ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პაველ პავლიკოვსკის ახალ ტრილერში, სახელწოდებით The Island ხუაკინ ფენიქსი და რუნი მარა მიიღებენ მონაწილეობას.  ფილმის სიუჟეტი რეალურ ისტორიას ეფუძნება - 1930-იანი წლების ამერიკელი წყვილის ამბავს, რომლებმაც ზურგი აქციეს ცივილიზაციას და თავიანთი საოცნებო ცხოვრების მოწყობა სრულიად იზოლირებულ კუნძულზე გადაწყვეტეს. საზოგადოებისგან და სიმდიდრისგან გაქცეული წყვილის ცხოვრებას ხელს უშლის, პრესისა და მდიდარი გრაფინიას გამოჩენა, რომელიც კუნძულზე მდიდრული კურორტის აშენებას გეგმავს. 

როგორც FilmNation-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გლენ ბასნერმა შეაფასა, „პავლიკოვსკი დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კინორეჟისორია. ეს რეალური - ეჭვიანობის, ღალატისა და მკვლელობის ამბავი კი, პაველისგან სწორედ ისეა გადმოცემული, რაც მაყურებელს სჭირდება იმისთვის, რომ კინოში დაბრუნდეს".

პოლონელმა რეჟისორმა პაველ პავლიკოვსკიმ, რომელიც თავად გახლავთ ფილმის სცენარის ავტორი, პირველი აღიარება 1990-იანი წლებიდან მოიპოვა დოკუმენტური ფილმებით. მისი მხატვრული ფილმი ,,იდა”  კი 2015 წელს ოსკარის გამარჯვებულიც გახდა უცხოური ფილმის კატეგორიაში. მას შემდეგ პავლიკოვსკი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და წარმატებულ რეჟისორად ითვლება. მისი ახალი ფილმის - The island-ის, გადაღებები, როგორც ცნობილი გახდა, მომდევნო წლისთვის არის დაგეგმილი. ფილმის სათაური ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი

 

ფოტო: Today, Vanityfair