Just Stop Oil -  გარემოსდაცვითი ორგანიზაციაა, რომელიც დიდ ბრიტანეთში 2022 წლის თებერვალში ჩამოყალიბდა და მალევე მოახერხა საზოგადოებისა და მედიების ყურადღების მიქცევა, მოთხოვნების პირდაპირი გაჟღერების, აქტიური ექსტრემალური ღონისძიებებისა და გახმაურებული საპროტესტო აქცია-პერფორმანსების დამსახურებით.


წიაღისეული საწვავის გამოყენების წინააღმდეგ გამართულმა ბრძოლამ პიკს სწორედ ორი კვირის წინ მიაღწია, როდესაც 21 წლის ფიბი პლამერმა და 20 წლის ანა ჰოლანდმა ლონდონის ეროვნულ გალერეაში ვან გოგის “მზესუმზირებს” პომიდვრის წვნიანი შეასხეს. Just Stop Oil (შეაჩერეთ ნავთობი) - ამ წარწერიანი მაისურებითა და მოწოდებებით ეკო-აქტივისტებმა გარემოს კრიზისის საკითხებზე ყურადღების გამახვილება და ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირებას მოთხოვნის გაჟღერება სცადეს.

 

 

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ბევრმა სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაიცნო ეს ორგანიზაცია, ისინი მანამდეც ხშირად მიმართავდნენ პროტესტის ამ, შეიძლება ითქვას, უკიდურეს ფორმას. ამ ინციდენტამდე ორი კვირის განმავლობაში მოძრაობა Just Stop Oil მჯდომარე საპროტესტო აქციებს ატარებდა გზებზე ლონდონის ცენტრში. ბოლო წლების განმავლობაში, მას შემდეგ, რაც განსაკუთრებით გამწვავდა და გამოაშკარავდა გლობალური დათბობისა და გარემოს დაბინძურების პრობლემები, ეკო-აქტივისტები და სხვადასხვა გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ პროტესტის ამ განწირულ და აგრესიულ ფორმას.

 

 

9 ოქტომბერს ავსტრალიაში აქტივისტებმა - Extinction Rebellion მინით დაცულ პიკასოს ნახატს - "ხოცვა კორეაში" წებოვანი ხელი მიადეს და გამოფინეს პოსტერი, წარწერით: "კლიმატური ქაოსი = ომი + შიმშილი". 30 მაისს პლანეტის დაცვის მოთხოვნით ლუვრში მონა ლიზას ტორტი ესროლეს. გუშინ კი, ნიდერლანდებში, Just stop oil-ის აქტივისტებმა კვლავ სცადეს ყურადღების ცენტში მოხვედრა და ამჯერად იან ვერმეერის ცნობილ ნახატზე ,,გოგონა მარგალიტის საყურით” სცადეს საკუთარი თავის მიწებება. 


რა უფრო მნიშვნელოვანია, ხელოვნება თუ სიცოცხლე? - განაცხადა გალერეაში ერთ-ერთმა აქტივისტმა, -  ნახატის დაცვა უფრო გადარდებთ თუ ჩვენი პლანეტისა და ხალხის? ცხოვრების გაძვირება ნავთობის გაძვირებით გამოწვეული კრიზისის ნაწილია. ნავთობი სიცივეში მცხოვრები მილიონობით მშიერი ოჯახისთვის ხელმიუწვდომელია. მათთვის წვნიანის ქილაც კი ხელმიუწვდომელია”. 

აქტივისტებს სწორედ იმის ჩვენება უნდოდათ, რომ არათუ ბუნება და ეკოლოგია, ხელოვნება და კულტურაც კი საფრთხეშია, რომლითაც ადამიანები სიამოვნებას იღებენ. აქტივისტების თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, “ტემპერატურის ექსტრემალური მატებით" გამოწვეულმა კლიმატის ცვლილებამ ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების განადგურება გამოიწვია, რაც საფრთხეს უქმნის კულტურულ ცენტრებსა და ხელოვნების გალერეებსაც.

საბოლოოდ, რთულია იმაზე ლაპარაკი, რაიმე კონკრეტული, თუნდაც მცირედი შედეგი თუ მოჰყვება მათ პროტესტს. არც იმაზე შეწყდება დავა და კამათი, რამდენად მისაღები ან გამართლებულია პროტესტის ეს ფორმა, თუმცა მათი ჩანაფიქრი, საზოგადოებაში გაეჩინათ კითხვა - რატომ არის ნახატზე თავდასხმა უფრო შემაშფოთებელი, ვიდრე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული პროტესტის მარცხი -  წარმატებით გამოუვიდათ. დანარჩენს კი, როგორც აქტივისტები გვაფრთხილებენ, დრო აუცილებლად გვიჩვენებს.

 

 

ავტორი: ხატია იათაშვილი