3-იდან 7 ნოემბრის ჩათვლით Factory Tbilisi საერთაშორისო პროექტს - Culture Week Tbilisi-ს (თბილისის კულტურის კვირეული) უმასპინძლებს.


ყოფილი კოკა-კოლას ქარხანა, რომელიც დღეს თანამედროვე ხელოვნების სივრცედ არის გარდაქმნილი, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებას პირველად უმასპინძლებს. ხუთდღიანი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, პერფორმანსები, საჯარო დისკუსიები და სხვა სახის აქტივობები თბილისის სხვადასხვა ადგილას. 


კვირეული  უკრაინის მხარდასაჭერად შეიქმნა და ჯერ საქართველოში ტარდება, შემდეგ კი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში გადაინაცვლებს. პროექტის მთავარი მიზანი და იდეა ხელოვნების ენით მსოფლიოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბარია. სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ უკრაინელი არტისტებიც. 


ბევრ საინტერესო ღონისძიებას შორის ერთ-ერთი გამორჩეულია ოპერა - ,,Radio and Juliet”, რომელიც შექსპირის ცნობილი ნაწარმოების - „რომეო და ჯულიეტას“ თანამედროვე ადაპტაციაა და მუსიკალურად Radiohead-ის კომპოზიციებით იქნება გაფორმებული. ასევე, კვირეულის ფარგლებში გაიმართება ცნობილი უკრაინული ელექტროაკუსტიკული ჯგუფის, DZ’OB-ის კონცერტი. კონცერტზე ნიაზ დიასამიძის, როგორც სპეციალურად მოწვეული სტუმრის, და DZ’OB-ის ერთობლივი კომპოზიციები გაიჟღერებს. მოუსმენთ საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სოლისტები, ნინო ქათამაძე და ცნობილი  უკრაინელი მომღერალი Katya Chilly იქნებიან. გარდა ამისა, Factory Tbilisi-ის ტერიტორიაზე გაიხსნება უკრაინელი მხატვრების და არტისტების ექსპოზიციები.  ქართულ მხარეს, ხელოვნების ნაწილში, წარმოადგენენ ლევან სონღულაშვილის, სიმონ მაჩაბლის და ქართული ალტერნატიული ჯგუფის - Fungus-ის სოლო გამოფენები.

ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 50-ზე მეტი სტუმარი ეწვევა უცხოეთიდან. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან თბილისში ჩამოდიან პრესისა და ხელოვნების სფეროს გავლენიანი წარმომადგენლები (Forbes USA, The Guardian, Financial Times, New York Times, Vogue და ა.შ.). დეტალური ინფორმაცია და თქვენთვის საინტერესო ღონისძიებები შეგიძლიათ კვირეულის გვერდზე იხილოთ. 

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

 

ფოტო: Culture Week Tbilisi