზარდა 8 თვეში, რომ ახლა ძალიან ვამაყობ საკუთარი გამბედაობით. მიხარია, რომ გამიმართლა და პარალელურად ონლაინ მუშაობის საშუალებაც მქონდა. მოგზაურობის ხარჯებს ამით ვფარავდი. იმაშიც გამიმართლა, რომ ცუდი არაფერი გადამხდენია. პირიქით, საოცრად პოზიტიური გამოცდილებით და საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით მდიდარი დავბრუნდი უკან, მიკროავტობუსის მძღოლის საამაყო სტატუსზე რომ არაფერი ვთქვა. წელს უკვე დანაზოგით ვმოგზაურობ. ამ ოცნების ასახდენად თანხას დიდხანს ვაგროვებდი. დავიღალე ამდენი მუშაობით. ვფიქრობ, ცოტა ხანს დასვენება დავიმსახურე.
გალიჩიცას ეროვნული პარკი - ჩრდილოეთ მაკედონია
პლუჟინე - მონტენეგრო
კაპადოკია
უფრო დეტალურად მოგვიყევი ბალკანეთზე, რატომ დაიწყე მოგზაურობა სწორედ ამ რეგიონიდან?
პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში ვმუშაობდი და სამსახურმა ნება დამრთო იქ ვყოფილიყავი, საქართველოს ნაცვლად. მეორე ის, რომ გაცხარებული კოვიდპანდემიის პირობებში ძალიან ცოტა ქვეყნის საზღვარი იყო ღია. თურქეთშიც სასწაულებრივად მოვხვდი. პირველ დღეს არ გადამიშვეს. მეორე დღეს მაინც მივბრუნდი. მესაზღვრეები დამეხმარნენ და სატვირთოს მძღოლად გამაფორმეს. რომ შემომხედეს, ალბათ, მიხვდნენ, რომ ჩემი საქართველოში დატოვება სარისკო იყო. მართლა. გავგიჟდებოდი. მესამე იმიტომ, რომ ბალკანეთი ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი რეგიონია, რომელიც ტურისტულად აქტიურად ათვისებული არ არის. შესაბამისად, იქაურ ბევრ ქვეყანაში ნებადართულია შენი ბორბლებიანი სახლი ნებისმიერ ადგილას გააჩერო და დაიძინო - ველურ ბუნებაში იქნება ეს თუ ქალაქის პარკინგზე. ეს კი დიდი კომფორტია მაშინ, როცა კემპინგზე/სასტუმროში არ გინდა ფულის დახარჯვა. ან, უბრალოდ, სიმშვიდე და განმარტოება გირჩევნია. თუმცა, რუკაზე ადგილის შერჩევას რომ დაამუღამებ და თუ მოინდომებ, დედამიწაზე იმდენი ადგილია, შანსი არ არის სულიერმა მოგაგნოს.
ბუზლუჯას მონუმენტი - ბულგარეთი
ბუტრინტის ეროვნული პარკი - ალბანეთი
რკინიგზის სადგური ფილმიდან "ცხოვრება მშვენიერია" - სერბეთი
როგორ ირჩევ ქვეყნებს, რომელთა მონახულებასაც აპირებ?
ირანი, პაკისტანი, ყირგიზეთი და მონღოლეთი, აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, ამჯერად იმიტომ ავარჩიე, რომ ჩემს ერთგვარ უცოდინარობას დავპირისპირებოდი. ჩემთვის მოგზაურობა ერთ-ერთი ხერხია პროპაგანდასთან საბრძოლველად და ცრურწმენების, შიშების გასაბათილებლად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ინტერნეტი ყველანაირი ინფორმაციის მიღების და კონტაქტების დამყარების საშუალებას იძლევა, სულ სხვაა, როცა შენ თვითონ ჩადიხარ და ცხოვრობ შესაბამის გარემოში ადგილობრივებთან ერთად. თან, როცა არ გეჩქარება, ყველა ნაბიჯს წინასწარ არ გეგმავ, დინებას მიჰყვები და ნელა მოგზაურობ, ბევრად უფრო სერიოზულ სიღრმეებში შედიხარ, ხალხიც უფრო ახლოს გიშვებს და ფულიც უფრო ცოტა გეხარჯება.
მდინარე დრინას ხეობა - ბოსნია და ჰერცეგოვინა
ჟალის სანაპირო - ალბანეთი
სკადარის ტბა - მონტენეგრო
შეგიძლია გამოყო ქვეყანა, რომელზეც მოგზაურობის შემდეგ წარმოდგენა შეგეცვალა?
დაუფიქრებლად. პაკისტანი. ამაზე მომავალ სტატიებში დაწვრილებით მოგიყვებით.
კრუპაცის ტბა - მონტენეგრო
მდინარე დრინის ხედი - ალბანეთი
ვიოსე-ნარტეს დელტა - ალბანეთი
მოგზაურობისას წერ ბლოგებს, აზიარებ ფოტო- და ვიდეომასალას, რამდენად მნიშვნელოვანია შენთვის საკუთარი გამოცდილების სხვებისთვის გაზიარება?
არც ბლოგერი ვარ და არც ე.წ. ინფლუენსერი. აქამდე მარტო ჩემი ვიწრო წრისთვის ვაზიარებდი ისტორიებს. გულწრფელად მიხარია, რომ ვხედავ როგორ შეიცვალა ბევრმა ჩემმა მეგობარმა აზრი ამ ქვეყნებსა და მათ მოსახლეობაზე ჩემთან ერთად ვირტუალურად მოგზაურობისას. ის, რომ Hammock-ისა და The Body Shop-ის მხარდაჭერით ამ ქვეყნებსა და ჩემს თავგადასავლებზე ახლა უფრო ფართო აუდიტორიასაც მოვუყვებით, რა თქმა უნდა, მახარებს.
მდინარე პივას კანიონი - მონტენეგრო
საიდუმლო სანაპირო იალეში - ალბანეთი
ჰანცაგიზის ტბა - თურქეთი
ალბათ ბევრ ადამიანს დააინტერესებს, თუ როგორ უნდა აქციო მოგზაურობა ცხოვრების წესად, შეგიძლია რჩევები გაგვიზიარო?
სიმართლე გითხრათ, ზუსტად ჯერ კიდევ ამას ვარკვევ მე თვითონაც და როგორც კი დავადგენ, თქვენც გაგიზიარებთ. ჩემთვის ახლა მოგზაურობა უფრო ცხოვრების ეტაპია, ვიდრე ცხოვრების წესი. ბევრს ჰგონია, რომ შეძლებული ოჯახიდან ვარ ან მსოფლიო ბანკის დოლარების ნახევარი დამისვეს პირად ანგარიშზე. ეგრე რომ იყოს, მსოფლიოს გარშემო ხეტიალს მართლა არასდროს შევწყვეტდი. უბრალოდ, მე ადამიანების იმ ნაწილს ვეკუთვნი, ვისაც სჯერა, რომ ცხოვრებაში დასახული მიზნების და ოცნებების მიღწევა შესაძლებელია. ან როგორ არ დავიჯერო იმის მერე, რაც მე დრამები გადამიტანია. პირველ კლასში შევდიოდი, საკუთარი სახლი რომ დაგვეწვა, უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, მამა გარდამეცვალა, მოგვიანებით ცალი ფილტვი ჩამეფუშა - გავბერე და მივაწებე, და მაინც არასდროს დამინებებია თავი იმაზე ოცნებისთვის, რასაც ახლა ვაკეთებ. ჩემი დანაზოგი მალე ამოიწურება და მომიწევს, მოვიფიქრო, სად ვიქნები და რას გავაკეთებ მომავალში. ამ ეტაპზე მხოლოდ დღევანდელი დღით ვცხოვრობ. ვცდილობ, ამ განსაკუთრებული წლით და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობით ტკბობა მაქსიმალურად გავიხანგრძლივო.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: თაკო კობახიძე
დაწერე კომენტარი