ესპანელი არქიტექტორის, რიკარდო ბოფილის პოსტმოდერნული საცხოვრებელი კომპლექსი Muralla roja, იგივე ,,წითელი კედელი”, ამ თვიდან Airbnb-ზეც არის ხელმისაწვდომი. მე-20 საუკუნის გამოჩენილი არქიტექტორის თაყვანისმცემლებს ან მათ, ვისაც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე სურთ დასვენება, შესაძლებლობა ექნებათ ამ საოცარი კედლების მიღმა გაატარონ დღეები.
კომპლექსი ესპანეთში, ალიკანტეს პროვინციაში მდებარეობს და 50 საცხოვრებელ აპარტამენტს მოიცავს. ლაბირინთული კიბეები, ამ კიბეებსა და ბინებს შორის დამაკავშირებელი ხიდები, საფეხმავლო ბილიკები და ვარდისფრად აღმართული კედლები ხმელთაშუა ზღვის სილურჯეს იდეალურად ერწყმის.
დიზაინის შექმნისას რიკარდო ბოფილიმ შთაგონების წყაროდ არაბული ციხესიმაგრეების, კერძოდ, kasbah-ის არქიტექტურა გამოიყენა - მკაცრ, ისტორიულ ნაგებობებში თანამედროვე ელემენტები შემოიტანა და თავისებური, ავანგარდული ინტერპრეტაციებით წარმოგვიდგინა.
La Muralla Roja აქამდე ისე ფუნქციონირებდა, როგორც რეზიდენცია - გარდა საცხოვრებელი აპარტამენტებისა, პირველ სართულზე მდებარეობს რამდენიმე კომერციული ფართი და რესტორანი, ტერასაზე კი საცურაო აუზი.
ხშირად მარტივ და შესაბამისად, ნაკლებად დასაფასებელ გამოსავლად მიიჩნევენ ამ ხერხს, მაგრამ რიკარდო ბოფილმა მაინც განზრახ გამოიყენა შენობის ექსტერიერისთვის ღია ფერები, რომ მეტი სივრცის ილუზია შეექმნა. შენობები ძირითადად, წითელ, ვარდისფერ, ცისფერ და იისფერ ტონებშია გადაწყვეტილი.
რიკარდო ბოფილმა ჯერ კიდევ 1963 წელს დააარსა ფირმა Ricardo Bofill Taller de Arquitectura, აქტიურად დაიწყო ურბანული არქიტექტურული დიზაინის განვითარება და მალევე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად იქცა ამ სფეროში.
ამ კონკრეტული კომპლექსის - Muralla roja-ს მშენებლობა 1968 წელს დაიწყო და ხუთი წლის შემდეგ, 1973 წელს დასრულდა. ექსტერიერი - პატარა ეზოები, ხეები, ბაღები და ბილიკები ისეა განლაგებული, რომ კომპლექსი ფუნქციურად მოსახერხებელი იყოს და თითოეულ ბინას ჰქონდეს ბუნებრივი სინათლის წყარო.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Ricardo Bofill
დაწერე კომენტარი