ახალგაზრდა ქართველი პიანისტი, გიორგი გიგაშვილი, 2023 წლის 2 თებერვალს ნიუ-იორკში, ლეგენდარული კარნეგი-ჰოლის საკონცერტო დარბაზში წარდგება.
ამერიკული ტურნეს ფარგლებში, გიორგი ოთხ კონცერტს ჩაატარებს შვედ-ნორვეგიელ მევიოლინესთან - იოჰან დალენთან ერთად.
გარდა ნიუ-იორკისა, ღონისძიებები დაგეგმილია სან-ფრანცისკოში, ლა-ხოიასა და სანტა-ბარბარაში. უკვე ცნობილია ამ კონცერტების პროგრამაც: გიორგი ამერიკის მთავარ საკონცერტო დარბაზებში ავრო პიარტის, მორის რაველის და იოჰანეს ბრამსის ნაწარმოებებს შეასრულებს. გიორგი გიგაშვილს წლებია კარგად იცნობს ქართველი და მსოფლიო მსმენელი. ბოლო კონცერტი, რომელიც მან 12 ოქტომბერს ბერლინის ფილარმონიაში გერმანიის სიმფონიურ ორკესტრთან (DSO) ერთად შეასრულა, განსაკუთრებით აღსანიშნავია იმ გამოხმაურებებისა და აღფრთოვანების გამო, რაც მის შესრულებას მოჰყვა როგორც მსმენელების, ისე კრიტიკოსთა მხრიდან.
მარტა არგერიხის სტიპენდიატი მუსიკოსი, რომელსაც პიანისტობა დედამ შეაყვარა და 6 წლის ასაკიდან თავადაც უკრავს, არაერთი საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია. ესპანეთი, იტალია, პოლონეთი, საფრანგეთი - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც გიორგი კონცერტებს მართავს, სხვადასხვა პრესტიჟულ პრემიებს იღებს და მსოფლიოს საკუთარ შემოქმედებას აცნობს.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი