მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტული ისტორიული შუქურები, რომლებმაც ათწლეულებისა და ზოგჯერ საუკუნეების განმავლობაში ნელ-ნელა თავიანთი დიდება დაკარგეს, რესტავრაციისა და საფუძვლიანი განახლების შემდეგ, გარდა მათი თავდაპირველი მისიისა, მულტიფუნქციური შენობები გახდნენ. ამ სტატიაში თანამედროვე, ბოლო პერიოდში დაპროექტებულ შუქურებს მიმოვიხილავთ და ძველ, მაგრამ განახლებულ ნაგებობებსაც გაგაცნობთ.
Enoshima Lighthouse 2003 წელს ძველი, დანგრეული შუქურას ადგილას აშენდა იაპონიაში, ენოშიმას პატარა კუნძულზე. მეტალისა და შუშისგან დამზადებული შუქურა არაჩვეულებრივი ხედითა და ფუნქციური ობსერვატორიით გამოირჩევა. შენობა წვრილი ნათურებითაა მორთული და შებინდებისას საოცარ სანახაობას ქმნის. ტურისტები ხშირად სტუმრობენ ენოშიმას კუნძულს, რადგან გარდა ობსერვატორიისა, შუქურა ულამაზეს, ეგზოტიკური მცენარეებითა და ყვავილებით დაფარულ ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს. არქიტექტურა შთამბეჭდავია იმითაც, რომ შუშის კედლებს მიღმა შუქურას ხვეული კიბე მოჩანს.
Santa maria lighthouse პორტუგალიაში მდებარეობს და ისიც იმ უძველეს ისტორიულ შუქურას მიეკუთვნება, რომელსაც ბოლო პერიოდში ჩატარებული სარესტავაციო სამუშაოების წყალობით, დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე შუქურას სახელი აქვს. 2007 წლიდან სანტა მარიას შუქურაში ფუნქციონირებს მუზეუმი და საგამოფენო სივრცე, რომელიც სწორედ პორტუგალიაში არსებული შუქურების შესახებ ინახავს უამრავ საინტერესო ინფორმაციას. შუქურა დაფარულია თეთრი და ლურჯი კრამიტით, ე.წ. Azulejo-თი, რომელიც მოჭიქული ფერადი კრამიტის ერთ-ერთი სახეობაა და ესპანეთსა და პორტუგალიაში იყენებენ.
50 მეტრის სიმაღლის Punta del Hidalgo Lighthouse კანარის კუნძულებზე მდებარეობს. თანამედროვე შუქურა სხვადასხვა ზომისა და სიმაღლის სვეტებისგან შედგება და უნიკალური კუთხოვანი დიზაინი აქვს. შუქურას მშენებლობა 1992 წელს დასრულდა და 1994 წლიდან ფუნქციურადაც გამოიყენება.
მასშტაბური, 60 მეტრის სიმაღლის Kaust lighthouse იშიფრება როგორც - The king abdulah university of science and technology. შუქურა სწორედ ამ უნივერსიტეტის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარეობს, ქალაქ ტუვალში, ნავსადგურის მახლობლად. შუქურა გამოირჩევა იმითაც, რომ გამოყენებული მასალებისა და „მოსიარულე ქარის“ ეფექტის წყალობით, შეუძლია შეინარჩუნოს ბუნებრივი სიგრილე მთელი დღის განმავლობაში. შუქურას ექვსკუთხა ბლოკებისგან შექმნილი დიზაინი ტრადიციული არაბული არქიტექტურითაა შთაგონებული.
Faro capo-spartivento იტალიაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. შუქურა 1854 წელს აიგო და მოგვიანებით, 1980-იან წლებში განახლდა. 2006 წლიდან კი სასტუმროდ იქცა და დღეს უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ ისტორიული შენობის კედლებში მოხვედრა.
Jeddah Light - საუდის არაბეთში, ჯედას საზღვაო პორტში მდებარეობს. შუქურა წარმოადგენს 131 მეტრი სიმაღლის ცილინდრულ კოშკს სფერული სადამკვირვებლო აივნიანი შენობით, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები. ჯედას შუქურა გამოირჩევა იმითაც, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შუქურაა.
სიცილიაში მდებარე Brucoli Lighthouse, რომელიც 1911 წელს აიგო, 2020 წელს განახლდა და პატარა სასტუმროს ფუნქციაც შეითავსა. პირველი სართული სამზარეულოს, მისაღებ ოთახსა და რამდენიმე საძინებელს მოიცავს. გარეთა კიბე კი სწორედ იმ პანორამულ ტერასაზე გადის, სადაც მთავარი შუქურა მდებარეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ განახლების დროს, ინტერიერის მოწყობისას, იატაკისა და კედლების გასაფორმებლად ადგილობრივი მასალები და ქვები გამოიყენეს.
Capel Rosso lighthouse, რომელიც იტალიაში, ჯილიოს კუნძულზე, ტირინეის ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, 1883 წელს აშენდა და 2016 წელს მიიღო ის ფორმა, როგორადაც დღეს ფუნქციონირებს. შუქურა 20 მეტრის სიმაღლის თეთრი კოშკისა და წითელ-თეთრ ზოლებში გადაწყვეტილი შენობისგან შედგება, რომელსაც სამხრეთით პატარა აივანი და რაც მთავარია, მანათობელი შუქურა ამშვენებს.
სავონა - ქალაქი და ნავსადგური ჩრდილოეთ იტალიაში, გენუის ყურის სანაპიროზე მდებარეობს. სწორედ სავონაში დგას Bergeggi lighthouse, რომელიც 2019 წლამდე სრულიად განადგურებული და მიტოვებული იყო. განახლებული შუქურას არქიტექტურა გამოირჩევა იმით, რომ სახურავი და კედლები ნატურალური ქვებითაა დაფარული, რომლებიც სხვადასხვა ზომისა და ასიმეტრიული განლაგების გამო, მონოლითურ არქიტექტურულ სტილს გვაგონებს.
Peggys Point Lighthouse კანადის პროვინციაში, ნოვა შოტლანდიაში მდებარეობს და თითქმის მთლიანად წყლითაა გარშემორტყმული. ის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული ტურისტული ადგილია და აღიარებულია, როგორც ყველაზე ცნობილი შუქურა მსოფლიოში.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი