2022 წლის ერთ-ერთი გამორჩეულად დასამახსოვრებელი ფსიქოლოგიური ტრილერი - ,,Don't worry Darling”, რომლის პრემიერა სულ ახლახან, 23 სექტემბერს, შედგა, ოლივია უაილდის მეორე მხატვრული ფილმია. მსახიობობით სახელგანთქმული რეჟისორის ნამუშევარი ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა ჩამთრევი და ორიგინალური სიუჟეტის, ცნობილი მსახიობების და, რაც მთავარია, კინო-მხატვრობის დამსახურებით.


პროფესიით არქიტექტორი ქეით ბაირონი ფილმის მხატვარ-დიზაინერია. მანვე შექმნა არქიტექტურული ნახაზები და ესკიზები იმ შენობებისთვის, რომლებსაც ფილმის გადასაღებ მოედანზე, კალიფორნიის უკაცრიელ უდაბნოში ვხედავთ. 

გარდა მოდერნისტული შენობებისა, რომლებიც უდაბნოს ეგზოტიკურ გარემოში გამოკვეთილად თვალშისაცემი და შთამბეჭდავია, ქეითი გახლავთ ინტერიერის დიზაინერიც. როგორც თავად ამბობს, მას და მის შემოქმედებით ჯგუფს სურდათ, რომ შეექმნათ ისეთი გარემო, რომელიც მაყურებლისთვის იქნებოდა როგორც მაცდური და მიმზიდველი, ამავდროულად,  გახრწნილი, ბინძური და ზოგჯერ შემზარავიც კი.


ფილმში ზოგიერთი სცენა, მაგალითად, კოქტეილის წვეულება, კაუფმანების სახლში (Kaufmann House) არის გადაღებული. ეს კონკრეტული შენობა კალიფორნიის უდაბნოს ტერიტორიაზე, მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ღირსშესანიშნავი ნიმუშია. Სახლი 1946 წელს აშენდა წარმოშობით ავსტრალიელი არქიტექტორის, Richard Neutra-ის მიერ. სწორი სახურავი, ღია ფერის ექსტერიერი და ჩრდილში მყოფი მთავარი თუ სათადარიგო შესასვლელები მოდერნისტული ეპოქის მთავარ შტრიხებს მიჰყვება და ქმნის ზუსტად იმ ატმოსფეროსა და ესთეტიკას, რაც ფილმის შემქმნელებს ჰქონდათ ჩაფიქრებული. 

ქეით ბაირონმა მოდერნისტული დეტალები შემოიტანა ინტერიერის მოწყობაშიც. ლოს-ანჯელესის სარეკვიზიტოროებსა და მაღაზიებში მოძიებული ავეჯით, ვინტაჟური ტექნიკითა თუ წვრილმანი დეკორაციებით გაფორმებული ოთახები ნამდვილად აცოცხლებს 50-იანი წლების ამერიკის ხასიათსა და სულს.

ღია მწვანე, კვერცხის გულისფერი ყვითელი, მუქი ყავისფერი - ეს ის ძირითადი ფერებია, რომლებშიც ფილმის ინტერიერი არის გადაწყვეტილი.


ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ მომღერალი ჰარი სტაილსი და ფლორენს პიუ, რომელსაც მაყურებელი კარგად იცნობს არი ასტერის ფილმიდან ,,მიდსომარი”

ამ ფილმშიც, ისევე როგორც "მიდსომარში", სიუჟეტი უტოპიურ გარემოსა და განსხვავებული წეს-ჩვეულებების მქონე საზოგადოებაში ვითარდება.

 

 

ფიქციურ ქალაქ ვიქტორიში პერსონაჟები იდეალისტური სამოთხიდან პრობლემებით სავსე, საიდუმლოებებითა და ტკივილით გაჯერებულ  სამყაროში გადადიან. მომნუსხველი და თვალისმომჭრელი ყოველდღიურობა ნელ-ნელა  საზარელ და შემზარავ სახეს იღებს. ამ რადიკალურ გარდასახვას, ხასიათებისა და განწყობების ცვლას იდეალურად გადმოსცემს ის ესთეტიკა, რომელიც ქეით ბაირონმა, თავის გუნდთან ერთად, ამ ფილმისთვის შექმნა.

უდაბნოს გაშლილი სივრცე, ცამდე აწვდილი პალმები, უღრუბლო ცა, მოდერნისტული არქიტექტურის მკაცრი და ცივი ფორმები, 50-იანი წლების შესაბამისი ინტერიერით მოწყობილი სახლები და პერსონაჟთა კოსტიუმები ის მთავარი დეტალებია, რაც ფილმის მთავარ განწყობას ქმნის - სილამაზესა და მომხიბვლელობას, რომლის მიღმაც რაღაც არაბუნებრივი, ანომალიური თუ ამაზრზენი იმალება და რომელიც ამ ფასადური შარმის მიუხედავად, მაყურებელშიც ნელ-ნელა და საფუძვლიანად იწვევს უნდობლობას, გაუცხოებასა და შიშს. საბოლოოდ, ამ ურთიერთგამომრიცხავი გრძნობებისა და სახასიათო სტილის წყალობით შეიქმნა ფილმის ძლიერი, ემოციური ატმოსფერო, რისი ხილვაც მაყურებლებს უკვე შეუძლიათ კინოთეატრებში.

ავტორი: ხატია იათაშვილი