არქიტექტურული კომპანია ,,იდააფ არქიტექტორები”, რომელიც ინტერიერისა და ავეჯის დიზაინის სახელოსნოსაც მოიცავს, 2016 წელს დაარსდა თბილისში. გთავაზობთ ინტერვიუს კომპანიის ხელმძღვანელთან - ნანა ზაალიშვილთან, რომელიც სტუდიის ინოვაციურ იდეებზე, საინტერესო მიმართულებებზე, თავიანთ კონცეფციებსა და ახლებურ მიდგომებზე საუბრობს.
ქართველმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც არქიტექტურისა და დიზაინის სფეროს ადევნებს თვალ-ყურს ,,იდააფ არქიტექტორების” სახელით გაგიცნოთ. მოკლედ რომ მოგვიყვეთ, როგორ მიხვედით ამ სტუდიამდე, რა გზა გაიარეთ, სანამ კომპანიის იდეა გაჩნდებოდა. როგორ გაიხსენებდით თქვენი კარიერის პირველ წლებს?
არქიტექტურული განათლება თბილისში მივიღე, ბაკალავრიც და მაგისტრატურაც სამხატვრო აკადემიაში დავამთავრე. სწავლის პერიოდში არ ვფიქრობდი არქიტექტორობაზე, თუმცა ხშირად დავდიოდი ევროპაში სხვადასხვა კონკურსებსა და ვორქშოფებზე. მაგისტრატურის დასრულების შემდეგ გიორგი ხმალაძესთან ვმუშაობდი, მანამდეც მუდმივად მქონდა ჩემი ინდივიდუალური პატარ-პატარა პროექტები. შემდეგ კი, 2016 წელს, დავაარსეთ კომპანია ,,იდააფ არქიტექტორები”, რომელიც ამ წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა სტუდიად, სადაც იქმნება მრავალფეროვანი, საინტერესო და კვლევებზე დაფუძნებული განსხვავებული პროექტები.
ერთ-ერთ ინტერვიუში ახსენეთ, რომ სანამ ამ პროფესიას აირჩევდით, მანამდე ბევრ სხვა სახელოვნებო სფეროსთან გქონიათ გადაკვეთა. მუსიკა, ლიტერატურა, ხელოვნება... დღემდე ახდენს გავლენას ამ სფეროებში მიღებული ცოდნა და გამოცდილება იმაზე, რასაც ახალა ქმნით? ზოგადად, რა როლი აქვს ხელოვნების სხვადასხვა სფეროს არქიტექტურასა და ინტერიერის დიზაინში.
არქიტექტურა ისეთი დისციპლინაა, რომ ყველაფერს მოიცავს და რაც მეტი იცი სხვა სფეროებში, უფრო სრულყოფილ პროექტებს ქმნი. ამიტომ, გინდა თუ არა, მაინც მუდმივად გიწევს სხვადასხვა სფეროში ცოდნის გაღრმავება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სადღაც შეგაწუხებს ეს არცოდნა და რაღაც დაბრკოლებებს აუცილებლად გადააწყდები. მე სკოლის პარალელურად დავამთავრე მუსიკალური შვიდწლედი და ეს განათლება, ასევე ლიტერატურის დიდი სიყვარული და თავის დროზე დიპლომატობის სურვილის გამო, ენის სიღრმისეულად ცოდნა, მუდმივად მეხმარება იმ პროფესიაში, რომელიც საბოლოოდ ავირჩიე ჩემს საქმედ.
სახელოსნოში ავეჯსა და სხვადასხვა დეკორატიულ ნივთებსაც ქმნით. თქვენ თვითონ თუ ხართ ჩართული ამ პროცესში? თქვენი სტუდიის ძირითადი ფილოსოფია ტყეში გადატეხილი ხეების ან დაშლილი სახლების გამოყენებაა. ხის მასალის ძირითადი ნაწილი, რითაც ავეჯსა და დეკორატიულ ნივთებს ამზადებთ, თქვენ მიერაა მოპოვებული. ეს პრაქტიკა საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერჯერობით უცხო და იშვიათია. უფრო დეტალურად რომ გვითხრათ, როგორია ეს პროცესი.
ჩვენი სტუდია მუდმივად ქმნის ავეჯის და ნივთების დიზაინს, ძირითადად, ჩვენივე პროექტებისთვის. მასალად ვიყენებთ იმას, რაც საქართველოში მოიპოვება - ხე, ქვა, თიხა და ახლა დაგვემატა ალიზიც. ხეებიდან ძირითადად კაკალსა და მუხას ვიყენებთ. უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მასიურ ნაჭრებს, შეწებებულ ხეს თითქმის არასდროს. აღსანიშნავია ისიც, რომ ყველა მასალა, რასაც ვიყენებთ, საქართველოშია მოპოვებული და არცერთი მათგანი არ არის იმპორტული.
იქიდან გამომდინარე, რომ არ გვინდა ხეების მასიურ ექსპლუატაციაში ჩავებათ, მასალის მოპოვების ორი ძირითადი პრინციპი გვაქვს - ვიყენებთ ძველ, უნაყოფო ხეებს, რომლებსაც სოფლებში ადგილობრივები ხშირად ჭრიან. მეორე მეთოდი კი, დასავლეთში ძველი სახლების დაშლის შედეგად მორჩენილი მასალებია.
პროცესი ასეთია: ჩვენი ხის ხელოსნები ასრულებენ ძირითად სამუშაოებს და სასურველ ფორმას აძლევენ ხის ნაჭერს, შემდეგ კი დეტალურ სამუშაოებს, ზედაპირების დამუშავებასა და გასუფთავებას ჩვენივე ხელით ვაკეთებთ და საბოლოოდ თითოეული ნივთი ჩვენი სტუდიიდან გადის. ალიზის ავეჯისთვის დეტალებს მთლიანად ჩვენ ვამზადებთ.
ახალი ავეჯის შექმნა ყოველთვის ბუნებრივად, წინასწარ დაუგეგმავად ხდება. მუდმივად ვიხატავ და ვინიშნავ ახალ იდეებს, რომლებიც შეიძლება იმ მომენტში აღარ გამოვიყენო, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ რომელიმე პროექტისთვის ისევ მიუბრუნდე. უმეტესობა ჩვენი ავეჯის დიზაინისა არის კონკრეტული კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის გადააზრება და ფორმის მიცემა.
იმის შესახებაც მოგვიყევით, ახლა რა პროექტებზე მუშაობთ ან რას გეგმავთ სამომავლოდ.
ცოტა ხნის წინ დავასრულეთ მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც ძალიან დეტალურად ვიმუშავეთ და ახლა ველოდებით მშენებლობის დაწყებას. ასევე, ერთ-ერთი ბოლო პროექტი იყო კოჯრის ახალგაზრდული სოფელი, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით შესრულდა და სხვადასხვა ფუნქციის შენობებისგან შედგება - მედიათეკა, სპორტდარბაზი, კლუბი, ტექნიკური ლაბორატორია, ამფითეატრი, საცხოვრებელი კოტეჯები. ამ პროექტის განხორციელებასაც ველოდებით.
ბოლო თვეებია მცხეთაში ვმუშაობთ ინდივიდუალური სახლის არქიტექტურულ და ინტერიერის პროექტზე, რომელიც პარალელურად მშენებლობის პროცესშია. ცოტა ხნის წინ დასრულდა რამდენიმე ინდივიდუალური სახლის მშენებლობა და ინტერიერის დიზაინის რემონტები, რომელიც მალე გამოქვეყნდება ჩვენს ვებგვერდზე. ასევე ახლახან მოვიგეთ თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული სპორტული კომპლექსის კონკურსი. მუდმივად გვაქვს შეკვეთები ავეჯზე, რომელიც სულ წარმოების პროცესშია.
ამჟამად აქტიურად ვემზადებით გამოფენისთვის „ალიზი“, რომელიც 18 ნოემბერს გაიხსნება და წარმოდგენილი იქნება ამ ზაფხულს “იდააფ არქიტექტორების” ვორქშოფის შედეგების პრეზენტაცია.
რამდენადაც ვიცით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ხშირად გიწევთ მუშაობა, სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობა. ამ გამოცდილებაზეც გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილება.
ამჟამად, საქართველოს ფარგლებს გარეთ მხოლოდ ავეჯს ვაგზავნით, თუმცა წინა წლებში ბევრ საერთაშორისო კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა. ასევე ავეჯის გამოფენა მქონდა იტალიაში, (farm cultural park favara) გარე ავეჯი დავამზადეთ ბულგარეთში და ძირითადად ასეთი ტიპის გამოფენებზე გვიწვევენ.
განსაკუთრებით გაგვიხარდა, როდესაც წელს ლისაბონის არქიტექტურულ ტრიენალეზე მსოფლიოში 10 საუკეთესო დებიუტანტ არქიტექტორს შორის აგვარჩიეს, შესაბამისად გახსნის პირველ კვირას იქ მომიწია ყოფნა. მსგავსი გასვლები, კავშირები და საერთაშორისო გამოფენები, რა თქმა უნდა, საინტერესო და აუცილებელია კომპანიის განვითარებისთვის. რაც შეეხება არქიტექტურულ პროექტებს, მომდევნო წლიდან უფრო აქტიურად ვგეგმავთ ამ კუთხით საქართველოს საზღვრებს გარეთ მუშაობას.
თქვენი სახელოსნო ხშირად მასპინძლობს გამოფენებსა და ვორქშოფებსაც, ბოლო გამოფენა - ,,ალიზი / ლაზური”, რომელიც სხვადასხვა კვლევებისა და ვორქშოფების საფუძველზეა შექმნილი, განსაკუთრებით საინტერესოა. რამდენი ხანი მიმდინარეობდა ამ გამოფენისთვის მზადება და როგორი იყო კვლევის პროცესი. ასევე, სამომავლოდაც თუ გეგმავთ კიდევ რამეს.
2022 წლის თბილისის სახელოვნებო გამოფენაზე (Tbilisi Art Fair) “იდააფ არქიტექტორებმა” წარმოადგინა ექსპოზიცია ალიზი / ლაზური, რომელიც სტუდიის ბოლოდროინდელი კვლევების შედეგად შექმნა და ეფუძნება ქართული ფერადი მიწის ტიპოლოგიას, ლაზური სახლების არქიტექტურას და მათ ერთობლივ ესთეტიკას. წარმოდგენილი ექსპოზიცია არის პირველადი შედეგები 2022 წლის ივნისი-სექტემბრის პერიოდში “იდააფ არქიტექტორების” მიერ ჩატარებული ვორქშოფისა: „ალიზი - ახალი დიზაინი და თანამედროვე მშენებლობაში, გამოყენების პერსპექტივები“, რომელიც მოიცავდა საქართველოში ალიზით ნაშენები სახლების შესწავლას, ტრადიციული ალიზის აგურის დამზადებას და ამ მიღებული ინფორმაციებით განახლებული ალიზის შექმნას, რაც გამოვლინდა ფორმისა და ფერის ცვლილებაში.
ახალი ალიზის მზადებისას ქართლისა და კახეთის სოფლებში შესწავლილ იქნა ალიზით ნაშენი სახლები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოპოვებულ იქნა განსხვავებული ფერის და სტრუქტურის მიწები, რომლითაც შეიქმნა სხვადასხვა ფორმის ალიზის აგური როგორც სამშენებლო, ისე დეკორატიული გამოყენებისთვის. ლაზური სახლების შესწავლა განხორციელდა აჭარაში, ქედის სოფლებში, ჭინკაძეებსა და ზუნდაგაში. მათი სახასიათო არქიტექტურა, პროპორციები და მასალების შეთავსება გახდა ექსპოზიციის მთავარი იდეისა და დიზაინის განმსაზღვრელი.
ალიზის პროექტი იმიტომ დავიწყეთ, ძალიან გვაინტერესებდა ე.წ. Environmentally friendly (ეკოლოგიურად სუფთა) მშენებლობა. გამოვაცხადეთ საზაფხულო ვორქშოფი, რისთვისაც შეირჩა ოთხი მონაწილე. პროექტში ჩართულები იყვნენ დარგის სპეციალისტებიც, რომლებმაც კონკრეტული მიმართულებებით ჩაატარეს ლექციები და ამ ტიპის მშენებლობის ძირითადი პრინციპები ახსნეს.
ჩვენი საბოლოო მიზანი ახალი, ინოვაციური დიზაინის აგურის შექმნაა, რომელიც გამძლეა გარემო პირობების მიმართ და უპასუხებს თანამედროვე სამშენებლო გამოწვევებს და გლობალურ დათბობას.
საინტერესო იყოს ვორქშოპის მონაწილეებთან ერთად ფერადი მიწების მოპოვების პროცესიც, როდესაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩამოყალიბდა რამდენიმე საინტერესო ფორმა და ასე შეიქმნა ახალი დიზაინის ალიზის აგურები.
პროექტი სამი თვის განმავლობაში გრძელდებოდა. Tbilisi artfare-ზე მისი პირველადი შედეგები წარვადგინეთ, თუმცა 18-20 ნოემბერს გაიხსნება სრულყოფილი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება ამ პერიოდის განმავლობაში ჩატარებული კვლევებისა და სამუშაოების შედეგი.
ამ პროექტის მთავარი იდეა არის ის, რომ საქართველოში დაბრუნდეს ალიზით მშენებლობის ტრადიცია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიკარგა და ინდუსტრიალიზაციამ ჩაანაცვლა, რაც დღესდღეობით გლობალური დათბობისა და სხვა უამრავი ეკოლოგიური პრობლემის მიზეზი გახდა. ალიზით ნაშენი სახლები კი 90%-ით უფრო სუფთაა და ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს გარემოსთვის.
აღსანიშნავია, რომ ვორქშოფის განმავლობაში ინტერიერისთვის ალიზის დეკორატიული მოპირკეთების ფილებიც დავამზადეთ, რაც საკმაოდ ეფექტური გამოვიდა და მომდევნო წლიდან უკვე ინტერიერებშიც აქტიურად გამოვიყენებთ.
,,იდააფ არქიტექტორების” დაარსებიდან ექვს წელზე მეტი გავიდა. ამ დროის განმავლობაში ბევრ სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში გქონიათ პროექტები როგორც ურბანულ სივრცეში, ისე ქალაქისგან მოწყვეტილ ბუნებაში. თუ გეგულებათ ისეთი ადგილი საქართველოში, საითკენაც განსაკუთრებით მიგიწევთ გული, ისეთი სივრცე და ტერიტორია, სადაც სიამოვნებით და ორგანულად შექმნიდით თქვენს არქიტექტურულ ნაგებობებს.
ხშირად მიფიქრია ამ თემაზე. არის რამდენიმე ადგილი, სადაც სიამოვნებით გავაკეთებდი პროექტს. ხშირად დავდივარ და განსაკუთრებულად მიყვარს ლონდონი. კარგად ვიცნობ ამ ქალაქს და ამიტომ, ზუსტად ვიცი სად, რას და როგორ ავაშენებდი. ასევე, მეორე ქალაქი, რომელსაც სიამოვნებით ავირჩევდი, არის კიოტო, რადგან იქ მოგზაურობამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, მესხეთისკენ ყველაზე მეტად მიმიწევს გული. ასევე სიამოვნებით და აქტიურად ვმუშაობ კახეთში, უფრო კონკრეტულად კი თელავი და მისი მიმდებარე სოფლები მაინტერესებს.
როგორც ვიცით, გარდა არქიტექტურისა, სხვა პროექტებზეც მუშაობთ.
ძირითადად ისეთ ფოტოპროექტებზე ვმუშაობ ხოლმე, რომელიც არქიტექტურას ეხება. ერთ-ერთი მათგანია „ავტობუსის საბჭოთა გაჩერებები“, რომელიც წიგნადაც გამოიცა 2018 წელს და რამდენიმე გამოფენაც მოეწყო. ამ პროექტზე 2015 წლიდან ვმუშაობ და მთელი საქართველო მაქვს მოვლილი. გაჩერებების უმრავლესობა ფუნქციური აღარაა, ზოგი ბოლომდე განადგურდა, ზოგს კი კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამ პროექტზე მუშაობა ახლაც გრძელდება. ვისაც აინტერესებს ეს თემა, საიტზე არის დეტალურ ინფორმაცია.
ყოველთვის, როცა მორიგ არქიტექტურულ ნახაზს ქმნით, პარალელურად წარმოიდგენთ გონებაში როგორი შეიძლება იყო ამა თუ იმ შენობის ინტერიერი თუ ეს შთაგონება მერე, უკვე დასრულებული შენობების ნახვის შემდგომ მოდის.
ცალ-ცალკე ფიქრი არ მიყვარს, რადგან როდესაც არქიტექტურულ ნახაზს ქმნი, ხშირად ინტერიერიდან გამოდიხარ და მას ითვალისწინებ. ეს განსაკუთრებით ინდივიდუალურ სახლებს ეხება, ამ დროს გამორიცხულია გარე არქიტექტურაზე ისე იმუშაო, რომ შიდა სივრცეებზე არ იფიქრო. საჭიროა განსაზღვრო, საიდან შედის სინათლე და სხვა უამრავი წვრილმანი, რომლის დეტალური დაგეგმარება თავიდანვეა საჭირო. თითოეულ პროექტს, რასაც ხელს ვკიდებთ, ძალიან სიღრმისეულად და ინდივიდუალურად ვუდგებით და ამიტომ, ყოველთვის გვირჩევნია, რომ თავიდან ბოლომდე - არქიტექტურული ნახაზიდან, მცირე დეკორატიულ ნივთამდე - ჩვენ ვიყოთ ავტორი.
ჩვენს სტუდიას აქვს ამბიცია, რომ საკუთარი პროექტებით შექმნას ტერმინი „ქართული არქიტექტურა“ და საქართველო ამ მხრივ მსოფლიოს არქიტექტურულ რუკაზე მონიშნოს. ამისთვის ძალიან ბევრს ვშრომობთ და ეს პირველ რიგში ქართული არქიტექტურის კვლევაში გამოიხატება. შემდეგ მასალების კვლევასა და ჩვენი გადაწყვეტების მსოფლიო მიდგომებთან რელევანტურობაში. ვფიქრობთ, აქამდე საკმაოდ ბევრი ვიშრომეთ, მომავალშიც კიდევ ბევრი მოგვიწევს, მაგრამ ძალიან კარგ შედეგს მივაღწევთ.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი