„სერენგეტი - უსასრულო ველი“ - ასე ეწოდება რიტა ხაჩატურიანის პერსონალურ გამოფენას, რომელიც ცისფერ გალერეაშია 2022 წლის 18 ოქტომბერს გაიხსნა. გამოფენა აერთიანებს 37 ფერწერულ ნამუშევარს, მათ შორის ოცამდე მასშტაბურ ტილოს.
რიტა ხაჩატურიანს ამ გამოფენის იდეა ოთხი წლის წინ, ჩეხეთში ყოფნის დროს გაუჩნდა, როდესაც პრაღის ერთ-ერთი სასაფლაო მოინახულა. იქ მიღებულმა შთაბეჭდილებამ უბიძგა შეექმნა ახალი ნამუშევრები, რაც მოგვიანებით მთლიანი სერიის ინსპირაცია გახდა.
აღმოსავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ტომის – მაას ენაზე „სერენგეტი“ უსასრულო ველს ნიშნავს. იგი ყოველწლიურად ორ მილიონამდე ცხოველთა მიგრაციას მასპინძლობს. ამ მოგზაურობისას, სხვადასხვა მიზეზთა გამო, 250 000-მდე ცხოველი იღუპება. გამოფენის მთავარი სათქმელიც სწორედ ამ თემას ეხმიანება - რომ ცხოველთა მსგავსად, ადამიანებსაც აქვთ თავისი „სერენგეტი“ – მიგრაციის, სიკვდილისა და სიცოცხლის ველი, რომელსაც გარკვეული ვადით ვსტუმრობთ და შემდეგ ისევ ვტოვებთ მას.
როგორც თავად ავტორი აღწერს, თითოეული ნამუშევარი ბუნებისა და ადამიანის ერთგვარი დიალოგია, გამოფენა კი მათ შორის გაჩენილი კონფლიქტების წარმოჩენას ემსახურება. ნამუშევრების სერიაში გამოკვეთილია დედის ხაზიც. დედა, როგორც უწყვეტი ევოლუციური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი გამაერთიანებელი ფიგურა.
რიტა ხაჩატურიანი მხატვართა ახალ თაობას მიეკუთვნება, სამხატვრო აკადემიაში სწავლის შემდეგ ის აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებსა და პროექტებში. ეროვნულ გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები 3 ნოემბრამდე უმასპინძლებს დამთვალირებელს.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Vanda Art Gallery
დაწერე კომენტარი