ანა გზირიშვილი ორ მუსიკოსთან ერთად Left Bank-ში ერთდღიან პერფორმანსს გამართავს. კვირას 15:00 საათზე მნახველი, ნამუშევრის ექსპერიმენტალური ფორმიდან გამომდინარე, ლოკალური სახელოვნებო სცენისთვის არადამახასიათებელი ღონისძიების მომსწრე იქნება. ახალი ინიციატივით, ღამის კლუბი უფრო მრავალმიზნობრივი ხდება, რაც შეხვედრის ადგილის დამაარსებლების საზიარო სურვილია. ანა Damp, Curled-ის ფარგლებში ფლეიტისტ გიგა ყაფლანიშვილსა და ქუჩის მომღერალ ევგენია გაბრიელიანთან (ლინასთან ან იგივე ანჯელინასთან) თანამშრომლობს, სადაც ხელოვანის მთავარი კვლევის საგნები ადგილობრივი გარემოს ქაოტური იმპულსები და ქუჩის მომღერლის, როგორც ჩვენს ყოველდღიურობაში მყოფი პერსონაჟის, არქეტიპია.
მთავარი ფიგურა დაღლილი ადამიანია, რომელიც მზის ჩასვლის სცენის საყურებლადაა მოსული. ის უმზერს ბანალურ ლამაზ კადრს და მძიმედ აღიქვავს სხვადასხვა საგნებითა თუ კონტექსტებით გადაჭედილ საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ასე შორს დგას დასავლური სწორხაზოვანი ესთეტიკისგან. ხელოვანის თქმით, რთული რეალობიდან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობას მარტივი და გასაგები რაღაცების ყურება ან განცდა სურს, მაგრამ რას ვშვებით მაშინ, როცა გარშემო ყველაფერი ქაოსურია? სიმბოლურ გამოსახულებებად ქცეული არქიტექტურა, ეროტიკული სურვილები, გახმაურებული მოვლენები, ხვალინდელი დღის იმედად გადადებული საქმეები, მეგობრული დიალოგები და ნორმატიული ქცევები კომპოზიციების ტექსტებში იყრის თავს, ხოლო პერფორმანსში მომღერლის როლი თითქოს ამ ყველაფერის შესრუტვა და საკუთარი ხმით ქალაქის ქუჩების არეკლვაა. არსებული სპეციფიკური გარემოცვის გამოყენებით, მასზე რეაგირებითა და წარმოსახვითი პერსონაჟებით, Damp, Curled მაყურებელს გულწრფელ სენტიმენტალურ განცდებზე ესაუბრება.
ავტორი საკუთარი პრაქტიკით მეტად მიმართულია პერფორმანსის ემოციურ მხარეზე, ვიდრე მის თეორიულ ნაწილზე, თუმცა აღნიშნული მიდგომა არ უგულველყოფს მის მიერ შერჩეული საკითხის სიღრმისეულ კვლევას. სიმღერის ტექსტების ქართულად წერისას, ენის სიხისტიდან გამომდინარე, ხელოვანისთვის კრიტიკულ გამოწვევას წარმოადგენდა კონტექსტსა და ჟღერადობაზე ერთდროულად მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ მუსიკოსებთან თანამშრომლობით ანას, როგორც მკითხველის, გამოსვლა ნამუშევარში აცოცხლებს ადგილობრივ გარემოში ჯერ კიდევ შესამჩნევ სპარსული კულტურის გავლენას, რაზეც ამბობენ, რომ წინადადებებს წარმოთქმის ნაცვლად მელექსეები მღეროდნენ.
საერთო დრამატურგია შემთხვევითი დამსწრის შთაბეჭდილებას ტოვებს. პერფორმანსი ფლეიტის ჟღერადობით კლუბის შიდა სივრცეში იხსნება, შემდეგ კი გამომსვლელების ეტაპობრივი მოძრაობით ცენტრალურ ეზოში სრულდება. მაყურებლები ორ ქართულ სიმღერას მოისმენენ, რომელიც ავტორმა კერძოდ Damp, Curled-ისთვის დაწერა. ასევე, რუსთაველისა და კოსტავას ქუჩებზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელების გამვლელებისთვის კარგად ნაცნობი კარაოკე მიკროფონით, საქართველოში იმიგრირებული ლინა საკუთარ რეპერტუარში სომხურ მელოდიურ კომპოზიციასაც ასრულებს, ხოლო კონსერვატორიის სტუდენტი გიგა ტრადიციულ ფოლკლორულ ინსტრუმენტზე დიდწილად იმპროვიზებულად უკრავს. მუსიკალური საკრავი საკუთარი ეთერული, სუფთა და პოეტური ჟღერადობით სხვადასხვა კულტურაში დასასრულს მოასწავებს, რაც შესაძლოა, დაისის მსგავსად მთავარ პერსონაჟს შვებასა და ახალ დასაწყისს პირდება.
ავტორი: მარი ყალაბეგაშვილი
დაწერე კომენტარი