რამდენიმე ათასწლეულს ითვლის ის პერიოდი, რაც ტატუ ხელოვნებამ გამოიარა, დღევანდელობამდე რომ იმ ფორმით მოეღწია, როგორადაც  ჩვენ მას ვიცნობთ. საუკუნეების განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა კონტექსტი, სტილი და აღქმა ადამიანის სხეულზე სხვადასხვა ფორმის გამოსახვისა, რომელსაც თანამედროვე სამყაროში, როგორც წესი, სიმბოლური ან ესთეტიკური დატვირთვა აქვს.

 

ხშირად იცვლება ტენდენციები და ის ადამიანები, რომელთა გავლენაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ ტენდენციების ჩამოყალიბებაში, იცვლება დამოკიდებულება, ტატუს გაკეთების მიზეზები და სიმბოლოები, თუმცა სურვილი იმის, რომ საკუთარ სხეულზე რაღაც შენთვის ახლობელი და მნიშვნელოვანი აღბეჭდო, უცვლელი რჩება.

ტატუ ხელოვნებამ, ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც ბევრი წინააღმდეგობა და დაბრკოლება გამოიარა, ბევრჯერ მოხდა მისი, როგორც ხელოვნების, გადაფასება. ნელ-ნელა, განსაკუთრებით კი ბოლო წლებში, მრავალი საინტერესო ხელწერის ავტორი გამოჩნდა.

დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.

პიტო სეთურიძე


პიტო სეთურიძე ტატუს ხელოვნებით 2015 წლიდან დაინტერესდა, როგორც თავად მიიჩნევს, მისი ნამუშევრები ფუტურისტული და აბსტრაქტული ხელოვნების ნიმუშებია. ხშირად, როგორც მოწვეულ ტატუ-არტისტს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც აქვს შემოთავაზებები. პეტომ დააარსა სტუდია - Stfvelvet. ასევე,  სკოლა, სადაც ამ სფეროთი დაინტერესებულ მსურველებს შესაძლებლობა აქვთ ეს საქმე პროფესიონალურად შეისწავლონ.

 

,,რამდენიმე ქვეყანაში მოგზაურობის შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს სფერო ჩვენთან ნაკლებად იყო პოპულარული და გადავწყვიტე, მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შემეტანა. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საკუთარი თავის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო სააშუალებაა - არტისტი ადამიანის სხეულზე აცოცხლებს იმ კომპოზიციებს, რაც მის გონებაში ჩნდება, ეს კი თითოეულ სხეულს კიდევ უფრო უნიკალურს ხდის.

 

ზოგადად, ამ სფეროში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტილისტიკას და ბრენდირებას, რაც ჩემ შემთხვევაში, ბოლო წლების განმავლობაში გამოიკვეთა. ამ ეტაპზე ძირითადად free hand აბსტრაქციებზე ვმუშაობ, რაც წინასწარი ესკიზის გარეშე, პირდაპირ სხეულზე ხატვას გულისხმობს. ინსპირაციის მოლოდინში არასდროს არ ვარ. როგორც წესი, გარემო ფაქტორები (ინფორმაცია) არის ჩემი მამოძრავებელი ძალა“

 

Dzito

ძიტოს გამოკვეთილი სტილი და კონკრეტული მიმართულება აქვს. როგორც წესი, მის ტატუებში ადამიანები - სხვადასხვა განწყობით, ვნებითა თუ მისიით შეპყობილი სხეულები ფიგურირებენ. ხშირად იყენებს ქართულ მოტივებსაც - ვეფხი და მოყმე, ქართლის დედა, ცხოველები, რომლებიც ხშირად შეიძლება ზღაპრის პერსონაჟებადაც ჩავთვალოთ.

 

,,ტატუზე მუშაობა დაახლოებით 6 წლის წინ დავიწყე. ამ დროის განმავლობაში მომხმარებლებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება დამიგროვდა და  ბევრად მარტივი გახდა მათი სურვილების მორგება ჩემს შემოქმედებასთან. სიახლეები ყოველთვის საინტერესოა, თუმცა, ვფიქრობ, რომ  ჩემი სპეციფიკური სტილი მაქვს და ძირითად შემთხვევებში ამ სტილს მივყვები. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ინსპირაციის წყარო გარემოდან და ადამიანებიდან მიღებული ემოციების ტრანსფორმაციაა. მინდა, ჩემი შემოქმედება უფრო მასობრივი გავხადო, ამიტომ ვმუშაობ სტუდიის გახსნაზე, სადაც ბევრი საინტერესო არტისტი მოიყრის თავს “.

 

თემუკა შენგელია

თემუკა შენგელიას ძირითადად შავ და წითელ ფერებში შექმნილი აბსტრაქტული ნამუშევრები ხშირად ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს ფიგურები ხშირად ძარღვებსა და ანატომიურ გამოსახულებებსაც რომ მოგვაგონებს, სხეულის ბუნებრივი და განუყოფელი ნაწილია.

 

,,ტატუები გაუცნობიერებლად ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან მომწონდა და მუდმივად ყალბი ტატუ-სტიკერებით დავდიოდი. 16 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ნამდვილი ტატუ დავიხატე, ორი წლის შემდეგ კი  მივხვდი, რომ თუ მოვინდომებდი, თავადაც შევძლებდი მათ შექმნას. პირველ რიგში, საკუთარ კანზე ვარჯიშით დავიწყე, თავიდან სხვადასხვა სტილში ვმუშაობდი, რომ ჩემი გამორჩეული ხელწერა მეპოვა. დღეს კი, ვფიქრობ, რომ ვიპოვე ჩემი ინდივიდუალური სტილი და ამ კონკრეტული სტილის განვითარებასა და დახვეწას ვცდილობ”.

 

მარიამ საკნელაშვილი და მარიამ ჩალიგავა 

სულ რამდენიმე თვეა, რაც ერთობლივად მუშაობენ ტატუებზე. ერთი შეხედვით  მარტივი, მკვეთრი კონტურებით შექმნილი ტატუები მომცრო ფორმებით, მინიმალური ფიგურების გამოყენებითაც კი ახერხებენ ემოციური, საინტერესო პერსონაჟების შექმნას. თითქოს ყოველი ესკიზი რაღაც ამბის ერთი პატარა ფრაგმენტია, ტატუები კი თავიანთი მეტყველი ხელწერითა და ხასიათით გვიყვებიან ამ ამბავს.

 

,,ვცდილობ ჩემი ნამუშევრები მინიმალისტური ფორმებით გადმოვცე, რომ უფრო მარტივი იყოს დასახატად და აღსაქმელად. ინსპირაციისთვის კი ხშირად სხვა ტატუ არტისტების ნამუშევრებს მივმართავ ხოლმე”. 

თაკო ჯაფარიძე

ხშირად იყენებს სხვადასხვა ორნამენტებსა და სიმბოლოებს, განსაკუთრებით კი ჯვრებს, ვარსკვლავებსა და არქიტექტურულ დეტალებს. მისი ესკიზები ზოგჯერ მსუბუქი და ნაზია, თითქოს ჰაერივით გამჭვირვალე, ზოგჯერ კი მძიმე და დატვირთული.

,,ჩემი მთავარი ინტერესი და საქმიანობა ვიზუალური ხელოვნებაა, ტატუ-სკეჩების უმეტესობა აღებულია ჩემივე ნამუშევრებიდან, იქნება ეს ფერწერა, გრაფიკა, ტექსტი თუ ციფრული სურათი. ამდენად, ჩემთან მოსულ ადამიანებს თან მიაქვთ არა უბრალოდ ტატუ, არამედ საკუთარ სხეულზე დატანილი კონკრეტული ნახატი”.

 

ია გაბუნია

 

ია გაბუნია ზემოთ ნახსენები პიტო სეთურიძის ტატუ სკოლის ერთ-ერთი სტუდენტია. ფერადი ფორმები, საინტერესო პერსონაჟები, ქართული დამწერლობა, ეს ის ძირითადი თემებია, რომლებიც იას თავის ნამუშევრებში გადმოაქვს.

 

,,თავიდან ესკიზებს მხოლოდ ჩემთვის ვხატავდი. ნელ-ნელა ძალიან ბევრი იდეა დამიგროვდა და გადავწყვიტე სხვებისთვისაც გამეზიარებინა.  მუშაობა ზუსტად ერთი წლის წინ დავიწყე, Stfvelvet studio-ს სამთვიანი კურსის გავლის შემდეგ. პროფესიით წიგნის ილუსტრატორი ვარ და მიყვარს პერსონაჟების შექმნა, ასევე ძალიან მომწონს ქართული დამწერლობა და მისი გამომსახველობა. ჩემი ნახატებიც ამ თემატიკის გარშემო ტრიალებს. ტატუს ესკიზსაც ისე ვხატავ, როგორც წიგნის ილუსტრაციას. ვფიქრობ, რომ თითოეული ადამიანისთვის შექმნილი ესკიზი უნდა იყოს უნიკალური და არ უნდა განმეორდეს სხვის სხეულზე”.

ნინი ჩუთლაშვილი

 

ნათელი ფერებით შექმნილი ხაზები, წრეები და სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ნინი ჩუთლაშვილის ტატუების დახვეწილ სტილსა და გამოკვეთილ, სადა ხელწერას ქმნის.

ნინიც, იას მსგავსად,  Stfvelvet studio-ს კურსდამთავრებულია.

 

,,ზოგადად, ყველა საქმემდე ბუნებრივად და "რბილად" მივდივარ ხოლმე. ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში სწავლის დროს მეგობრები ხშირად ვიკრიბებოდით და ერთმანეთს ინსულინის ნემსებით ვუკეთებდით ტატუს (ჯობს არ გაიმეოროთ). სწორედ მაშინ ვიგრძენი, როგორ მსიამოვნებდა ეს საქმე. ისე მოხდა, რომ მალევე ჩემმა დამ ტატუს აპარატიც მაჩუქა, რასაც მოჰყვა სწავლა, მეგობრების სხეულზე ხატვა და გაცნობიერება, რომ ეს არის შემოქმედებითი პროცესი, რომელიც მინდა უკეთ ვისწავლო.

როდესაც ადამიანი ტატუს გაკეთებას გადაწყვეტს და ამისთვის შენ გირჩევს, ნიშნავს, რომ გენდობა და მოსწონს შენი სტილი, რაც არტისტს, პასუხისმგებლობასთან ერთად შეუზღუდავი თავისუფლების განცდას ანიჭებს, რაც, ჩემთვის, ამ საქმის ყველაზე სასიამოვნო ნაწილია.  წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ხშირად იცვლება მუშაობის სტილი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს მაინც მსუბუქი პროცესია და ყოველთვის ნარჩუნდება რაღაც საერთო ხაზი, რომელიც თან სდევს ყველა ნამუშევარს, რომელსაც ვქმნი”.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი