ფან ჰომ, როგორც მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე სახელგანთქმულმა ქუჩის ფოტოგრაფმა, საყოველთაო პოპულარობა 50-60-იან წლებში ჰონგ კონის ქუჩებში აღბეჭდილი ფოტოსურათებით დაიმსახურა. მას შემდეგ ნახევარ საუკუნეზე მეტია გასული და დღემდე ითვლება, რომ ბევრი თანამედროვე ფოტოგრაფია მისი გავლენის ქვეშ. ჰო თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებდა როგორც სურათის მთავარ პერსონაჟებს, ისე უკანა პლანს - ყველა წვრილმანსა და შტრიხს, შორს, ერთი შეხედვით უმნიშვნელო გამვლელებსაც კი. კომპოზიციები თითქოს გეომეტრიული სიზუსტით არის შექმნილი, სინათლისა და ჩრდილების ზუსტი გამოყენება კი საბოლოო ჯამში, ცოცხალ ატმოსფეროს ქმნის.
წარმოშობით ჩინელმა ფან ჰომ ფოტოების გადააღება მას შემდეგ დაიწყო, რაც მე-14 დაბადების დღეზე მამამ ფოტოკამერა - Kodak Brownie box camera აჩუქა. ოთხი წლის შემდეგ მის ოჯახს ჩინეთიდან ჰონგ-კონგში მოუწია გადასახლება. სწორედ მაშინ იწყებს ჰონგ-კონგის ქუჩების აღბეჭდვას 18 წლის ჰო - უცხო გარემოში, უცხო ქალაქსა და ადამიანებში მოხვედრილი. ალბათ სწორედ ეს - იქაურობის გაცნობისა და დაკვირვების სურვილი გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი ფოტოგრაფობისა.
იმ წლების ჰონგ-კონგი განსაკუთრებით ცოცხალი და აქტიური იყო. ჰო თავის სურათებში ამ დატვირთულ და მღელვარე ყოველდღიურობას აღწერდა, მუდმივ მოძრაობაში მყოფ ქალაქს. დიდ სივრცეებსა და ქუჩებს, ამ ქუჩებში მიმოფანტულ ხალხს - ყველა მათგანს თავის საქმეში ჩაფლულსა და სადღაც მიმავალს. ქუჩებში მოთამაშე ბავშვებს, ბაზრობაზე გამოფენილ ადამიანებს, მუშებსა თუ უბრალოდ ქალაქში მოსეირნე ხალხს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჰო, გარდა ფოტოგრაფიისა, კინორეჟისორიც იყო, რაც დიდ გავლენას ახდენდა მის ფოტოებზეც. ყოველი მათგანის კომპოზიცია მართლაც მოგვაგონებს დროში გაყინულ, გაშეშებულ კინოკადრს, რომელშიც მიუხედავად ფოტოსურათის უმოძრაობისა, მაინც იკითხება მუდმივად მოქმედი, ცოცხალი და მეტყველი ამბები.
კარიერის განმავლობაში ფან ჰომ 280 ჯილდო მოიპოვა სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებში. მისი ერთ-ერთი გამორჩეული და ყველასათვის ცნობილი სურათი - ,,მომდგარი შუქი” 1954 წელს გადაიღო, როდესაც მოულოდნელად სთხოვა თავის ბიძაშვილს კედელთან დადგომა. დიაგონალური ჩრდილი, რომელიც ქალის მიმართულებით ვიწროვდება, სიმბოლურად გულისხმობს სურათზე გამოსახული ქალის ახალგაზრდობას, რომელსაც დროთა განმავლობაში დაჭკნობა უწერია. ფოტოსურათი 2015 წელს რეკორდულ თანხად გაიყიდა.
,,ვფიქრობ, რომ ტექნიკა ფოტოგრაფიაში ნაკლებ მნიშვნელოვანია, მეტად ღირებული შენი თვალები, გონება და გულია”, - ფან ჰოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამონათქვამია, სადაც ყველაზე უკეთ ჩანს, თუ რა პრინციპებით ხელმძღვანელობდა ფოტოგრაფი. სწორედ ამ მიდგომით, თავისი პროფესიის სიყვარულითა და გულით დანახული კადრების წყალობით, ჰან ფომ სამართლიანად დაიკავა ადგილი მსოფლიოს ყველაზე ძვირფას და დასაფასებელ ფოტოგრაფთა შორის.
ავტორი: ხატია იათაშვილი
დაწერე კომენტარი