ქართველმა მოდელმა ელენე იაკობაშვილმა Ray-Ban-ის ახალ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა. დიდი ხანია, რაც ელენე ადგილობრივ  სააგენტო Look Models-თან თანამშრომლობს, სწორედ ამ სააგენტოს შუამდგომლობით, 2022 წლის იანვარში იტალიაში, კერძოდ, მილანის ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან - Tank agency-ისთან გააფორმა კონტრაქტი. მანამდე ელენეს, ძირითადად, აზიაში ჰქონდა პროექტები. ეს მისი პირველი ევროპული გამოცდილება იყო და მალევე დიდი წარმატების დასაწყისიც გახდა. ერთმანეთს მოჰყვა სხვადასხვა შეთავაზებები, გადაღებები, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი მილანის მოდის კვირეულში მონაწილეობა იყო. 

 

 

იმ დღეს, როდესაც ქასტინგზე ისე მოხვდა, რომ  სრულებით არ იცოდა, Ray-Ban-ის ვიდეორგოლის შესარჩევ კონკურსში თუ მონაწილეობდა, ასე იხსენებს:


,,მოგვარგეს სათვალეები და სათითაოდ გადაგვიღეს ვიდეორგოლი, სადაც, მუსიკის ფონზე, რამდენიმე წუთის განმავლობაში საკუთარი თავი უნდა წარმოგვეჩინა. ჩვეულებრივ დავტოვე ქასტინგი, წავედი სახლში და დაახლოებით ერთ კვირაში მწერს ჩემი ლოკალური სააგენტო, რომ რეიბანმა დამამტკიცა ვიდეოგადაღებებზე. სრულიად მოულოდნელი იყო, მაგრამ მაშინვე გამახსენდა ის ქასთინგი, რომელზეც ისე ვიყავი მისული, რომ წარმოდგენა არ მქონდა, Ray-Ban-ს თუ ეხებოდა". 

 

ელენე იანვარში ისევ  მილანში ბრუნდება და მომავალში აქტიურად გეგმავს თავის კარიერის ევროპის ქვეყნებში გაგრძელებას. 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

ფოტო: Ray-Ban