არა ინტერნეტი. არა ტელეფონის სიგნალი. არა ელექტრონული რუკა. ასობით კილომეტრზე გადაჭიმული უდაბნო. ქარისგან თითქმის ბოლომდე წაშლილი ნაკვალევი. შიგადაშიგ, მოულოდნელად, ჩემს გადასარჩენად აქა-იქ აღმოცენებული ძველი ქარავანსარაი ან მიმოფანტული პატარა სოფლები, ტალახისგან შეტყეპნილი, ქვიშაზევე დადგმული ერთსართულიანი სახლებით. ამ სახლში ხალიჩაზე წამოწოლილი ფერადხალათიანი მგოსანი, რომელიც წელში გამოყვანილი გამჭვირვალე ჭიქიდან ჩაის ფინჯანზე აქცევს, შეათამაშებს, შაქრის გამჭვირვალე მოყვითალო კრისტალს კბილსა და ლოყას შორის მოხერხებულად მოაქცევს და ამასობაში გაგრილებულ სითხეს გემრიელად დაეწაფება. მერე ჩაის გვერდით გადადებს და საზ-ზე ლამაზ სპარსულ პოეზიას დაამღერებს.  

 

 

თუ ჯერ ვერ მიხვდით, ეს ირანია. ოღონდ ჩემს წარმოდგენაში აწყობილი. მომენტებში ახლო რეალობასთან, მაგრამ მაინც ისტორიის წიგნების და შაჰ-აბასის შემოსევების დონეზე დარჩენილი.

თეირანის საპროტესტო აქციებიც მინახავს ტელევიზორში, ბევრი იქაური აქტივისტი და უცხოელი მოგზაურიც მყავს გამოწერილი ინსტაგრამზე, მაგრამ იმის გამო, რომ ჩემი თავგადასავლების სამიზნე ნაკლებად პოპულარული მიმართულებები, სოფლები და ადამიანისგან მივიწყებული ადგილებია, ჩემმა ველურმა, ნაკლებ ინფორმირებულმა წარმოსახვამ იქამდე მიმიყვანა, რომ სპარსულის სწავლა ირანში გადარჩენისთვის აუცილებელ წინაპირობად ჩავთვალე.

 

 

ვერ ვიტყვი, რომ არ გამომადგა. თუმცა, ძალიან იშვიათ შემთხვევებში, როცა ტელეფონი მართლა არ იჭერდა. თან ძალიან ბედნიერი ვიყავი, ასოებს ციფრებისგან რომ ვარჩევდი და ადგილობრივებსაც ცამდე უხაროდათ (როგორც ყველას და ყველა სხვა ქვეყანაში) მათ ენაზე გამარჯობა/მადლობა/ნახვამდის-ზე ცოტა მეტი ძალისხმევა რომ მქონდა დახარჯული.

პირველი იმედგაცრუება მაშინ გამოვცადე, როცა ირაკლი, ჩემი სპარსულის მასწავლებელი, გამომიტყდა, რომ ირანში ქალაქები თანამედროვე ავტომაგისტრალით იყო დაკავშირებული, დიდი სოფლების უმრავლესობას ასფალტიანი გზა ჰქონდა, ხალხი მანქანებით, ავტობუსით და მატარებლით უპრობლემოდ გადაადგილდებოდა და აქლემები, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ ბალოჩის ტომებს ჰყავდათ შემორჩენილი, ტვირთის გადასატანად ან რთულ რელიეფზე სასიარულოდ.  

 

 

დაშთ-ე ლუტის უდაბნოშიც კი, რომელიც დედამიწის ზურგზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი და დიდი უდაბნოა (51,800 კვადრატული კილომეტრი. შედარებისთვის: საქართველო 69,700-ია) და მარსს უფრო ჰგავს, ვიდრე ამქვეყნიურ, ტურისტულ მიმართულებას, ასფალტიანი გზა გადის და გადაკარგვა თუ დააპირე, ძალიან უნდა მოინდომო.

 

 

თეირანში ჩასვლა მაინც მომიწია. ერთ-ერთი გზაჯვარედინი შუქნიშანზე ისე გადავკვეთე, დავრწმუნდი "სა-იქაოს" ჯერ კიდევ არავის ვჭირდები. ამ შოკიდან გამოსული ყავის სასიამოვნო სუნზე მაღაზიამ შემიტყუა, რომელიც თავიდანვე უცნაურად მეჩვენა. თეირანში ქუჩები თემატურ მწკრივებადაა დაყოფილი. მაგალითად, ერთ ქუჩაზე ათასობით ფერადი ბლოკნოტი და მისალოცი ბარათები იყიდება, მეორე ჩაყოლებაზე ფოტო და ვიდეოტექნიკა აქსესუარებით, სადაც - უკვე ხვდებით - სამზარეულოს ტექნიკას შემთხვევით თუ წააწყდებით, საბურავების ელიავა ცალკე აქვთ და ასე შემდეგ. ეს კონცეფცია ძალიან მომეწონა, მაგრამ ყავის საფქვავები ვერ ჩავსვი კონტექსტში და სწორადაც მოვიქეცი. გამყიდველის ძებნაში კიბეს ჩავყევი და თანამედროვე ყავის აპარატებიანი ბარისკენ მიმავალ გრძეეელ რიგში აღმოვჩნდი. ვაღიარებ, თვალებს ძლივს ვუჯერებდი.

 

 

კიდევ უფრო მეტად სიზმარში მეგონა თავი, პირსინგიანი გოგო რომ დავინახე. თან ერთი პირსინგით კი არა, წარბი, ცხვირი და ტუჩი ჰქონდა გახვრეტილი. მეგობრებთან ერთად იყო. მათგან ერთ-ერთ ბიჭს ხელზე უზარმაზარი ტატუ ეხატა. იმ მომენტში ძალიან შემრცხვა იმის გამო, რომ ქალაქში გასვლამდე ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციას, მომეხსნა თუ არა პირსინგი და დამემალა თუ არა ჩემი ტატუ. მიუხედავად იმისა, რომ ტურისტად ჩასულ გოგოს ხანდახან ისეთ რამესაც "ჰპატიობენ", რისთვისაც ადგილობრივებს ზუსტად ახლა, როცა ამას ვწერ, სიცოცხლის ფასად უწევთ ბრძოლა, გარისკვა მაინც არ მინდოდა.

 

 

საკუთარი თავის და წინასწარ შექმნილი ცრუ წარმოდგენების გამო, იმ ერთი თვის განმავლობაში კიდევ ბევრჯერ განვიცადე სირცხვილის გრძნობა. დიდხნიანი და შიშნარევი მოლოდინით ისე ვიყავი გაჯერებული, რომ ირანი ვერ შესწვდა ასე მაღლა აწეულ გამოცდის ჩემს ინდივიდუალურ ზღვარს. ადამიანებთან დაახლოებაც ვერ მოვახერხე ისე, როგორც მიჩვეული ვარ. რამდენიმე ძვირფასი ამხანაგი შევიძინე, მაგრამ უფრო მეტს ველოდი.

 

 

ორმოცამდე ქვეყანაში ვარ ნამყოფი, თუმცა არის ერთი რამ, რაც ამ მიწაზე ყველაზე მეტად შევიგრძენი და განვიცადე. ბედნიერების, მშვიდობის, სიყვარულის, სიკეთის კეთების, ამ ერთი ცხოვრებით დატკბობის სურვილი ერთნაირად გვამოძრავებს. განსხვავებული ენა, რელიგია, კულტურა და ტრადიციები არა თუ აცალკევებს, არამედ გაერთიანების უდიდესი ძალა გააჩნია. ცხადია, როცა სურვილი და მზაობა არსებობს. ამის საუკეთესო დასტური იქვე დამხვდა, ჩემი მოგონილი არ გეგონოთ. ზაგროსის მთებში კუჩის (Kooch) გამო ჩავედი. კუჩი აქაური მომთაბარე ტომების ტრადიციულ, სეზონურ მიგრაციას ჰქვია, როცა საქონელი ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებზე გადაჰყავთ და პირიქით. 

 

 

მე ქაშქაის ტომის ხალხთან ერთად მომიწია რამდენიმე დღის გატარება. ერთ მშვენიერ დილას, როცა მასპინძელმა ცხვარს დახედა და ოჯახთან ერთად საუზმის ხალიჩას მოუჯდა, სიმღერაც შემოსძახა. სიმღერის ტექსტიდან "გურჯისტან" (საქართველო) მომხვდა ყურში. ქაშქაის ხალხი თურქული წარმომავლობისაა და თუ სწორად ამიხსნეს, მათი დიალექტი ერთ-ერთი დამოუკიდებელი დიალექტია თურქულ ენათა ჯგუფში. ეს ეთნიკური ჯგუფი სამხრეთ ირანში, ფარსის პროვინციაში ცხოვრობს. სწორედ ზაგროსის ამ ნაწილში გადაიკვეთა ჩვენი გზები და კიდევ უფრო მეგობრული გახდა ის დრო, რომელიც საქონელთან ერთად დაბანაკებამდე ერთად უნდა გაგვევლო.  

 

 

აქ, გაშლილ მინდორში, ეგერ-აგერ ჯერ კიდევ თოვლით დაფარული მთების ძირში მეძინა სრულიად უცნობ ადამიანებთან ერთად. იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელზეც კარგი იშვიათად მსმენოდა. და ყველაზე შემაწუხებელი მაინც ვირის ყროყინი იყო გამთენიის ხანს.

 

 

ავტორი და ფოტოგრაფი: თაკო კობახიძე

 

 

 

რუბრიკის მხარდამჭერია The Body Shop