ხელოვნება და მეცნიერება ყოველთვის ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან გამიჯნულად და დამოუკიდებლად არსებობდა ადამიანის ცხოვრებაში - ორივეს თავისი კონკრეტული მისია ჰქონდა დაკისრებული. პირველი, ვინც მათი გაერთიანებით რაღაც ახლის შექმნა მოისურვა, ინგლისელი ბოტანიკოსი ანა ატკინსი იყო, რომელმაც 1843 წელს თავისი პირველი სამეცნიერო წიგნი -  Photographs of British Algae ("ბრიტანეთის წყალმცენარეების ფოტოსურათები") გამოსცა. ნამუშევრები, რომლებიც ანამ წიგნში გამოაქვეყნა, ადრეული ფოტოგრაფიული მეთოდით აღბეჭდილი მცენარეების უპირველეს ნიმუშებად ითვლება. 


დღეს ბევრი თანამედროვე არტისტი ცდილობს ამ გზის გაგრძელებას და იმის ჩვენებას, რომ არა მხოლოდ ბოტანიკა, სხვა მრავალი სამეცნიერო დარგიც შეიძლება საინტერესო მასალა აღმოჩნდეს ხელოვნებისთვის. 

ჯეიმს ტრეილი ერთ-ერთი მათგანია. რეჟისორი, 3D არტისტი და ანიმატორი, ამავდროულად, ნასაშიც მუშაობს და მუდმივად დატვირთულია სხვადასხვა სამეცნიერო კოსმოსური პროექტით. მუშაობის პარალელურად, ჯეიმსი ქმნის მოკლემეტრაჟიან ანიმაციებს  - პლანეტების, ასტეროიდებისა და კომეტების შესახებ. იმ თემების გავლენითა და გამოყენებით, რასაც ნასაში მუშაობის დროს იკვლევს.

,,ვცდილობ, ჩემი სამეცნიერო ცოდნისა და შემოქმედებითი უნარების კომბინაციით, ვიზუალურად წარმოვაჩინო ჩვენი აღმოჩენები და მიღწევები, და ასე მივიტანო ეს სიახლეები ხალხამდე.” - ამბობს ჯეიმსი. 


ის სამგანზომილებიანი ნამუშევრები, რომლებსაც დღეს გაგაცნობთ, მის მორიგ გასაოცარ პროექტს წარმოადგენს და სწორედ იმ თემას ეხმიანება, რითაც სტატია დავიწყეთ - ბუნებისა და ხელოვნების კავშირს. ჯეიმსის ციფრულ შემოქმედებაში რეალისტურად არის გაცოცხლებული ფლორის მრავალი სახეობა - სხვადასხვა ჯიშისა და წარმოშობის ხეები და ყვავილები.


ნამუშევრებში თითქოს წაშლილია ზღვარი  გარე სამყაროსა და ინტერიერს შორის. წყალქვეშა სიზმრისეული პეიზაჟები, ზღაპრული, ტროპიკული მცენარეები და ლაჟვარდოვანი ცა ბუნებრივად ერწყმის მაღალჭერიან კათედრალებს, თაღიან დარბაზებსა და სხვადასხვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა ერთნაირად შთამბეჭდავ არქიტექტურულ შენობებს. 

ხანდახან ეს ბუნება და ესთეტიკა იმპრესიონისტი მხატვრების ტილოებს მოგვაგონებს, ზოგჯერ კი, თითქოს ტოლკინის ,,ბეჭდების მბრძანებლის’’ თვალწარმტაც ბუნებასა და მდელოებს აცოცხლებს. მთლიანობაში, ჯეიმსის ყოველი ნამუშევარი სიზმრისეულ, წარმოსახვით სამყაროში მოგზაურობას ჰგავს, სადაც ზღვარი როგორც ბუნებასა და არქიტექტურას, ისე რეალობასა და წარმოსახვას შორისაც ირღვევა. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Aestheticamagazine