რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალურ გამოფენას ბერლინში Galerie Kornfeld უმასპინძლებს. ნამუშევრები 5 ნოემბრიდან 17 იანვრამდე იქნება წარმოდგენილი.
,,ლამაზმანი და ურჩხული” - ასე ეწოდება მხატვრის ახალ სერიას, რომელიც 2021-2022 წლებში ზეთში შესრულებულ ტილოებს აერთიანებს. გამოფენის პარალელურად გაიმართება წიგნის პრეზენტაციაც, სადაც თავმოყრილია ავტორის ბოლო სამი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები.
გამოფენაზე წარდგენილი იქნება ორი სერია - Sacrificial Lamb (მსხვერპლშესაწირი ბატკანი) და Beauty and The Beast (ლამაზმანი და ურჩხული)
,,მეორე ნაწილზე მუშაობა 24 თებერვლის, ანუ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ გადავწყვიტე. ზოგადად, ჩემი ნამუშევრები არასდროს არის განყენებული საერთაშორისო მოვლენებისგან, თუმცა ყოველთვის გავურბივარ ზედაპირულობასა და კლიშეების გამოყენებას. შესაბამისად, ეს გამოფენაც, მეტად ღრმა, ადამიანური დაპირისპირების და ისევ საკუთარი თავის ძიების ამა თუ იმ მოვლენების პარალელურად გამოსახვის მცდელობაა”.
,,პირველი და უდიდესი წყარო ჩემთვის ლიტერატურაა. ფაქტობრივად ნარატიულ ნამუშევრებს ვქმნი, რომლებშიც ყოველთვის რაღაც ისტორიაა ჩაქსოვილი. ასევე, დიდი გავლენა აქვს ხელოვნების ისტორიასაც და ხშირად მივმართავ რეფერენსებს ერთგვარი დიალოგის სახით. როგორც ხედავთ, ნამუშევარში ,,ხარება” მაგიდასთან სხედან ახალგაზრდა ქალი და ურჩხული, ეს “ხარების” თემაზე შექმნილი უამრავი ნამუშევრის პირდაპირი რეფერენსია, მაგრამ წარდგენილია ისე, როგორც სცენაზე გამართული აქტი, დეკორაციებში მოქცეული მოვლენა. ზოგადად, ჩემს შემოქმედებაში სიუჟეტები ხშირად თეატრალიზებულია, როგორც იბსენის თოჯინების სახლში, რის გამოც დამთვალიერებელი როგორც კონკრეტული ნახატის, ისე ამ ნახატზე განვითარებული მოქმედების მაყურებელი ხდება".
რუსუდან ხიზანიშვილი ამჟამად მასშტაბური სოლო გამოფენისთვის ემზადება, რომელიც სეულში 2023 წლის აგვისტოს გაიმართება, ასევე, ნოემბრის ბოლოსაა დაგეგმილი ამერიკაში Untitled Art Miami-ისა დაა შანხაის ხელოვნების ბაზრობები. ყველა მათგანი Galerie Kornfeld-თან კოლაბორაციით გაიმართება.
,,ფერადოვანი მოგზაურობა, რომელიც ქალურობას, მისტიციზმს, ბუნებასა და ადამიანის პიროვნულობას აერთიანებს”, - ასე აფასებს რუსუდანის შემოქმედებას კრისტოფ ტანერტი, გერმანიაში ერთ-ერთი წამყვანი არტ კრიტიკოსი და კურატორი, რომლის ვრცელი წერილი შეგიძლიათ იხილოთ გალერეის ვებგვერდზე.
ავტორი: ხატია იათაშვილი
ფოტო: Galerie Kornfeld
დაწერე კომენტარი